საქართველო საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ 1921 წელს დაიპყრო, თუმცა არანაკლებ მძიმე და დრამატული გამოდგა მომდევნო, 1922 წელი, რომელმაც ყველა დაარწმუნა იმაში, რომ ქვეყანამ მრავალი წლით დაკარგა როგორც დამოუკიდებლობა, ასევე დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის შესაძლებლობა. სწორედ 100 წლის წინ, 1922 წელს ჩაეყარა საფუძველი ყოველივე იმასა, რაზეც შემდეგ საქართველოს ოკუპაციის 70 წელი დაშენდა და, რაც 100 წლის შემდეგაც კი, განვითარების ხელის შემშლელ ფაქტორად რჩება.
- საბჭოების პირველი არჩევნები და ბოლშევიკების ხელისუფლების ფორმალური ლეგიტიმაცია
- დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის საბჭოთა კონსტიტუციით ჩანაცვლება
- დამოუკიდებლობის მომხრე პარტიების დევნა-აკრძალვა
- სამხრეთ ოსეთის „ხელოვნური“ ავტონომიების შექმნა
- აფხაზეთის სტატუსის ხელოვნური გათანაბრება საქართველოს სტატუსთან
- გენუის კონფერენციასთან დაკავშირებული იმედების მსხვრევა
- სვანეთის აჯანყების ჩახშობა
- ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნა
- საბჭოთა კავშირში შესვლა დამფუძნებელ სუბიექტებზე ნაკლები უფლებებით
ასეთია 1922 წელს მომხდარი მოვლენების არასრული ჩამონათვალი, რამაც სამუდამოდ თუ არა, მნიშვნელოვანი დროით მაინც შეცვალა საქართველო.
„საქართველო უნდა გადაიხვნას“
1922 წლის 27 მარტიდან 2 აპრილამდე დროის მონაკვეთში მნიშვნელოვანი ამბები მოხდა საქართველოდან შორს, მოსკოვში, სადაც რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (ბოლშევიკთა) XI ყრილობამ პარტიის გენერალურ მდივნად, 43 წლის იოსებ სტალინი აირჩია.
სტალინის გავლენა და პოზიცია ისედაც ლამის გადამწყვეტი იყო საქართველოს ოკუპაციის მომზადებასა და განხორციელებაში, თუმცა პარტიის მდივნობამ მას მეტი საშუალება მისცა, კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა ბიუროკრატია და, შესაბამისად, მეტად გაეძლიერებინა თავისი გავლენა.
საქართველოს ამბებში სტალინის მონაწილეობის გაზვიადება შეუძლებელია ქვეყნისთვის საბედისწერო 1922 წელსაც, რაზეც მეტყველებს საქართველოსა და რუსეთის არქივებში დაცული ასობით ტელეგრამა თუ სხდომის ოქმი, რომელთა მიხედვითაც, საქართველოში ეროვნულობის ნებისმიერ გამოვლინებას სტალინი ნათლავდა „ქართულ შოვინიზმად“, ხოლო ამიერკავკასიის ფედერაციისა შექმნისა და ე.წ. ავტონომიზაციის მოწინააღმდეგე თანაპარტიელებს - „ნაციონალ-უკლონისტებად“.
სტალინი მხარს უჭერდა ე.წ. ავტონომიზაციის პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს შესვლას არა საბჭოთა კავშირში, არამედ რუსეთის ფედერაციაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით.
სტალინი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებისა და, შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების საქმეში.
ბესარიონ ლომინაძე, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი 1922-1924 წლებში, ბევრად ადრე, ვიდრე თვითმკვლელობით დაასრულდებდა სიცოცხლეს, იხსენებდა თბილისში სტუმრად მყოფი ლევ ტროცკის მონათხრობს, რომელიც ნათელს ჰფენს იოსებ სტალინის მიზნებს საქართველოში.
„ამხანაგმა ტროცკიმ, რომელიც ახლახან იმყოფებოდა ტფილისში, ასე განსაზღვრა საქართველოს მდგომარეობა: 1922 წელს სტალინი მეუბნებოდა, „საჭიროა საქართველოს გადახვნა სიგრძესა და სიგანეზე, რათა აღმოიფხვრას მენშევიკების გავლენა“. ახლა შეგვიძლია ეს სამუშაო დასრულებულად ჩავთვალოთ. საქართველო საკმარისად გადახნულია იმისათვის, რომ მენშევიზმმა ფეხი ვეღარ მოიკიდოს“.
