კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოქვეყნებულ წიგნთან დაკავშირებით და მუზეუმს იმ შეცდომაზე მიუთითებს, რომელსაც ელენე ბაქრაძე (დარიანის) წიგნი მოიცავს. წიგნი 2021 წლის ბოლოს დაიბეჭდა, მისი პრეზენტაცია ლიტერატურის მუზეუმში 23 დეკემბერს გაიმართა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასში ელენე დარიანის სახელით ანა კალანდაძის ორი ლექსი მოხვდა, 2 იანვარს თავად ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ლაშა ბაქრაძემ გაავრცელა.
"ელენე ბაქრაძის (დარიანის) ჩანაწერების, მოგონებების, წერილების, დღიურების წიგნში უაღრესად სამწუხარო შეცდომა გაგვეპარა - ორი ლექსი, რომელიც ელენე ბაქრაძეს გადაწერილი ჰქონდა, მის ლექსებად მივიჩნიეთ და წიგნში გამოვაქვეყნეთ, არადა, ეს ლექსები ანა კალანდაძისაა. შეგვეშალა და ბოდიშს ვიხდით. ამ შეცდომის შესახებ ჩვენ გასულ წელს უკვე ვიცოდით, მაგრამ არ გვინდოდა შეცდომის აღიარება ჩაკარგულიყო ამ საახალწლო ეიფორიაში.
არანაირი ბოროტგანზრახვა, რასაკვირველია, აქ არ არის და არ შეიძლება, რომ ყოფილიყო.
მაგრამ, სამწუხაროდ, ლიტერატურის მუზეუმს ბევრი არაკეთილმოსნურნე აღმოაჩნდა, დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ელენეს კი ისედაც ჰყავს - რომლებმაც გაიხარეს ამ უნებლიე შეცდომით და მათთვის ჩვეული ზიზღისა და სიძულვილის ნთხევა დაიწყეს" - დაწერა ფეისბუქზე 2 იანვარს ლაშა ბაქრაძემ.
კულტურის სამინისტრო 17 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ 2021 წლის 31 დეკემბრიდან მათ არაერთმა "სამართლიანად არშფოთებულმა მოქალაქემ" მიმართა ამ წიგნისა და მასში დაშვებული შეცდომის შესახებ.
"ეს სამწუხარო ფაქტი, კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია და, ბუნებრივია, რომ მის გამომჟღავნებას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქმე გვაქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსთან, სიცოცხლეშივე პოეზიის დედოფლად აღიარებულ შემოქმედთან, ვისი ორი ლექსიც სხვა ავტორს მიაკუთვნეს.
ისიც არ არის შემთხვევითი, რომ აუცილებელ რეაგირებას ლიტერატურის მუზეუმის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უწყებისგან, კულტურის სამინისტროსგან მოითხოვენ.
წიგნის შემდგენელია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი - დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე.
რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა.
რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია" - წერია სამინისტროს განცხადებაში. უწყება მიიჩნევს, რომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს.
სამინისტრო ლიტერატურის მუზეუმისგან მოითხოვს შეწყდეს აღნიშნული გამოცემის გავრცელება და უკან დაიბრუნოს გაყიდული ეგზეპლარები, იმ პირებს კი, ვინც სამინისტრომ შეცდომის შესახებ დროულად შეატყობინა, მადლობას უხდის.
ლაშა ბაქრაძემ, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კვირის ბოლომდე COVID-19-ით ინფიცირების გამო სამინისტროსთან შეხვედრას ვერ შეძლებს, თუმცა დღის განმავლობაში მის პოზიციას ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ფეისბუქზე გამოაქვეყნებს.
ელენე ბაქრაძის შესახებ წიგნი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროგრამა „შემოქმედებითი თბილისის“ და პროექტ „თბილისი - წიგნის დედაქალაქის“ ფარგლებში არის გამოცემული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
ასევე ნახეთ კულტურის სამინისტრო: ხელოვნების მუზეუმში რეორგანიზაცია დასრულდა