რუსეთთან მოლაპარაკებების მესამე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა
მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი, რომელიც მიმდინარე კვირისთვის მესამე იყო და მიზნად ისახავდა უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდით გამოწვეული დაძაბულობის განმუხტვას, უშედეგოდ დასრულდა.
ვენაში, ეუთოს შეხვედრაზე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ორგანიზაციაში, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა თქვა, რომ „თუ მოსკოვი გონივრულ ვადებში არ მიიღებს კონსტრუქციულ პასუხს მის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე, ხოლო რუსეთის მიმართ გაგრძელდება მოქმედების აგრესიული ხაზი“, მაშინ რუსეთი იძულებული გახდება გააკეთოს შესაბამის დასკვნა. მისი თქმით, მოსკოვი მიიღებს ყველა ზომას სტრატეგიული ბალანსის უზრუნველსაყოფად და „ეროვნული უსაფრთხოებისათვის მიუღებელი მუქარების აღმოსაფხვრელად“.
სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ვენაში გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ელჩმა ეუთოში, მაიკლ კარპენტერმა თქვა, რომ დასავლეთი უნდა მოემზადოს მოსალოდნელი ესკალაციისთვის მოსკოვთან მიმართებით. „ომის მუქარა ხმამაღლა ჟღერს და რიტორიკაც უკვე საკმაოდ გამძაფრდა“, - ასე შეაფასა მან მოსკოვის მხრიდან წამოსული გზავნილები.
შეხვედრაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა ეუთოს 57 წევრი, რომ ევროპა ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე ახლოსაა ომთან. მას ამ კონტექსტში რუსეთი არ უხსენებია, თუმცა ახსენა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, სადაც ტერიტორიულ კონფლიქტებში რუსეთის ხელი ურევია.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.
ასევე ნახე:
- რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ევროკავშირმა კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა
- კრემლის თანახმად პუტინისთვის სანქციების დაწესება რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას გამოიწვევს
ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში უკუსვლაა - HUMAN RIGHTS WATCH-ი 2021 წელს აჯამებს
უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია “HUMAN RIGHTS WATCH”-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების უფლებების მიმართულებით 2021 წელი შეაჯამა. ანგარიშში, სადაც საქართველოს 7 გვერდი ეთმობა, ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოში ადამიანების უფლებების დაცვის თვალსაზრისით უკუსვლა იყო.
ანგარიში ნოემბრის ჩათვლით მოვლენებს აერთიანებს და მასში ასახული არ არის წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების გადაწყვეტილება, თუმცა ხაზგასმულია ის, რომ არაეფექტიანად მიმდინარეობს პოლიციელებისა და ციხეების თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების საეჭვო ფაქტების გამოძიება.
„ადამიანის უფლებები საქართველოში რამდენიმე მიმართულებით გაუარესდა 2021 წელს მმართველი პარტიისა და დომინანტური ოპოზიციური პარტიების დაპირისპირების ფონზე. სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მათი ანგარიშვალდებულება ძალიან სუსტი იყო. ასევე შეშფოთების საფუძველს იძლეოდა პოლიციის უხეში ჩარევა თავისუფალი შეკრების უფლების რეალიზებაში, თავდასხმები თავისუფალ მედიაზე და ძალადობა ჟურნალისტებზე, ძალადობის ფაქტები ლგბტ პირებზე და გამოწვევები შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. აგვისტოში, ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ დააკმაყოფილა ის პირობები, რომელიც მას 75 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების მიღების საშუალებას აძლევდა - ფინანსური დახმარების მიღების წინაპირობა სასამართლოს რეფორმირება იყო”, - ეს არის გასული წლის მოკლე შეჯამება, რომელიც თემატურ განხილვამდე არის მოცემული ანგარიშში საქართველოს შესახებ.
ბავშვთა უფლებები, გამოუძიებელი დანაშაულები, სუს-ის ფაილები და სხვა: კიდევ რა მოხვდა HUMAN RIGHTS WATCH-ის ანგარიშში, წაიკითხე ნასტასია არაბულის სტატიაში.
პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ვეტო არ გამოიყენა
13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არ გამოიყენა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და არ დაადო ვეტო "სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ" კანონს, რომლითაც ეს სამსახური უქმდება და თანამდებობას ტოვებენ ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები.
"ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას. სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის", - წერია განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას არ აქვს პასუხი, რატომ არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო იმ კანონის პარლამენტში დასაბრუნებლად, რომელიც მისთვისაც მიუღებელი იყო. ასე გამოეხმაურა თოლორაია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ხელი მოეწერა კანონისთვის, რომელიც ინსპექტორის სამსახურს აუქმებს.
"ძალიან რთულია ამ ქვეყანაში ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რაოდენ რთულია სწორი პოზიციის დაკავება სწორ დროს, თუმცა ხელის მოწერას მოჰყვა მისი ასევე მწვავე განცხადება, რომელშიც საუბარია არაერთ პრობლემაზე, რომელზეც მე ვსაუბრობდი და მასაც აქვს დანახული”, - თქვა მან.
ეპიდემიური მდგომარეობა საქართველოში
საქართველოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა უკვე გასცდა 1000-ს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, აქედან 16%-ს ვირუსი მეორედ შეხვდა. მისი თქმით, ლაბორატორიები ლუგარის ცენტრში ბევრ საეჭვო შემთხვევას აგზავნიან ახალ შტამზე გადასამოწმებლად.