საბჭოების I ყრილობა - ძალაუფლების გაფორმება
1921 წელს, მე-11 არმიის შემოჭრისა და ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო ფორმალურად მაინც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რჩებოდა. თბილისის თავზე წითელი დროშის აღმართვიდან მალევე გამოცხადდა დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. არადა, ამ დროს საქართველო არც სოციალისტური იყო და არც საბჭოთა, რადგან საბჭოების არჩევნები მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 1922 წელს გამართა. საქართველოს ახალი ხელისუფლება, ცხადია, არც ქართველი ხალხის მხარდაჭერას ეყრდნობოდა. მეტიც, მას არც თავისი ანუ ადგილობრივი შეიარაღებული ძალები გააჩნდა. საქართველოს რევკომის ძალაუფლების ერთადერთი წყარო საოკუპაციო ჯარი, მე-11 წითელი არმია იყო, რომელიც ხშირ შემთხვევაში არც კი ემორჩილებოდა რევკომს, რის დასტურადაც გამოდგება საქართველოს საბჭოთა მთავრობის - რევკომის წევრების მამია ორახელაშვილისა და შალვა ელიავას ჩივილი ლენინთან:
„აუცილებელია მოსკოვიდან დაუყოვნებლივ დაუდასტურონ არმიის განსაკუთრებულ განყოფილებას და სხვა დაწესებელებებს, რომ მთლიანად დაემორჩილონ რევკომს და სრული პატივისცემით მოეკიდონ სუვერენულ ორგანოებს“.
1921 წლის 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის მესამე წლისთავიც იმის გამო აღინიშნა, რომ ნულოვანი ლეგიტიმაციის მქონე საოკუპაციო ხელისუფლება საზოგადოების გაღიზიანებას მოერიდა, თუმცა იმთავითვე აშკარა იყო, რომ საქართველოში წითელი ჯარების შემოსვლა და საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება გარედან დაპყრობა იყო და არანაირი აჯანყება.
1922 წლის გაზაფხულამდე საოკუპაციო რეჟიმის ხელისუფლების ორგანოებს წარმოადგენდნენ რევოლუციური კომიტეტები (რევკომები), რომელიც საბჭოების როლსა და ფუნქციებს ასრულებდნენ და იყვნენ დროებითი, არაარჩევითი საგანგებო ორგანოები.
ფილიპე მახარაძე, საქართველოს რევკომის პირველი თავმჯდომარე, და სხვა ქართველი ბოლშევიკები სარისკოდ მიიჩნევდნენ საბჭოების არჩევნების სასწრაფოდ ჩატარებას, რადგან რესპუბლიკაში შექმნილი მძიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების გამო, კომუნისტებს გამარჯვების იმედი არ ჰქონდათ.
საქართველოს საბჭოების პირველი ყრილობა მხოლოდ ოკუპაციიდან ერთი წლის თავზე (1922 წლის 25 თებერვალი - 3 მარტი) მოიწვიეს, მანამდე, ცხადია, გაიმართა საქალაქო და რაიონული საბჭოების არჩევნები, რომლის სამართლიანობის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
საქართველოს კომპარტიამ გადაწყვიტა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ შეეყვანა სხვა პარტიების არცერთი წარმომადგენელი; არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა „არამშრომელი ელემენტებისთვის“ ანუ იმათთვის, ვინც მოგების მიზნით იყენებდნენ დაქირავებულ შრომას, ცხოვრობდნენ „უშრომელი შემოსავლით“ (ქონების გაქირავებით, სესხის პროცენტით და ა.შ.); საარჩევნო უფლებას ასევე მოკლებულნი იყვნენ: „ვაჭრები, სასულიერო პირები, სულით ავადმყოფები, სასამართლოს მიერ დასჯილნი, ყოფილი მთავრობების, პოლიციისა და საგანგებო რაზმების მოხელენი“.
საბჭოთა არჩევნების წესი მიუღებლად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს სოცალ-დემოკრატებმა (მენშევიკებმა), სოციალ-ფედერალისტებმა და სოციალ-რევოლუციონერებმა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მემარცხენე სოციალ-ფედერალისტთა პარტიამ, რომელიც საბოლოო ჯამში (1923 წლის ნოემბერში), შეერწყა კიდეც კომუნისტურ პარტიას.
