რუსეთთან დასავლეთის დიალოგის გაგრძელების საკითხი გაურკვეველია. მოსკოვი ახლა უკვე არა ზეპირ, არამედ დაწერილ პასუხებს ელოდება იმ ულტიმატუმებზე, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეჩერებაა. ეს საკითხი პირდაპირ შეეხება საქართველოსა და უკრაინას.
შექმნილ ვითარებაში ანალიტიკოსები საქართველოს წინაშე ხედავენ როგორც საფრთხეებს, ასევე შესაძლებლობებსა და მეტი აქტიურობის აუცილებლობას, რომ ქვეყანამ შესაძლო შანსი არ დაკარგოს და თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.
- რა შეიძლება მიიღოს ან დაკარგოს საქართველომ შექმნილ რთულ ვითარებაში?
- საჭიროა თუ არა მეტი აქტიურობა?
17 იანვარს, დავით ზალკალიანისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრის შემდეგ, ბრიუსელში, პრესკონფერენცია არ იყო დაგეგმილი. ნატოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ ფოტომასალა იქნებოდა ხელმისაწვდომი.
ფოტოები გამოქვეყნდა, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებსაიტზე თუ სოციალურ ქსელებში ამ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებული ინფორმაცია ჯერ არ იძებნება.
შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან რადიო თავისუფლებამ დროულად ვერც მინისტრის კომენტარი მოიპოვა. ხოლო იმ ინფორმაციით, რაც ზალკალიანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ადგილზე მყოფ ჟურნალისტს გაუზიარა, „ყველა მოლოდინი“ გამართლდა და საქართველომ მიიღო, მათ შორის - ნატოს გენერალური მდივნის მხარდაჭერაც.
საქარველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით:
- „ნატოს წითელი ხაზები გადის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე“;
- „კიდევ ერთხელ მივიღე გარანტია, რომ ღია კარის პოლიტიკა იქნება მადრიდის სამიტის [29-30 ივნისი] დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“
- „მივიღე რწმუნება იმის შესახებ, რომ ჩვენ უნდა დავრჩეთ იმ დღის წესრიგში, რა დღის წესრიგიც იყო ინტეგრაციის გზაზე და ამაში გვაქვს ჩვენი ნატოელი პარტნიორების სრული მხარდაჭერა“.
ნახსენები "დღის წესრიგის" დეტალები მინისტრს "იმედის" ჟურნალისტთან აღარ დაუკონკრეტებია.
მანამდე, 17 იანვარს, პოლონეთის მისიის ინიციატივით, შედგა დავით ზალკალიანის შეხვედრა ნატოს ელჩებთან. ალიანსის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა საქართველოს მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის ულტიმატუმებზე ნატოს მიერ გაცემულ პასუხებთან დაკავშირებით და იმის შესახებაც - რომ საქართველოს მიმართ მიდგომა არ იცვლება.
„ჩვენი ნატოელი პარტნიორები მყარად რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება. არავის აქვს უფლება, რომ ესა თუ ის რეგიონი განიხილოს საკუთარი გავლენის სფეროდ და რომ ქვეყნის სუვერენული უფლება - აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსი ეს არის ის ფუნდამენტური უფლება, რომელიც ასევე არ გადაიხედება და ასევე წარმოადგენს წითელ ხაზს ჩვენი ნატოელი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ნატოს ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ.
ასევე ნახეთ დავით ზალკალიანი: არ იქნება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების არანაირი რევიზიაზალკალიანი ამბობს, რომ კმაყოფილია და რუსეთის მოთხოვნების ფონზე შექმნილი „ეს კრიზისული სიტუაცია“ უნდა გამოიყენოს საქართველომ „როგორც შესაძლებლობა“ და წავიდეს წინ, რათა „მიაღწიოს საბოლოო მიზანს - ნატოში გაწევრიანებას“.
მაგრამ რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? რა დაიგეგმა? შესთავაზა თუ არა საქართველომ რაიმე ახალი ინიციატივა პარტნიორებს? დეტალები დავით ზალკალიანს არ დაუკონკრეტებია.
