სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ ელექტრო მოწყობილობებს ყიდულობს. ამისთვის უწყება ტენდერს აცხადებს, რომლის ღირებულებად 101 616 ლარია მითითებული.
შესყიდვის კატეგორიას, რომლითაც ტენდერია გამოცხადებული, "ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა" ჰქვია. შესყიდვების საიტზე უწყება არ აკონკრეტებს, რა ტექნიკური საშუალებების ყიდვა სურს.
"აღნიშნული ელექტრონული პროცედურა არ წარმოადგენს ელექტრონულ ტენდერს. მითითებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება პირობითია და არ უკავშირდება რეალურ ფასს (რეალური ფასი დაზუსტდება დაინტერესებული პირის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, რომელიც დაინტერესებულ პირს გადაეცემა საიდუმლო წესით), პროცედურით ვლინდება დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი, რომელთანაც საიდუმლო გრიფით გაფორმდება ხელშეკრულება", - ვკითხულობთ შესყიდვების სამსახურის ვებგვერდზე.
რადიო თავისუფლებას შეკითხვაზე, არის თუ არა ეს მოწყობილობები ფარული მიყურადებისთვის საჭირო ტექნიკა, სუს-ის პრესსამსახურში უპასუხეს, რომ შესყიდვებთან დაკავშირებულ ინფორმაციას მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესით, ანუ ოფიციალური მიმართვით, 10 სამუშაო დღის ვადაში გასცემენ. ინფორმაცია ოფიციალური სახით გამოთხოვილია და მიღების შემთხვევაში მასალაში აისახება.
კომპანიამ, რომელიც ტენდერში გადაწყვეტს მონაწილეობას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკურ დეპარტამენტს 14 იანვრის ჩათვლით წერილობით უნდა მიმართოს.