საბჭოების პირველი არჩევნები ჩატარდა შავი პიარისა და ტერორის პირობებში. ბოლშევიკები აკონტროლებდნენ როგორც ქუჩებს, ასევე გაზეთებს, რომლებიც ძირითადად ასეთი შინაარსის მოწოდებებს აქვეყნებდნენ:
„აირჩიეთ საბჭოში მუშათა და ყველა მშრომელთა ინტერესების დამცველნი - კომუნისტები! ზურგი აქციეთ და გარიყეთ არჩევნებში მოღალატე მენშევიკები და მათი მაჩანჩალები“.
თბილისის საბჭოს არჩევნები ასეთი შედეგით დასრულდა: 351 მანდატიდან 305 კომუნისტებს ერგოთ, უპარტიოებს 36 მანდატი შეხვდათ, მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტებს - 10. თბილისის შემდეგ საბჭოების არჩევნები ჯერ ბათუმში, შემდეგ კი დანარჩენ საქართველოში ჩატარდა, მალევე სათემო და სამაზრო საბჭოების ყრილობებმა აირჩიეს სრულიად საქართველოს საბჭოების პირველი ყრილობის დელეგატები.
1922 წლის 25 თებერვალს თბილისში გაიხსნა სრულიად საქართველოს საბჭოების I ყრილობა, რომელსაც დაესწრო 380 დეპუტატი, ამათგან 272 კომუნისტი.
ყრილობამ 1922 წლის 2 მარტს დაამტკიცა საქართველოს სსრ კონსტიტუცია. პროექტის განხილვისას მხოლოდ ერთი შენიშვნა გამოითქვა, ისიც მემარცხენე სოციალ-ფედერალისტთა წარმომადგენლის, სიმონ ხუნდაძის მხრიდან: საქართველოს სინამდვილე, მუშათა კლასის სიმცირის გამო, არ იძლევა პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების შესაძლებლობას და ამიტომ, კონსტიტუციაში „ნაცვლად პროლეტარიატის დიქტატურისა, უმჯობესია შეტანილ იქნას დიქტატურა მშრომელ ხალხისა“-ო. ცხადია, ყრილობამ არ მიიღო ეს შენიშვნა, რადგან საქართველოს კონსტიტუციას საფუძვლად ედო რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის დებულებები.
საქართველოს საბჭოების პირველმა ყრილობამ ბოლო სხდომაზე, 1922 წლის 3 მარტს, აირჩია საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (ცაკ), რომლის პირველმა სხდომამ 7 მარტს თავის მხრივ აირჩია პრეზიდიუმი და თავმჯდომარე (ფილიპე მახარაძე), ამავე სხდომაზე შეიქმნა საქართველოს სსრ მთავრობა - სახალხო კომისართა საბჭო.
როგორც ისტორიკოსი ლევან თოიძე წერს თავის წიგნში „საქართველოს პოლიტიკური ისტორია 1921-1923 წწ.“, საქართველოს საბჭოების I ყრილობით დასრულდა საქართველოში საბჭოთა სახელმწიფოებრივი აპარატის ჩამოყალიბების ძირითადი ეტაპი: „მთელს რესპუბლიკაში დამკვიდრდა პროლეტარიატის დიქტატურის სახელმწიფოებრივი ფორმა - საბჭოები“.
საქართველოს საბჭოების I ყრილობის სულისკვეთებასა და 1922 წელს საქართველოში შექმნილ ვითარებას ყველაზე თვალსაჩინოდ აღწერს რუსეთის მთავრობისადმი ყრილობის მიმართვა, რითაც დასრულდა ყრილობის დელეგატების ერთკვირიანი შეკრება.
„დაჟინებით ვთხოვთ ძმურ საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობას, არ გაიყვანოს ჩვენი საზღვრებიდან წითელი არმია“.
რუსეთის კადრები წყვეტენ ყველაფერს
1922 წელს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დე ფაქტო მთავრობა მთლიანად იყო დამოკიდებული რუსეთის ხელისუფლებასა და კომუნისტურ პარტიაზე, რომელიც წყვეტდა ყველაზე მნიშვნელოვან საკადრო საკითხებს. ცნობილია, როგორ ათანხმებდა კავბიუროს ხელმძღვანელი სერგო ორჯონიკიძე რუსეთის კპ-ის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივან იოსებ სტალინთან საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს (მთავრობის) თავმჯდომარის კანდიდატურას.