ასევე ნახეთ "შეუსრულებლობისთვის განწირული" - ნატოს პასუხი რუსეთის მოთხოვნებზეანალიტიკოსების ნაწილი კი, სწორედ ახლა ხედავს ხელსაყრელ დროს, როცა საქართველო კონკრეტული ინიციატივებით უნდა გამოდიოდეს, ვინაიდან, როგორც ისინი მიუთითებენ, რუსეთის ულტიმატუმების ფონზე, გააქტიურდა მსჯელობა ნატოს გაფართოებისა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გარშემო - რომ საქართველო და უკრაინა ერთ დღეს გახდებიან ნატოს წევრები.
„აუცილებელია, რომ ეს მომენტი გამოვიყენოთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) საკითხის დღის წესრიგში დასაბრუნებლად. ძალიან პასიურები ვართ ამ მხრივ. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ორივე ქვეყანას შეეხება, მაგრამ ვხედავთ, რომ მხოლოდ უკრაინა აქტიურობს და საქართველო არ არის მასთან ერთად...
ტანდემში ამ საკითხის წამოწევას მეტი ძალა ექნებოდა... ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების თემაც კი დაბრუნდა დღის წესრიგში, რუსეთის შანტაჟის ფონზე. მათაც მოგვცეს კარგი მაგალითი, რომ - პრინციპული პოზიციის დასაფიქსირებლად სწორედ ახლაა კარგი დრო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე.
ასევე ნახეთ დასავლეთის რუსეთთან დიალოგის კვირა - რისთვის უნდა მოემზადოს საქართველო?აქტიურობისა და უფრო მკაფიო განცხადებების აუცილებლობაზე ლაპარაკობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომლის შეფასებითაც, „ნატოსთან მიმართებით საქართველოსთვის ფრონტის ხაზი უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადის“. მისი შეფასებით, საქართველოს აქტიურობის საჭიროება უსაფრთხოების მიზნებიდანაც გამომდინარეობს:
„ეს ჩვენც გვეხება. თუკი უკრაინაში რუსეთმა მიაღწია თავის გეოპოლიტიკურ მიზნებს [ე.წ. ახალი ტიპის საბჭოთა კავშირის აღდგენა], მეორე აუცილებლად საქართველო იქნება... ამ ორი ქვეყნის ბედი გეოპოლიტიკურად დიდი ხანია გადაჯაჭვულია... არ ვარგა პოზიცია - თვალში ნურავის გავეჩხირებით და თუ გაფართოვდა ნატო - შეიძლება ჩვენც შევძვრეთ და თუ ვერ შევძვრებით, დავრჩებით... ნათელი და მკაფიო უნდა იყოს ქვეყნის პოზიცია - რომ ეს ყველაფერი საქართველოსაც ეხება“.
"შესაძლებლობების ფანჯარა"
ბევრისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ კორნელი კაკაჩია არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მოქმედებებიდან გამომდინარე, გარკვეულ ეტაპზე, ნატომ სწრაფად შეცვალოს თავისი პოზიცია და დააჩქაროს უკრაინის ნატოში გაწევრიანება.
"და სად ვართ ამ დროს ჩვენ?!" - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ რასმუსენი: დროა ავამუშაოთ სამოქმედო გეგმა, საქართველოსთვის და უკრაინისთვის 2008 წელს ნატოსთან მიმართებით მიცემული პირობის შესასრულებლადსაუბარს ე.წ. შესაძლებლობების ფანჯრის გახსნასთან დაკავშირებით ილუზიად სულაც არ თვლის გიორგი მუჩაიძე და ამ კონტექსტში იხსენებს ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ინიციატივასაც, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების დაჩქარება შესაძლებელია.
„რასმუსენი არის ადამიანი, რომელმაც იცის ნატოს შიდა სამზარეულო და მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ხედავს ასეთ შესაძლებლობას“, - გვეუბნება მუჩაიძე.
ასევე, ის ამბობს, რომ საქართველომ ერთხელ უკვე გამოიყენა „შესაძლებლობების ფანჯარა“ და ეს სწორედ ნატოსთან მიმართებით, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მოხდა.
