რიაბკოვი: ვისურვებდით, ბუქარესტის ფორმულირება შეიცვალოს ფრაზით "უკრაინა და საქართველო არასოდეს გახდებიან ნატოს წევრები"

სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, 10 იანვარს, ჟენევაში აშშ-სთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან რამდენიმე განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმებოდა ბუქარესტის სამიტის ფორმულირების შეცვლას პირობით, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში არასოდეს გაწევრიანდებიან.

"ჩვენ მივესალმებოდით ოფიციალურ შეცვლას - საბოლოოდ მოახლოებულ ნატოს მადრიდის სამიტზე - ბუქარესტის 2008 წლის ფორმულირებისა, რომელიც ამბობს, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება, იმ ზუსტი ფრაზით, რომელიც მე ახლა ვახსენე: უკრაინა და საქართველო არასოდეს, არასოდეს გახდებიან ნატოს წევრები. ეს სასიკეთო ცვლილება იქნებოდა ნატოს პოზიციაში" - განაცხადა რიაბკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი ამ ჯერზე მყარ პირობებს ითხოვს და შექმნილ "სახიფათო" ვითარებაში, ეს "ფუნდამენტური საკითხი" მყისიერად უნდა იქნეს გადაჭრილი.

"ჩვენ მოგვბეზრდა უპასუხისმგებლო საუბრები, სანახევრო დაპირებები, მოლაპარაკების სხვადასხვა ფორმატში, დახურულ კარს მიღმა ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია. ჩვენ ერთმანეთს არ ვენდობით, ასე რომ ვთქვათ. გვჭირდება მტკიცე, წყალგაუმტარი, ტყვიაგაუმტარი, სავალდებულო გარანტიები. არა დარწმუნება, არა დაპირება - გარანტიები. სიტყვებით - უნდა, იქნება, ანუ ყველაფრით რასაც საკითხი ითხოვს - რომ ნატოს წევრები არასოდეს, არასოდეს იქნებიან. რუსეთისთვის ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია" - აცხადებს რიაბკოვი.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, უენდი შერმანმა განაცხადა, რომ 10 დეკემბერს, ჟენევაში, რუსეთთან გამართული შეხვედრა წარმოადგენდა საუბარს და არა მოლაპარაკებას და ამბობს, რომ აშშ-მა რუსეთის მიერ წარმოყენებული მოთხოვნები დეტალურად არ განიხილა.

ამასთან, შერმანი ამბობს, რომ რუსეთის წარმომადგენლებს ელაპარაკა ორმხრივ ნაბიჯებზე დეესკალაციისთვის სარაკეტო და წვრთნების სფეროებში, თუმცა მოსკოვი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრას საფასური მოჰყვება.

"წამოვაყენეთ რამდენიმე იდეა, სადაც ჩვენი ორი ქვეყანა შეძლებს ორმხრივი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში იქნება და გააუმჯობესებს სტრატეგიულ სტაბილურობას" - უთხრა შერმანმა ჟურნალისტებს ჟენევაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სერგეი რიაბკოვთან შეხვედრის შემდეგ.

შერმანის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლებს რუსეთის დელეგაციასთან ჰქონდათ გულწრფელი და პირდაპირი საუბარი, რომელიც რვა საათამდე გაგრძელდა, და აშშ ღია რჩება შემდგომი შეხვედრებისთვის, ორმხრივი ინტერესის საკითხების უფრო დეტალურად განხილვის მიზნით.

სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე აშშ-რუსეთის 10 იანვრის მოლაპარაკების ფონია უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის თავმოყრა და აშშ-ისა და ნატოსადმი მოსკოვის მოთხოვნები.

2021 წლის 17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ აშშ-მა და ნატომ არ დაუშვან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაძლიერება და ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება. ასევე, უარი თქვან ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.