„ფილიპეს კანდიდატურა არასერიოზულად მიმაჩნია. ფილიპე ყოველთვის საშუალო ტიპის ლიტერატორი იყო და კვლავაც ასეთად რჩება. ის არასოდეს არ ყოფილა და არც იქნება არც პოლიტიკური ხელმძღვანელი, არც ორგანიზატორი, არც პრაქტიკული მოღვაწე. სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ ასეთი კაცის დაყენება საქმის ინტერესების მოშლას ნიშნავს. ფილიპეს შეიძლება ჩააბარო გაზეთი, ჟურნალი ან საქართველოს ცაკ-ის თავმჯდომარის პოსტი“, - წერდა სტალინი 1922 წლის 14 თებერვლით დათარიღებულ წერილში.
საგულისხმოა, რომ დაპყრობილ, გასაბჭოებულ საქართველოს 1922 წლამდე არ ჰყავდა თავისი არმია. 1921 წლის 2 მარტს ლენინი სწერდა ორჯონიკიძეს:
„საჭიროა დაუყოვნებლივ შევაიარაღოთ მუშები და უღარიბესი გლეხები და ამნაირად შევქმნათ საქართველოს მტკიცე წითელი არმია“.
საქართველოს რევკომმა 11 მარტს დაშლილად გამოაცხადა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმია და გვარდია. შალვა ელიავა შეუდგა ახალი არმიის შექმნას, მანამდე კი, 21 მაისის რუსეთთან დადებული ხელშეკრულებით, საბჭოთა რუსეთი კისრულობდა სამხედრო ხასიათის დახმარებას.
საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის 1922 წლის 22 თებერვლის დადგენილებით, ქართულ წითელი არმიის რიგებში გაწვეულ იქნა პირველი 3 ათასი კომუნისტი, მაისიდან კი შემოღებულ იქნა საყოველთაო სამხედრო სწავლება 18-49 წლის ასაკის მამაკაცებისთვის.
არსებობს ვარაუდი, რომ ლენინი თადარიგს იჭერდა, რათა იმ შემთხვევაში, თუ ევროპის სახელმწიფოები რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის დამყარების წინაპირობად მოითხოვდნენ რუსეთის ჯარების გაყვანას საქართველოდან, მე-11 არმიის მაგივრობა ადგილობრივ ჯარს გაეწია.
1922 წლის საქართველოს კპ ცკ-ის 17 ივნისის დადგენილება ამბობს, რომ საქართველოს წითელი არმიის რაოდენობა შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს გაიწვრთნას ვარგისი სამხედრო ვალდებულების ყოველწლიური კონტინგენტი - 12 ათასი კაცი, ხოლო ზურგიანად არმიას უნდა ჰყავდეს 15 ათასი კაციო.
საქართველოს წითელი არმიის მშენებლობის პარალელურად რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის მოთხოვნით გაუქმდა საქართველოს სამხედრო კომისარიატი (თავდაცვის სამინისტრო) და მისი ფუნქციები რუსეთის სამხედრო კომისარიატმა შეითავსა.
1922 წლის აჯანყებები და გენუის კონფერენცია
სვანეთში ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება 1921 წლის 28 ოქტომბერს დაიწყო. აჯანყებული სვანები მულახში მდებარე სამაზრო რევოლუციური კომიტეტის შენობას დაესხნენ თავს. აჯანყებას მალე შეუერთდა რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა.
საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები და რუსული წითელი ჯარის ნაწილები ჯვარის მიმართულებით გაიქცნენ. გზაზე ჩასაფრებულმა აჯანყებულთა რაზმმა მოწინააღმდეგის დიდძალი იარაღი ჩაიგდო ხელში. მოგვიანებით აჯანყებულებმა ადგილობრივი მოსახლეობის ხატზე დაფიცება დაიწყეს. შედეგად, მათ გარშემო 2000 კაცი შეგროვდა.
„გაგვწყვეტენ და თავი მაინც ვისისხლოთო“, - ასეთი იყო აჯანყებულების გადაწყვეტილება. აღშფოთებული 80 სვანი ჩაუსაფრდა რუსის ჯარს მიუდგომელ კლდეებზე და ცეცხლი გაუხსნა. რუსის ჯარმა 80 კაცი დაკარგა და ჯვარისაკენ დაიხია (დაუშვილი ა., ანტისაბჭოთა აჯანყება სვანეთში, „საისტორიო მოამბე“, 2009-2010, #79-80).
