აშშ: აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთი შესაძლო პროვოკაციას ამზადებს

უკრაინის არმიის პოზიცია ჰორლივკასთან აღმოსავლეთ უკრაინაში

აშშ ფლობს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ამზადებს პროვოკაციას ოპერატიული საქმიანობისთვის სპეციალურად გაწვრთნილი სამხედროებით, რათა შექმნას საბაბი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის. ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-მა პარასკევს გაავრცელა ცნობა. ცოტა მოგვიანებით ეს ინფორმაცია ბრიფინგზე ჯენ საკიმ, თეთრი სახლი პრესმდივანმა დაადასტურა.


მისი თქმით, ვაშინგტონს მოეპოვება მტკიცებულება, რომ რუსეთის მიერ ქალაქის პირობებში საბრძოლო მოქმედებებისათვის სპეციალურად გაწვრთნილი მებრძოლები, რომლებიც ასევე ფლობენ ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების ხელოვნებას, ამზადებენ პროვოკაციებს დონბასში მოქმედი პრორუსული ძალების წინააღმდეგ.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული დაზვერვის თანახმად, პროვოკაციები შესაძლოა დაიწყოს სამხედრო მოქმედების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. თავად რუსეთის სამხედრო შეჭრა სავარაუდოდ უახლოეს თვეშია მოსალოდნელი.

CNN-ის ცნობამდე, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურები ამზადებენ პროვოკაციას, რათა სარმა გამოკრან უკრაინის ხელისუფლებას. უკრაინის დაზვერვა მოლდოვაში მყოფი რუსეთის სამხედროების წინააღმდეგ მიმართული შესაძლო პროვოკაციების თაობაზეც ფლობს ინფორმაციას.

წინა დღით გამართულ ბრიფინგზე, ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ასევე მიანიშნა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი სამხედრო პროვოკაციის შესახებ. „ჩვენი დაზვერვა სწავლობს ინფორმაციას იმაზე, რომ რუსეთის ამზადებს საფუძველს, რათა შეიქმნას ყალბი საბაბი უკრაინაში შეჭრისთვის“, - განაცხადა სალივანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი სცენარი 2014 წელს უკვე შეინიშნებოდა.

რუსეთი კვლავინდებურად უარყოფს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის სამზადისს და კოლექტიური დასავლეთისკენ წერილობით ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს. მოსკოვს სურს, რომ ნატომ და აშშ-მა უარი თქვან ალიანსის რიგებში ახალი წევრების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე, შეწყვიტოს მათთან სამხედრო ურთიერთობა და გაიყვანოს 1997 წლის შემდეგ ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში შეყვანილი დამატებითი სამხედრო ძალა და ტექნიკა, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის უშიშროებას.

14 იანვარს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოქვეყნებული წინადადებებზე პასუხს დასავლელი პარტნიორებისგან მოსკოვს ერთი კვირის განმავლობაში დაელოდება.