საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 60 753 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 5 567 შემთხვევა. 1 661-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან 3 479 თბილისშია.
14 იანვრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 9.16%;
- ბოლო 7 დღის - 9.84%;
- ბოლო 14 დღის - 9.14%.
საქართველოში ბოლო ოთხი დღეა ისევ 5000-ს აჭარბებს კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური, ტესტირებით დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. ბოლოს, დღიურად 5000-ზე მეტი შემთხვევა 2021 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში იყო. საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანახმად, კორონავირუსის ამჟამინდელ ცირკულაციაში "ომიკრონის" წილი სულ მცირე 45%-ია და კვირის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 60%-მდე გაიზრდება. პროგნოზის საფუძველია "ომიკრონის" ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევების ანალიზი.
„ომიკრონ“ შტამს „ლუგარის ლაბორატორიაში“ სეკვენირებით და სპეციფიკური ტესტით ადგენენ, არსებული რესურსიდან გამომდინარე კი, ინფიცირების ყველა შემთხვევის გადამოწება ვერ ხერხდება. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ლაბორატორიაში შერჩევით იგზავნება საეჭვო შემთხვევების დაახლოებით 20%. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, უკვე იმდენად მაღალია საეჭვო შემთხვევების რაოდენობა, რომ ლაბორატორიულად საერთო დიაგნოსტირებულებში 60%-ს გასცდა. 14 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია "ომიკრონის" 1 096 შემთხვევა.