სოცაგენტებისთვის შეთავაზებულ ანაზღაურებას ჯანდაცვის მინისტრი „ადეკვატურს“ უწოდებს

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტებისთვის შეთავაზებული ანაზღაურება ადეკვატურია. ამის თაობაზე მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა, როდესაც მას გაფიცული სოცაგენტების პრობლემების თაობაზე ჰკითხეს.

„სოციალურ აგენტებს რაც შეეხება, მათი ხელფასის განხილვა მიდიოდა რამდენიმე თვის განმავლობაში მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან და იმ სამუშაო დღიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ წინა კვირაში მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება და ზოგ შემთხვევაში 60%-იანი მატებაც არის ხელფასის და ხელფასის გარდა კიდევ, მათ შეუძლიათ გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი და ის შემოსავალიც თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე 6-დან 10 ლარამდე გავზარდეთ. მე გეტყვით რა არის მოცემულობა და აქედან გამომდინარე მიხვდებით ეს არის თუ არა ადეკვატური . ჯამურად, კომპენსაციის ჩართვით, შეუძლიათ თითქმის ორჯერ მეტი ხელფასი აიღონ, რაც არის ფიქსირებული იმასთან შედარებით, აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ დღევანდელი რეალობისთვის, მათი დატვირთულობიდან გამომდინარე ეს ხელფასი არის ადეკვატური“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

სოციალური აგენტებმა, რომლების ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ, ჯანდაცვის სამინისტოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელფასის 100%-იან ზრდას მოითხოვენ.

სოციალური აგენტები გამოეხმაურნენ მინისტრის განცხადებას და ამ განცხადებას უწოდეს "არაადეკვატური" ვინაიდან მათი თქმით, მინისტრს მათი საქმიანობის შესახებ არ აქვს გამოცდილება.

ასევე ნახეთ გაფიცული სოციალური აგენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. ორივე ტიპის ანაზღაურების გათვალისწინებით სოციალურ აგენტებს ჯამში თვეში 400 ლარამდე ოდენობის ანაზღაურება გამოსდით.

სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება. ხელფასი 60%-ით. ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.