სვანეთის აჯანყების შესახებ საქართველოს საგანგებო კომისია იტყობინებოდა: „მიმდინარეობს აშკარა ანტისაბჭოთა აჯანყება. აჯანყებულთა რიცხვი 1600 კაცამდე აღწევს. უშუალო ხელმძღვანელობას უწევს ეროვნულდემოკრატიული პარტია... მოსახლეობა შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს საბჭოთა ხელისუფლების მიერ აჯანყების სალიკვიდაციოდ გაგზავნილ ძალებს. აჯანყებას მიემხრო სვანეთის მაზრის პირველი უბნის რევკომის ყოფილი თავმჯდომარე სამსონ ქალდანი. აღინიშნება მაზრის მილიციის დიდი ნაწილის გადასვლა აჯანყებულთა მხარეზე... შეიარაღებულნი არიან რუსული, გერმანული და თურქული მაუზერებით“.
აჯანყებულმა სვანებმა საბჭოთა ხელისუფლების სახელზე პეტიცია შეადგინეს, რომელიც თბილისში 1922 წლის 20 იანვარს ჩაიტანეს, თუმცა 1922 წლის 15 მარტს აჯანყებამ ახალი ძალით იფეთქა. სვანები თავს დაესხნენ ლენტეხის, ჩოლურისა და ლაშხეთის საგუშაგოებს და ბოლშევიკები და წითელარმიელები დაატყვევეს. მოგვიანებით აჯანყებულებმა ცაგერს შეუტიეს, მაგრამ ვერ აიღეს და უკან დაიხიეს.
1922 წლის გაზაფხულზე აჯანყებულებმა ვეღარ შეძლეს დამატებითი ძალებით, არტილერიითა და ავიაციით გაძლიერებული წითელი არმიის შეკავება. საბჭოთა ხელისუფლებამ რეპრესიების გზით აღადგინა „წესრიგი“ სვანეთში.
1922 წლის 12 მარტს ქაქუცა ჩოლოყაშვილის პარტიზანული რაზმი, ე.წ. შეფიცულთა ჯგუფი გავიდა ტყეში და ღიად დაუპირისპირდა საბჭოთა ხელისუფლებას.
1922 წლის ივლისში აჯანყებამ იფეთქა ფშავ-ხევსურეთში...
ისტორიკოს დიმიტრი შველიძის თქმით, სვანეთის სახალხო აჯანყებამ დააჩქარა საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე პარტიების მოლაპარაკება, რაც 1922 წლის აპრილ-მაისში „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ შექმნით დასრულდა. „დამკომი“ იყო ინტერპარტიული ორგანიზაცია, რომელსაც უნდა მოემზადებინა საყოველთაო აჯანყება დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით.
საქართველოს ემიგრანტულმა მთავრობამ აჯანყებისა და მისი ჩახშობის შესახებ აცნობა გენუის საერთაშორისო კონფერენციას, რომლის ორგანიზატორებმა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩიჩერინს რეპრესიების შეჩერებისკენ მოუწოდეს.
გენუის სამშვიდობო კონფერენციაზე წაიკითხეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას მიერ გაგზავნილი საპროტესტო მემორანდუმი:
„დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან; საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ, მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშავოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება. სრული იმედი მაქვს, რომ მაღალპატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულვებელყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემი პირით წარმოთქმულს და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან“.
გენუის კონფერენციამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ საბჭოთა საქართველოს დელეგაციის მეთაურს, ბუდუ მდივანს, არ დართო ნება საქართველოს სახელით გამოსულიყო, რადგანაც საქართველო რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული.
აფხაზეთის „დამოუკიდებელი რესპუბლიკის“ შექმნა
1918 წლის ივნისში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორ კვირაში, აფხაზთა სახალხო საბჭოსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელშიც ნათქვამია, რომ „შინაგანი მმართველობა და თვითმმართველობა აფხაზეთში მიეკუთვნება აფხაზთა სახალხო საბჭოს“.
1921 წლის 21 თებერვალს კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის 107-ე მუხლში ჩაიწერა:
„საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს (აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი), ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა“.
საქართველოს დამოუკიდებლობის წლებშივე, საბჭოთა რუსეთთან ზავის დადების შემდეგაც კი, ბოლშევიკები სოხუმის ოლქში ეწეოდნენ საქართველოს დემოკრატიული წეს-წყობილებისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ აგიტაციას და აწყობდნენ შეიარაღებულ აჯანყებას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შს სამინისტროს არაერთ ანგარიშში.
