თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა, თუმცა, სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა.
დღეს, 12 იანვარს გამოცხადებული განაჩენით, მოსამართლე გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის(თაღლითობა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(დიდი ოდენობით) და სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7-7 წლით. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხაზარაძე და ჯაფარიძე საპატიმრო სასჯელს არ მოიხდიან, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო.
ამავე მოტივით, მოსამართლემ 7-წლიანი სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დახმარებისთვის ბრალდებული ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.
„ფულის გათეთრების“ საქმის შესახებ
TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო 10 წლის წინ [2008 წლის აპრილ-მაისში] მომხდარ ფაქტებზე, 2019 წლის წლის 24 ივლისს კი მათ ბრალი წარუდგინა - სასამართლომ 26 ივლისს ორივე მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით 700 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ბრალის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, 2019 წლის 9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა საზოგადოებრივი დაფუძნების იდეის შესახებ - “ლელო” პარტიად 2019 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა.
ხაზარაძე-ჯაფარიძეს გამოძიება სახელმწიფო უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავებოდა. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენიდან მცირე ხნის შემდეგ, 2019 წლის აგვისტოში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით ბრალი ავთანდილ წერეთელსაც წარედგინა. ის ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა.
ბრალდების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში ორმა კომპანიამ — „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M“-მა, რომელთაც ხაზარაძე-ჯაფარიძის მეგობარი, ავთანდილ წერეთელი განკარგავდა, “თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით” TBC-დან აიღო სესხი, 17 მილიონი აშშ დოლარი.
აღნიშნული თანხა წერეთელმა იმავე დღეს უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე - პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს გადარიცხვები და “ფიქტიური სესხი” საქმის ბრალდებულებმა ფულის გათეთრების მიზნის გამოიყენეს. ბრალდებულები, სესხის გაცემის და ფულის ავთო წერეთლისგან სესხების ფაქტებს არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ 17 მილიონი დოლარის სესხება ავთო წერეთლისგან მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს არა ფულის გასათეთრებლად, არამედ თიბისი ბანკის კაპიტალის გასაზრდელად დაჭირდათ. ისინი აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ყველა ტრანზაქცია, რაც ამ თანხასთან დაკავშირებით განხორციელდა, გამჭვირვალეა და ვერც “ფულის გათეთრება” დაერქმევა “თეთრი ფულის” დოკუმენტურად დადასტურებულ ბრუნვას.
“ფულის გათეთრების” საქმეს ბრალდებულები პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ. მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში თქვა, რომ მან 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ [2018 წლის 28 ნოემბერი] მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილის შემცველი წერილი მიიღო, სადაც საუბარი იყო მათი რეპუტაციის განადგურებაზე ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ხაზარაძემ ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა. ეს ფაქტი მან 2022 წლის 11 იანვარს, დასკვნით სასამართლო სხდომაზე საბრალდებო სიტყვაშიც გაიხსენა და ხაზი გაუსვა იმას, რომ გამოძიება ამ ფაქტზე პროკურატურას არ დაუწყია. ხაზარაძემ დასკვნით სასამართლო სხდომაზე თქვა ისიც, რომ გასულ წელს ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილისგან ამ საქმის “დალაგების და დასრულების” შემოთავაზებით.
ამ საქმეზე ცნობილია სახალხო დამცველის პოზიცია: ნინო ლომჯარიამ საქმის დეტალურად შესწავლის შემდეგ თქვა, რომ საქმეში ფულის გათეთრების ნიშნები არ ჩანს.
ასევე ნახეთ „ფულის გათეთრების“ საქმე აგვისტოს ომის კვალდაკვალ - რას ედავებიან ავთო წერეთელს?