ივანე მრისხანის დაბრუნება  

ზუსტად 475 წლის წინ, 1547 წლის 16 იანვარს, მოსკოვის კრემლის მიძინების ტაძარში მეფედ აკურთხეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის დიდი მთავარი ივანე ვასილის ძე, ვისაც წლების შემდეგ ისტორიკოსებმა ივანე მრისხანე უწოდეს. კურთხების ცერემონია მიტროპოლიტმა მაკარმა შეასრულა, მანვე გადასცა მონარქს სამეფო ღირსების ნიშნები - ხის მაცოცხლებელი ჯვარი, ბარმა, მონომახის ქუდი და მანვე წაცხო მირონი „ღვთისგან გამორჩეულ მონარქს“.

ივანე მრისხანე ყველაზე დიდხანს მართავდა რუსეთს. ფორმალურად ის ძალაუფლების სათავეში იდგა 3 წლის ასაკიდან სიკვდილამდე, ანუ მთელი 50 წლის განმავლობაში, ხოლო როგორც ავტოკრატი, მართავდა 37 წელი. ამ მაჩვენებლით ივანე მრისხანე უსწრებს სტალინსაც, რომელიც პარტიას 31 წელი, საბჭოთა კავშირს კი 23 წელი ედგა სათავეში და ვლადიმირ პუტინსაც, რომელიც 2000 წლიდან ხელმძღვანელობს რუსეთს.

ქალაქ ორიოლში ივანე მრისხანისათვის დადგმული ძეგლის ფრაგმენტი. 2016 წ.

ალბათ, შემთხვევით არც ის არის, რომ იოსებ სტალინი დიდად აფასებდა თავის შორეულ წინამორბედს და არც ის, რომ ვლადიმირ პუტინიც მონდომებით ასუფთავებს ივანე მრისხანის ბიოგრაფიას საჩოთირო დეტალებისგან, რომ არაფერი ვთქვათ იმ ძეგლზე, რომელიც ივანე მრისხანეს პუტინის რუსეთში დაუდგეს.

ივანე მრისხანე თანამედროვე რუსეთში

დღევანდელ რუსეთში ამაყობდნენ იმით, რაც ივანე მრისხანემ გააკეთა „რუსეთის მიწების შეგროვების“ თვალსაზრისით. სწორედ მან დაიპყრო ყაზანის, ასტრახანისა და ციმბირის სახანოები, მან შემოიერთა ბაშკირეთი და ნოღაის ურდოს ტერიტორიის ნაწილი, რითაც „წმინდა რუსეთის“ ფართობი თითქმის გააორმაგა, თუმცა, ცხადია, ივანე მრისხანის მმართველობა მხოლოდ გამარჯვებების ისტორია არ ყოფილა, თუნდაც ლივონის ომში დამარცხება და თათრების მიერ მოსკოვის გადაწვა რად ღირს, რომ არაფერი ვთქვათ ძალაუფლების პათოლოგიურ გამოყენებასა და არნახულ სისასტიკეზე, რასაც სრულიად უდანაშაულო ადამიანებიც ეწირებოდნენ. რუსი ისტორიკოსის, ევგენი ანისიმოვის თქმით, არ არსებობს ცოდვა თუ დანაშაული, რომელიც ივანე მრისხანეს არ ჩაუდენია.

ივანე მრისხანის ძეგლი, ქალაქი ორიოლი

„ივანე მრისხანე იყო ნამდვილი მოძალადე და სადისტი, თუმცა ამავდროულად ის არ იყო შეშლილი, მან მშვენივრად იცოდა რას აკეთებდა, - განაცხადა ისტორიკოსმა 2016 წელს, როცა ქალაქ ორიოლში ივანე მრისხანის ძეგლი გახსნეს, - ივანე მრისხანემ ყოველგვარი მოტივაციის გარეშე გაანადგურა საკუთარი ხალხი. სწორედ ამის თაობაზე შენიშნა კარამზინმა, გამაოგნებელია ხალხი, ვინც ამგვარ ტერორსა და ძალადობას წინააღმდეგობა არ გაუწიაო“.