„მე ვიყავი მაშინ ბუქარესტში, იმ სამიტის დროს. სკეპტიკოსი ქვეყნები არ იყვნენ თანახმა და გასაგებია, რომ MAP-ი არ მოგვცეს; მაგრამ მიღებულ იქნა ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება სამომავლო გაწევრიანების შესახებ, რასაც საქართველომ დღემდე ვერ მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. ევროკავშირს დღემდე არ აქვს გაცხადებული მსგავსი თანხმობა საქართველოს გაწევრიანების შესახებ...
ნატოში ეს მოხერხდა დიდი წნეხით სკეპტიკოს ქვეყნებზე, მათ შორის გერმანიაზე. როცა აშშ-ის წნეხის მიუხედავად, MAP-ზე უარი ითქვა, რუმინეთმა, ლიტვამ და პოლონეთმა ძლიერი ზეწოლისა და მობილიზაციის ხარჯზე მიაღწიეს, რომ კომუნიკეში გაწევრიანების დაპირება ჩაწერილიყო... ეს რეალურია, მართლა იხსნება შესაძლებლობების ფანჯარა და თუ მოინდომებ, 100%-ით თუ ვერა, ნაწილობრივ მაინც გაიტან შენს ინტერესებს“, - გვეუბნება გიორგი მუჩაიძე.
ასევე ნახეთ ლავროვი საქართველოს რუსეთის მიერ კავკასიაში მხარდაჭერილ „3+3“-ის ფორმატში ჩართვისკენ მოუწოდებსსაქართველომ უკვე სცადა
მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთის ძალისმიერი მუქარების ფონზე, როცა პუტინი ყოვლისშემძლის იმიჯის შექმნას ცდილობს, საქართველოს მთავრობამ უნდა აუხსნას ქვეყნის მოსახლეობას, რომ ნატოში გაწევრიანება უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა, - ასეთია იმ ექსპერტების რეკომენდაცია, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა.
„რუსეთთან ძალიან ახლოს და კარგად ყოფნა შევარდნაძის დროს საქართველომ უკვე სცადა და სრულიად საპირისპირო მიიღო. საქართველო რუსეთის სამხედრო ალიანსის წევრიც იყო, მაგრამ ტერიტორიები მაინც წაგვართვეს. არაერთი ქვეყნის მაგალითი ადასტურებს ამას - უკრაინის, მოლდავეთის და სხვა. რუსეთს ყველაფერი სათავისოდ უნდა. ცუდად არის ისიც, ვინც ამჟამადაც რუსეთთან არის და ამაზე, მათ შორის - სომხეთის მაგალითიც მეტყველებს“, - ამბობს გიორგი მუჩაიძე.
ასევე ნახეთ ერთკვირიან დიპლომატიურ რინგზე რუსეთი ქულებით იმარჯვებსწინა კვირის უშედეგო მოლაპარაკებები ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში ისე დასრულდა, რომ რუსეთმა ბუნდოვნად დატოვა დიალოგის პროცესის გაგრძელების პერსპექტივაც.
უკრაინაზე რუსეთის ხელახალი თავდასხმის თავიდან ასაშორებლად ნატო რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას შეეცდება. თუმცა რუსეთის ელჩმა აშშ-ში, ანატოლი ანტონოვმა „ნიუსვიკს“ უთხრა, რომ დიალოგის გაგრძელება ბრიუსელისა და ვაშინგტონის პასუხებზე იქნება დამოკიდებული.
„ჩვენ მოველით წერილობით პასუხებს ვაშინგტონისგან და ბრიუსელისგან შეთანხმების ჩვენს პროექტებზე. ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი ერთობლივი შემდგომი მუშაობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ანტონოვი.
ნატო არ აპირებს წერილების მიწერას და არც იმას გეგმავს, რომ მთავარ საკითხებში დაუთმოს რუსეთს და ალიანსის გაფართოება შეუთანხმოს.
„ნატოს წევრები მზად არიან რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ არ წავლენ თავიანთ პრინციპებთან კომპრომისზე, ევროპის ცალკეული ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა გასულ კვირაში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.