„ლაბორატორიებს მივეცით მითითება, რომ საეჭვო შემთხვევები შერჩევითად გამოგზავნონ. საეჭვო შემთხვევების დაახლოებით 10%-დან 20%-მდე აგზავნიან. უკვე იმდენად მაღალია საეჭვო შემთხვევების რაოდენობა, რომ ლაბორატორიულად საერთო დიაგნოსტირებულებში უკვე 60%-ს ასცილდა. მოგეხსენებათ, ეს სეკვენირება და „ომიკრონსპეციფიური“ PSR-ტესტები არ არის იმდენი რაოდენობით, რომ ყველა ლაბორატორიულად დადასტურდეს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ შერჩევითად ხდება დაახლოებით 20%-ის გამოგზავნა”, - თქვა მან.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.
ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ორი კურატორი გაათავისუფლეს
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან, რომელიც 2021 წლის ზაფხულიდან "მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზეა" გადაყვანილი, დირექტორმა, ნიკა ახალბედაშვილმა ორი ფონდის კურატორი, ნინო ხუნდაძე და ნინო ჩიხლაძე გაათავისუფლა. როგორც ნინო ხუნდაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მათ გათავისუფლების ბრძანება დოკუმენტის სახით არ გადასცემიათ, გადაწყვეტილების შესახებ მუზეუმის თანამშრომლებს დირექტორმა პირადად, სიტყვიერად გუშინ ამცნო, შესაბამისად, დეტალების თქმა, რომელი რიცხვიდან ან რა მიზეზით არიან გათავისუფლებულები, არ შეუძლია.
ხელოვნებათმცოდნე ნინო ხუნდაძე მუზეუმში ფერწერისა და გრაფიკის ფონდების კურატორი იყო. ორივე ფონდი ათასობით ნამუშევარს აერთიანებს. ნიკა ახალბედაშვილის გადაწყვეტილებით, ფერწერისა და გრაფიკის ფონდი მისი გათავისუფლების შემდეგ ქანდაკების ფონდის კურატორის მეთვალყურეობაში გადავა.
ხელოვნებათმცოდნე ნინო ჩიხლაძე, მონუმენტური მხატვრობის ფონდის კურატორია. მისი ფონდი ნინოს გათავისუფლების შემდეგ ოქროს ფონდთან ერთიანდება, ამ ფონდების ხელმძღვანელი გია მარსაგიშვილი იქნება.
ყაზახეთის ყოფილი უშიშროების მინისტრი ძალადობის გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებაშია ეჭვმიტანილი
ყაზახეთის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტმა გამოძიება დაიწყო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაზე, რაშიც უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, ქვეყნის ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი, ქარიმ მასიმოვია ეჭვმიტანილი. 6 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ეროვნული უშიშროების კომიტეტის გავლენიანი ხელმძღვანელი. 8 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ მასიმოვს სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი.
მასიმოვი, რომელსაც ორჯერ ეკავა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი, 6 იანვარს დააკავეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომა დატოვა. თუმცა არ გავრცელებულა ცნობა, თუ რაში ედებოდა მას ბრალი.
ყაზახეთის უშიშროების სამინისტროს 13 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ გრძელდება გამოძიება სახელმწიფო ღალატის საქმეზე. უწყების ცნობითვე, ამ საქმის ფარგლებში დამატებით მიმდინარეობს წინასასამართლო გამოძიება ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალადობრივი ფაქტებისა და თანამდებობრივი მდგომარეობის გადამეტების შესახებ.
„ჩვ.წ.“ - როგორ დაუკავშირდა ახალი წელთაღრიცხვა ქრისტეს
14 იანვარს, საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება, რასაც დასავლეთ საქართველოში კალანდას უწოდებენ. დროის ათვლის ერთ-ერთი სისტემით ქრისტეშობიდან 2022 წელი სწორედ ახლა, შუა იანვარში დგება.
როგორ გაიყო წელთაღრიცხვა ქრისტემდე და ქრისტეს შემდგომ ეპოქებად, ამის თაობაზე რადიო თავისუფლება ისტორიკოსებსა და თეოლოგებს ესაუბრა.
ქრისტიანული სამყაროს ერთი ნაწილი ქრისტეს დაბადებას 25 დეკემბერს ზეიმობს, მეორე - შვიდ იანვარს. სინამდვილეში იესო ქრისტეს დაბადების არც თარიღი და არც წელი ცნობილი არ არის. დღეები, როდესაც ჩვენ ძველი თუ ახალი სტილით ქრისტეშობას აღვნიშნავთ, სულ სხვა მიზეზების გამო შეირჩა. ჩვენი წელთაღრიცხვის შემოღების ისტორიაც უფრო აღდგომას უკავშირდება, ვიდრე შობას.
„იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში“, - ასე იწყებს იაკობ ცურტაველი იმ ამბის მოყოლას, რომელიც ქრისტეშობიდან მე-5 საუკუნეში მოხდა. ამ დროს წლებს ჯერ კიდევ ამა თუ იმ მონარქის გამეფების პერიოდიდან ითვლიდნენ. ბერი იაკობიც ათვლის წერტილად წარმართ სპარსთა მეფეს იყენებს და არა ქრისტეს, რომელსაც თავად ემსახურება.
მაგრამ სულ სხვანაირად მოიქცა სკვითი ბერი დიონისე მცირე. მას უბრალოდ აღარ მოუნდა აღდგომის გამოსათვლელ კალენდარში რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მოხსენიება და გადაწყვიტა, ქრისტეს დაბადების თარიღი გამოეთვალა.
წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.
CSTO-ს ჯარები ყაზახეთს ტოვებენ.