ეს ხალხი, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში, დიდად არ შეცვლილა. „ლევადა ცენტრის“ სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ქალაქ ორიოლში ივანე მრისხანის ძეგლის დადგმას რუსეთის მოსახლეობის 53%-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ივანე მრისხანის ძეგლი ორიოლში

„გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ ივანე მრისხანემ რუსებს უფრო მეტი სიკეთე მოუტანა, ვიდრე ავნო (პირიქით ფიქრობს 13%). რუსები ივანე მრისხანეს პირველ რიგში იცნობენ როგორც "პირველ რუს მეფეს" (66%), "საკუთარი შვილის მკვლელს" (35%) და "დაუნდობელ ტირანს" (20%)“, - ასეთი იყო სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები ძეგლის აღმართვიდან ერთი თვის თავზე.

ორიოლის ოლქის მაშინდელმა გუბერნატორმა, ვადიმ პოტომსკიმ, რომელიც ივანე მრისხანის ძეგლის გახსნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო, განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმაც ისევე აიძულა მთელი მსოფლიო, პატივი სცეს რუსეთს, როგორც ამას თავის დროზე ივანე მრისხანე აკეთებდაო.

ვლადიმირ პუტინი: „არ მოუკლავს, არ დაუხრჩვია“

ვლადიმირ პუტინისა და ივანე მრისხანის მმართველობას ერთმანეთთან მხოლოდ რუსი სახელმწიფო მოხელეები როდი აკავშირებენ. მტრის ხატის შექმნა, ქვეყნის ჩაკეტვა-იზოლაცია, მცაცრი ცენზურის დაწესება და უშიშროების სამსახურების დახმარებით საკუთარი მოსახლეობის ტერორი - ივანე მრისხანის მმართველობის ეს მოდელი გადმოტანილი აქვს რუს მწერალს ვლადიმირ სოროკინს თავის რომანში „ოპრიჩნიკის დღე“, რომელშიც მოქმედება ხდება თანამედროვე რუსეთში, სადაც ევროპასთან აშენებულია გამყოფი კედელი, იდევნებიან განსხვავებულად მოაზროვნეები, რომლებსაც ოპრიჩნიკები, სახელმწიფოსა და ეკლესიის სახელით, სახლებს უწვავენ და ა.შ.

ვლადიმირ სოროკინი

„რუსეთის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მისი ძალაუფლების კონსტრუქცია კვლავინდებურად პირამიდის მსგავსადაა მოწყობილი. აი, როგორც ჩაუყარა საფუძველი ივანე მრისხანემ, ისევე დარჩა, არაფერი შეცვლილა. სწორედ აქედან მომდინარეობს ყველა პრობლემა: ხალხი ქვევითაა, მმართველი - ზევით და სადღაც მათ შორის კი - ოპრიჩნიკები. მოკლედ, ყველაფერი ძველებურადაა“, - უთხრა ვლადიმირ სოროკინმა რადიო თავისუფლებას „ოპრიჩნიკის დღის“ ქართული თარგმანის თბილისში წარდგენისას.

რუსეთში დღეს ბევრი ამტკიცებს, რომ ივანე მრისხანის მმართველობა და ბიოგრაფია ხელოვნურად არის „გაშავებული“, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მტრებმა მოიგონეს და შეთითხნეს. 2017 წლის 14 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ისტორიის დამახინჯება რუსეთთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა და ამის ნიმუშად დაასახელა „ცნობილი ლეგენდა“ ივანე მრისხანის მიერ შვილის მკვლელობის შესახებ.

ვლადიმირ პუტინი

„ჯერ კიდევ უცნობია, მოკლა თუ არა მან თავისი შვილი. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ საერთოდ არც არავინ მოუკლავს, რომ ეს ყველაფერი გამოიგონა პაპის ნუნციამ, რომელიც მოსალაპარაკებლად ეწვია მეფეს და ცდილობდა მართლმადიდებელი რუსეთის კათოლიკურ რუსეთად გადაქცევას, მაგრამ როცა ივან ვასილის ძემ ამაზე უარი უთხრა და ცნობილ მისამართზე გაგზავნა, გაჩნდა ყველანაირი ლეგენდა... ამის შემდეგ შექმნეს მისგან ივანე მრისხანე, ამგვარი სუპერსასტიკი კაცი“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

კადრი ფილმიდან "ივანე მრისხანე"

თუმცა, როგორც ისტორიკოსმა ნიკიტა პეტროვმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს უთხრა, არ არსებობს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ ივანე მრისხანის მიერ ჩადენილ ყველაზე ცნობილ მკვლელობაში:

„ამის დამადასტურებელი ბევრი ისტორიული წყარო არსებობს. უბრალოდ ასეთი დამოკიდებულება ინერგება, რომ ეჭვი უნდა შევიტანოთ ყველაფერში, რაც, ამა თუ იმ ხარისხით, ჩრდილს აყენებს რუსეთის ისტორიას ან წარმოაჩენს ამ ისტორიას არახელსაყრელი კუთხით“.

