დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ დამნაშავდედ ცნო და 10 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა 2017 წელს ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს.

მენაბდის ადვოკატის დავით დადიანის განცხადებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

გიორგი მენაბდე, დავით სარალიძის მკვლელობიდან 3 წლის შემდეგ 2021 წლის, 15 აპრილს დააკავეს. ის დეკანოზ შიო მენაბდის შვილია, რომელსაც დავით სარალიძის მამა სავარაუდო მკვლელებს შორის მოიაზრებდა. თუმცა ამ მიმართულებით თავდაპირველად გამოძიება აღარ წასულა. საგამოძიებო და სასამართლო პროცესებში ის, წლების განმავლობაში, მხოლოდ მოწმის სტატუსით მონაწილეობდა. 2021 წლის 16 აპრილს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მენაბდეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 109 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ ჯგუფურ მკვლელობას გულისხმობს.

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, არასრულწლოვან დავით სარალიძეს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. სარალიძე 2 დეკემბერს გარდაიცვალა. მასთან ერთად მოკლეს ლევან დადუნაშვილი.

ასევე ნახეთ დეტალები გიორგი მენაბდის დაკავების შესახებ - ვინ მოკლა დავით სარალიძე?

ამ საქმეზე 2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გიორგი ჯანაშიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, 10 წლით და 6 თვით პატიმრობა დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე ნახეთ ზაზა სარალიძე პრეზიდენტს მიმართავს, მისი შვილის საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალოს

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.

2020 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე. 21 აპრილს კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატამ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.

ყველაფერი ხორავას ქუჩის საქმეზე ნახეთ აქ.