აშშ-ის სენატორებმა ჯო ბაიდენს მოსთხოვეს, წინ აღუდგეს ვლადიმირ პუტინის ქმედებებს უკრაინის მიმართ

აშშ-ის სენატორებმა, რომლებიც ნატოს სამეთვალყურეო ჯგუფის წევრები არიან, სენატორ მარკო რუბიოს ხელმძღვანელობით წერილი გაუგზავნეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელშიც მოუწოდებენ მას, მიმდინარე კვირის დიპლომატიური მოლაპარაკებები აშშ-მა გამოიყენოს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში კვლავ შეჭრაში და მკაფიოდ ამცნოს მას, რომ აშშ არ დათანხმდება პუტინის მოთხოვნებს, ჩაერიოს ნატოში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს მოკავშირეებთან, რათა კოორდინირებული და არაორაზროვანი პასუხი გაეცეს პუტინის სახიფათო მანევრირებას და მოვითხოვთ, რომ ადმინისტრაციამ და მისმა მოკავშირეებმა კვლავაც ცალსახად უკუაგდონ პუტინის სამხედრო მუქარები და პროვოკაციები ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ,“ წერენ სენატორები. „აუცილებელია, შეერთებულმა შტატებმა აჩვენოს ჩვენი სიმტკიცე და უარი თქვას პუტინის მიუღებელი მოთხოვნების სიის დაკმაყოფილებაზე.“

ამავე დროს სენატორებმა გააჟღერეს ორივე პარტიის მხარდაჭერა რიგი ზომებისადმი, რომლებიც მოწოდებული იქნება იმისთვის, რომ „გაზარდოს დახმარება უკრაინისთვის, წინ აღუდგეს პუტინის რევიზიონისტულ დღის წესრიგს და გააძლიეროს ჩვენი აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეებისადმი დახმარება.“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დასავლეთისგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით და არ მოიცავს ყოფილ საბჭოთა რესპუბკლიკებს.

ამის თაობაზე სენატორები წერენ: „ეს მოთხოვნები არის არა უსაფრთხოების გარანტიები, არამედ მცდელობა, აღადგინოს რუსეთის გავლენის სფერო ევროპაში, სადაც კრემლი თავისუფლად შეძლებს ისეთი ქვეყნების დაძალებასა და დაშინებას, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და რუმინეთი, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები გახდნენ.“