ისტორიკოს ლევ ლურიეს თქმით, ივანე მრისხანემ თავისი უფროსი ვაჟი ბანალური ჩხუბის დროს, წინასწარი განზრახვის გარეშე მოკლა.

„მეფე განრისხდა შვილის ფეხმძიმე ცოლზე, როცა ბოლომდე ჩაუცმელი ქალი მისსავე ოთახში ნახა. დაუწყო ცემა. ვაჟმა ცოლის დაცვა სცადა. ივანემ თავში კვერთხის ძლიერი დარტყმით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შვილს, რომელიც მალევე გარდაიცვალა, ნაცემ ქალს კი მუცელი მოწყდა“.

"ივანე მრისხანე და მისი ვაჟი ივანე 1581 შ. 16 ნოემბერი". მხ. ილია რეპინი

თანამედროვე რუსეთში ასევე ეჭვის ქვეშ აყენებენ ივანე მრისხანის ე.წ. სადამსჯელო რაზმებისა და სპეცსამსახურის ნაზავის - ოპრიჩნიკების სისასტიკესაც.

ივანე მრისხანემ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ნაწილი თავის პირად საკუთრებად გამოაცხადა და მას ოპრიჩნინა ეწოდა. ოპრიჩნინაში მცხოვრებ ბოიარებს ჩამოართვა მიწები და დაურიგა მეფის სანდო პირებს - ოპრიჩნიკებს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ მეფის მოწინააღმდეგეებს. გამორჩეულად სასტიკი იყო ოპრიჩნიკების მეთაური გრიგორი სკურატოვ-ველსკი, მეტსახელად მალიუტა, რომელმაც მეფისთვის გაწეული ურჩობისთვის საკუთარი ხელებით დაახრჩო მოსკოვის მიტროპოლიტი ფილიპე, თუმცა 2021 წლის 30 აგვისტოს ტვერის მხარეში ყოფნისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამ „ისტორიული ფაქტის“ სისწორეშიც შეიტანა ეჭვი.

ივანე მრისხანის ძეგლი ჩებოქსარში

„არის განსხვავბეული ვერსიაც, - თქვა პუტინმა, - ეს ვერსია მარტივია: მალიუტა სკურატოვს არ მოუკლავს პატრიარქი და საერთოდ იმ დროს ტვერში არ ყოფილა. თუ იყო, გვერდი აუარა“.

სტალინი და ივანე მრისხანე

ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საკუთარი ხალხის მიმართ გამოჩენილი სისასტიკის მასშტაბითა და კატასტროფული შედეგებით, ივანე მრისხანე უფრო ახლოს დგას იოსებ სტალინთან, ვიდრე - ვლადიმირ პუტინთან.

იოსებ სტალინი

„ახლა წერენ, რომ ივანე მრისხანემ გააძლიერა სახელმწიფოებრიობა. რომელი სახელმწიფოებრიობა?! Რაზეა საუბარი? სრულიად გაკოტრებული იყო, ისევე როგორც სტალინი 1941 წელს. მერე აღმოჩნდა, რომ სტალინი გამარჯვებულია. Როგორ მოხდა ეს? იმ რუსი ხალხის წყალობით, რომელიც ყველაფერს უძლებს და იტანს, - განაცხადა ისტორიკოსმა, ევგენი ანისიმოვმა ივანე მრისხანისათვის ძეგლის დადგმის თაობაზე გაჩაღებული დისკუსიის დროს, - ივანე მრისხანის ამბავი ხშირად მეორდება. როდესაც უუნარო მმართველი ფონს გადის იმით, რომ ყველაფრის მომთმენი ხალხი მასაც უძლებს და მტერზეც იმარჯვებს. რუსეთის ისტორიაში გარდამტეხმა მომენტებმა - არეულობის ჟამმა, 1812 წლის სამამულო ომმა, დიდმა სამამულო ომმა - კარგად აჩვენა, რომ როგორც კი ხელისუფლებას ცუდად მიუდის საქმე, მაშინვე იწყებს ხალხთან ლაპარაკს, ჩვენო ძმებო და ჩვენო დებოო. ალექსანდრე I-მა იმ ხალხს უწოდა ერი, რომლის ნახევარი მონა იყო“.

