ალმათიში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში თითქმის 1700 ადამიანი დააკავეს საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის. ამოღებულია 36 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ათას ხუთასამდე ვაზნა. ამის შესახებ ქალაქის კომენდატურა იტყობინება.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ქალაქში ჯერაც დაკეტილია აეროპორტი. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ალმათიდან რეგულარული რეისები 14 იანვარს აღდგება, ჯერჯერობით არ დასტურდება. 11 იანვარს აღდგა საერთაშორისო ავიამიმოსვლა ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან.
ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო გათხევადებული გაზის ფასების გაორმაგების გამო. მოგვიანებით მომიტინგეთა ლოზუნგებმა პოლიტიკური ხასიათი შეიძინა. სამი დღის შემდეგ ხელისუფლებამ საგანგებო ვითარება გამოაცხადა. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა დაითხოვა მთავრობა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი.
7 იანვარს ყაზახეთში გაიგზავნა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ჯარები, რომელთა ძირითად ნაწილს რუსეთის სამხედროები შეადგენენ. ხელისუფლების თანახმად, ვითარება სტაბილიზებულია. ორგანიზაციის კონტინგენტის გაყვანა 13 იანვარს დაიწყება და 10 დღეზე მეტ ხანს არ გასტანს.