ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მეხუთე ჯერზეც ვერ აირჩიეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა, წინა ოთხის მსგავსად, ისევ გადაიდო. დეპუტატებმა ვერც ამჯერად შეძლეს საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და კომისიის ხელმძღვანელების არჩევა.

სხდომის ჩაშლის მიზეზი კვორუმის არქონა იყო, რადგან 45-წევრიან საკრებულოში არ გამოცხადდა 24 წევრი. ადგილზე იმყოფებოდა პარტია “საქართველოსთვის” 3-ვე წევრი, “ქართული ოცნების” 20-დან 18 წარმომადგენელი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 22 დეპუტატიდან კი არცერთი არ მივიდა.

ზუგდიდის საკრებულოს 12:00 საათზე დანიშნული სხდომა თავდაპირველად ერთი საათით გადაიდო. როგორც საკრებულოს უხუცესმა წევრმა კონსტანტინე უბერმა განაცხადა, საკრებულოს რეგლამენტი ითვალისწინებდა, კვორუმის არქონის შემთხვევაში, სხდომის ამ დროით გადადებას, რათა დეპუტატებს სხდომაზე მისასვლელად დამატებითი დრო მისცემოდათ.

მცდელობის მიუხედავად, ერთ საათშიც ვერ შეიკრიბა კვორუმისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა. შესაბამისად, სხდომა გადაიდო.

კონსტანტინე უბერის შეთავაზება იყო სხდომა ერთი თვით გადაედოთ, რასაც არ დაეთანხმნენ “საქართველოსთვის” წევრები.

პარტიის წარმომადგენელმა გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ ეს შეთავაზება არ ემსახურება საკრებულოში არსებული კრიზისის დაძლევას, პირიქით:

“მიგვაჩნია, რომ ეს არის გადადება უბრალოდ დროის გაყვანის მიზნით, რომელიც მოცემულ შემთხვევაში აწყობს ორივე პარტიას და განსაკუთრებით მმართველ გუნდს. საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთხელ ნახა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პარტიების, რომ პირველი სხდომიდან დღემდე, მეხუთე ჯერზე ვერ დგება კვორუმი. პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ვერ გამოდიან თავიანთი პოლიტიკური ინტერესებიდან. ხან “ნაციონალური მოძრაობა” გვაბრალებს “ოცნებასთან”ალიანსს, ხან “ქართული ოცნება” გვაბრალებს ალიანს “ნაციონალურ მოძრაობასთან”. სინდვილეში არცერთს ადარდებს ქალაქის და საზოგადოების ინტერესები, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით მოხდეს საკრებულოს დაბალანსებულად დაკომპლექტება და ასე ვთქვათ, მმართველობა განხორციელდეს და ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან”, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

თავის მხრივ ზუგდიდის საკრებულოში მმართველი პარტიის წარმომადგენელი ირაკლი გოგოხია ამბობს, რომ სხდომა ერთი თვით გადაიდო და თუ რომელიმე ფრაქციას სურს მისი ადრე ჩატარება, შეუძლია მიმართოს საკრებულოს:

“არ შედგა კვორუმი და აქედან გამომდინარე უნდა გადაგვედო სხდომა. გადაიდო ერთი თვით და თუ უნდა ფრაქციას უფრო ადრე, აქვს უფლება ჩანიშნოს სხდომა. აქედან გამომდინარე პრობლემას ვერ ვხედავ. ძალიან ცუდია, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ვნახოთ, შეიძლება ოპოზიცია გაერთიანდეს და აირჩიონ საკრებულოს თავმჯდომარე ჩვენ ვითანამშრომლებთ. საღი აზრი გაიმარჯვებს, მე ასე მგონია”, - განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.

3 დეკემბრიდან საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოები. ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულო ქვეყნის მასშტაბით იმ შვიდ საკრებულოს შორისაა, რომლებშიც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს.

ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ წარმოდგენილი, 20-ით - „ქართული ოცნება“, ხოლო 3-ით - „გახარია - საქართველოსთვის“.

2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც "ქართულ ოცნებაში" უარყოფენ.

საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.