კადრი სერგეი ეიზენშტეინის ფილმიდან "ივანე მრისხანე"

ცნობილია, როგორი აზრისა იყო სტალინი ივანე მრისხანეზე და რა რეაქცია ჰქონდა მას სერგეი ეიზენშტეინის მიერ გადაღებული ფილმის, „ივანე მრისხანის“ მეორე სერიაზე. შემორჩენილია სტალინისა და ეიზენშტეინის საუბარის სტენოგრამა, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა ბელადმა რეჟისორი ისტორიის დამახინჯების გამო დატუქსა:

„ოპრიჩნინა არასწორად გამოხატეთ. კუკლუქსკლანს დაამსგავსეთ. მეფე თქვენთან გაუბედავია, ჰამლეტს ჰგავს, არადა, ივანე მრისხანე ბრძენი იყო - ეროვნული ხედვა ჰქონდა; უცხოელებს ქვეყანაში არ უშვებდა და ამით უცხოური გავლენისგან იცავდა სამშობლოს... ისტორიული ფიგურები ზუსტად უნდა გამოხატოთ. მაგალითად, პირველ სერიაში არასწორია სცენა, რომელშიც ივანე დიდხანს კოცნის თავის ცოლს. იმხანად ეს მიუღებელი იყო... ივანე მრისხანე ძალიან სასტიკი იყო. მისი სისასტიკის ჩვენება შეიძლება, მაგრამ ისიც უნდა აჩვენოთ, თუ რატომ იყო ასეთი სასტიკი“.

ფრაგმენტი ნახატისა "ივანე მრისხანე და მალიუტა სკურატოვი"

სტალინს არ მოსწონდა ფილმში ნაჩვენები არც მეფე და არც ოპრიჩნინისთვის მიკუთვნებული როლი რუსეთის ისტორიაში, მას მიაჩნდა, რომ „მალიუტა სკურატოვი დიდი მხედართმთავარი“, „ოპრიჩინინა - პროგრესული არმია“, ხოლო „ივანე მრისხანე - ბრძენი და დიდებული მმართველი“ იყო.

ივანე მრისხანის სხვა ძეგლი

ივანე მრისხანე 53 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. ისტორიკოს ლევ ლურიეს თქმით, არსებობს რამდენიმე ვერსია, მათ შორის, გაგუდვისა და მოწამვლის ვერსიები, რომლებშიც ივანე მრისხანის უახლოესი გარემოცვის წევრები - ბორის გოდუნოვი და ბოგდან ბელსკი მონაწილეობენ (გოდუნოვი იყო ივანე მრისხანის მარჯვენა ხელის, მალიუტა სკურატოვის დის ქმარი, ბელსკი - ძმისშვილი).

ინგლისელი დიპლომატი ჯერომ ჰორსეი (Jerome Horsey), რომელიც იმხანად მოსკოვში იმყოფებოდა, ასე აღწერს ივანე მრისხანის უკანასკნელ დღეს:

„1584 წლის 18 მარტს ივანე მრისხანემ (რომელიც მძიმედ ავად იყო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი - უკანასკნელი სამი კვირა) გადაწყვიტა, წასულიყო აბანოში, სადაც სამი საათი დაჰყო. აბაზანის შემდეგ, რადგან თავი ბევრად უკეთ იგრძნო, გადაწყვიტა ჭადრაკი ეთამაშა. დააწყო ფიგურები, თუმცა თამაშის დაწყება ვერ მოასწრო, ცუდად გახდა და გარდაიცვალა“.

ივანე მრისხანე

ინგლისელი დიპლომატი ჯერომ ჰორსეი (Jerome Horsey), რომელიც იმხანად მოსკოვში იმყოფებოდა, ასე აღწერს ივანე მრისხანის უკანასკნელ დღეს:

როგორც ინგლისელი დიპლომატი წერს, მომაკვდავი მეფის გვერდით სწორედაც რომ ბელსკი და გოდუნოვი ფაციფუცობდნენ. ლევ ლურიეს თქმით, ბოგდან ბელსკი იყო ბისექსუალი მეფის ან საყვარელი, ან პირადი მცველი, რომელიც ღამეც კი ივანე მრისხანის ოთახში რჩებოდა. მკვლელობის ყველა ვერსიაში მკვლელად ბელსკი სახელდება. მეფის გარდაცვალებითაც ყველაზე მეტად ამ ორმა ადამიანმა იხეირა: გოდუნოვი ჭკუასუსტი უფლისწულის, თეოდორეს რეგენტი გახდა, ბელსკი უშედეგოდ ცდილობდა უფლისწულ დიმიტრის ტახტზე აყვანას, თუმცა ბოლოს ყაზანის ვოევოდობას დასჯერდა.

