ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერობით მოქმედი სამხედრო ბლოკის -„კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (CSTO) ძალები ქვეყნიდან გასვლის პროცესს ორ დღეში დაიწყებენ.
11 იანვარს პარლამენტისადმი მიმართვის დროს, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ ვითარების სრული სტაბილიზების შემდეგ „კოლექტიური ძალები“ საბოლოოდ 10 დღეში დატოვებენ ყაზახეთს, რომელიც იანვრის დასაწყისში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა ანტისამთავრობო გამოსვლებმა და არეულობამ მოიცვა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დასახმარებლად 5 იანვარს მიმართა. ამ ორგანიზაციის წევრები არიან: ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. მათ შორის მოქმედი ხელშეკრულება ითვალისწინებს კოლექტიურ საფუძველზე ერთმანეთის უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ორგანიზაციას, სადაც წამყვან როლს რუსეთი ასრულებს, სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალები ჰყავს.
ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან და შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოედო. პროტესტის მიზეზი იყო გათხევადებული ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირება. საწვავის ამ სახეობას ავტომფლობელების უმრავლესობა იყენებს.
5 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 6 იანვარს, გამთენიისას კი ალმათიში დაიწყო "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია". პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა სპეცოპერაციის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ ალმათიში მასობრივ არეულობებს აწყობენ "ნამდვილი ტერორისტების" დაჯგუფებები, რომლებმაც "სერიოზული მომზადება გაიარეს საზღვარგარეთ და ყაზახეთზე მათი თავდასხმა აგრესიის აქტად უნდა განიხილონ".
მაგრამ ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ არეულობის უკან დგას შიდა დაპირისპირება ქვეყნის ამჟამინდელი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით "ერის ლიდერად" შერაცხული ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის, მომხრეებს შორის.