ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლოს დღევანდელ განაჩენს გაასაჩივრებენ

„თიბისი ბანკის“ და პარტია „ლელოს“ თანადამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ისინი დამნაშავედ ცნეს არა ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა, არამედ თაღლითობაში.

„არანაირი დანაშაული არ მომხდარა. არანაირი დანაშაულის ნიშან-წყალი არ არსებობს. ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და ჩვენ იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც და ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ „ლელოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სიყალბე უწოდა მამუკა ხაზარაძემ. მისი განცხადებით, ედავებოდნენ 12 წლის წინანდელ, „ვითომდა ფულის გათეთრების მუხლით“, რომელიც გაქრა და აღმოჩნდა, რომ თურმე, 2012 წელს ჩაუდენიათ თაღლითობა, რომელზეც არც გამოძიება ჩატარებულა და არც დაზარალებული და მომჩივანია დადგენილი: „ეს არის ნონსენსი. ეს არის ის სასამართლო, რომლის დემონტაჟი უნდა მოვახდინოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა და მთელმა საზოგადოებამ".

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დღიდანვე აცხადებდნენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

ასევე ნახეთ ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ თაღლითობაში, თუმცა სასჯელისგან გაათავისუფლეს

საქართველოს პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის ივლისში წაუყენა ბრალი ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. გამოძიების თანახმად, საქმე ეხებოდა 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის წაყენებული ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ითვალისწინებდა 9-დან 12 წლამდე პატიმრობას. ამავე საქმეზე უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარების მუხლით ბრალდებული იყო ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 3-წლიანი სასამართლო პროცესი დღეს, 12 იანვარს დასრულდა განაჩენის გამოცხადებით. მოსამართლე გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში და სასჯელად განუსაზღვრა 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო, სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა. ამავე მოტივით, მოსამართლემ 7-წლიანი საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლა ავთანდილ წერეთელიც.