საგულისხმოა, რომ, გარდაცვალებამდე ბევრად ადრეც, ივანე მრისხანე საშინელ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა: 53 წლის გამოიყურებოდა, როგორც გახრწნილი, გასიებული გვამი, რომელსაც მოძრაობა უჭირდა და, რომელიც საშინლად ყარდა.

კადრი სერგეი ეიზენშტეინის ფილმიდან "ივანე მრისხანე"

1963 წელს, კრემლის მთავარანგელოზის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების დროს, გაიხსნა რამდენიმე საფლავი, მათ შორის, ივანე მრისხანისაც. ნეშტები შეისწავლა ანთროპოლოგთა ჯგუფმა აკადემიკოს მიხაილ გერასიმოვის ხელმძღვანელობით. ძვლებზე ნანახი იქნა წანაზარდები - ასაკისთვის შეუფერებლად დიდი ოსტეოფიტები, რომელთა გამო ნებისმიერი მოძრაობა ტანჯვის მომტანი იქნებოდა. თანამედროვე ენაზე ამგვარ პათოლოგიას ბეხტერევ-შტრუმპელ-მარის დაავადებას უწოდებენ და მისი მთავარი შედეგი ხერხემლის გაძვლოვანებაა.

რუსეთის რევოლუციამდელ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრდა თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც, ივანე მრისხანე გარდაიცვალა ავადმყოფობით ან დაავადებებით, რომლებიც გამოწვეული იყო მისი ცხოვრების წესით. კერძოდ, სახელდებოდა თავშეუკავებლობა ყველაფერში: ჭამაში, სმაში, სექსუალურ ცხოვრებაში და ა.შ. უკეთ რომ ითქვას, ივანე მრისხანის ავადმყოფობა იყო ამაზრზენი გარყვნილებისა და მხეცობის შედეგი.

ლევ ლურიე

„ისტორიკოსებსაც და თანამედროვეებსაც ივანე მრისხანის სიძულვილის არაერთი მიზეზი ჰქონდათ. ეს იყო ერთგვარი ჩიკატილო ტახტზე, საშინელი სადისტი, რომელიც სიამოვნებას იღებდა ადამიანთა ტანჯვით. მისი მეფობის შედეგები ყველა გაგებით კატასტროფული იყო. თათრებმა მოსკოვი 200 წლის განმავლობაში პირველად გადაწვეს. დამარცხდა ლივონის ომში, რაც ნამდვილი საგარეო-პოლიტიკური ტრაგედია იყო. შეიძლება საუბარი მის სიკვდილზე, როგორც ღვთის სამსჯავროზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ღვთაებრივი განაჩენი გამოტანილი იქნა ან ავადმყოფობით, ან ვინმეს ადამიანური ნებით“, - ამბობს რუსი ისტორიკოსი ლევ ლურიე.

როგორც ჩანს, მის ამ მოსაზრებას ჯერ კიდევ იზიარებს რუსეთის საზოგადოების ერთი ნაწილი, რაზეც მეტყველებს კრასნოიარსკის მხარის ქალაქ კანსკში ადგილობრივი მხატვრის, ვლადისლავ გულტიაევის მიერ ივანე მრისხანის ალტერნატიული ძეგლის - მიწიდან ამოშვერილი სისხლიანი ძელის - დადგმა.

ხის სისხლიანი ძელი - ივანე მრისხანის ალტერნატიული ძეგლი

მხატვარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ძელმა უნდა გაახსენოს საზოგადოებას დრო, „როდესაც უმიზეზოდ და გასართობად კლავდნენ“ და რომ „ეს დრო არცთუ ისე შორეულია“.

ვლადისლავ გულტიაევმა ასევე აღნიშნა, რომ ისეთი ისტორიული ფიგურების ძეგლების აღმართვა, როგორებიც ივანე მრისხანე და სტალინი არიან, რეპრესიების, წამებისა და სიკვდილით დასჯის მდუმარე მხარდაჭერაა.