1921 წლის 4 მარტს აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა წითელმა არმიამ, რომლის რევოლუციურმა სამხედრო საბჭომ, აფხაზეთის რევკომმა და კავბიურომ გაერთიანებულ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთი გამოცხადდეს დამოუკიდებელ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად, ხოლო პარტიულ ორგანიზაციას ეწოდოს აფხაზეთის კომუნისტური პარტია. მალევე ეს ყველაფერი აცნობეს მოსკოვში ლენინსა და სტალინს.
ისტორიკოს ლევან თოიძის თქმით, დაახლოებით ამავე პერიოდში სტალინი გაზეთ „პრავდაში“ ამტკიცებდა, თუ როგორ იჩაგრებოდნენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბულიკაში ოსები, აფხაზები, სომხები და როგორ ფართოვდებოდა საქართველო მეზობლების ხარჯზე.
1921 წლის 31 მარტს აფხაზეთის რევკომი რადიოგრამას უგზავნის ლენინს, სტალინსა და ჩიჩერინს:
„მშრომელთა ნებით იშვა ახალი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა - აფხაზეთი. აფხაზეთის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭოების პირველი ყრილობა საბოლოოდ გადაწყვეტს ხალხის ბედს“.
აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმაც, რომელმაც სპეციალურ დეკლარაციაში დაწერა, რომ საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის ურთიერთობა საბჭოების ყრილობების შემდეგ გაირკვევაო.
საბჭოთა სინამდვილეში ეროვნული სახელმწიფოებრიობის უმაღლესი ფორმა იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, შემდეგ მოდიოდა: ავტონომიური სსრ, ავტონომიური ოლქი და ადრეულ ეტაპზე - შრომითი კომუნა. ტერიტორიით და მოსახლეობით ბევრად უფრო დიდი იყვნენ ბაშკირეთი, თათრეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ა.შ., მაგრამ რატომღაც მხოლოდ აფხაზეთს მიეცა ყველაზე მაღალი სტატუსი. ქართველი სიტორიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი საქართველოს დასჯის სურვილი იყო.
საქართველოს სსრ კონსტიტუციაში, რომელიც 1922 წლის 2 მარტს მიიღო საქართველოს საბჭოების პირველმა ყრილობამ, ნათქვამია:
„საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში თავისუფალი თვითგამორკვევის საფუძველზე შედიან: აჭარის ავტონომიური სსრ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის სსრ; უკანასკნელი უკავშირდება საქართველოს სსრ-ს ამ რესპუბლიკათა შორის დადებული, განსაკუთრებული საკავშირო ხელშეკრულების საფუძველზე“.
სერგო ორჯონიკიძემ მოგვიანებით ასე განმარტა აფხაზეთის „დამოუკიდებლობის ცნობის“ ფაქტი:
„როცა აფხაზეთმა დამოუკიდებლობა მოითხოვა, ჩვენ აფხაზეთის კომუნისტებს მივუთითებდით, რომ ასეთ პატარა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა შეუძლებელია, მაგრამ დავთანხმდით ამაზე. ჩვენ ვამბობდით: თუ აფხაზი ხალხისთვის მიყენებული ჭრილობები ჯერ კიდევ არ მოშუშებულა, დაე, აფხაზეთი დამოუკიდებელი იყოს. დაე, მოიშუშოს მენშევიკებისაგან მიყენებული ჭრილობები, მაგრამ შემდგომში აფხაზები თვითონ დარწმუნდებიან საბჭოთა მეზობელთან - საქართველოსთან მჭიდრო გაერთიანების აუცილებლობაში“.
აფხაზეთის დამოუკიდებლობის დროებით ხასიათზე მაშინ აფხაზი კომუნისტებიც საუბრობდნენ. ნესტორ ლაკობა დამოუკიდებლობას, ავტონომიას და სხვა პოლიტიკურ ფორმებს „უაზრო აბრას“ უწოდებდა. ეფრემ ეშბაც ამბობდა, რომ „დამოუკიდებლობა“ შეირჩა იმ პერიოდისთვის როგორც ყველაზე ოპტიმალური ფორმა ეროვნული შუღლის არგაღვივებისთვისო.
თუმცა აფხაზეთმა ეს ახალი სტატუსი მთელი ათი წლის განმავლობაში, 1931 წლის 11 თებერვლამდე ატარა, ვიდრე აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობაზე არ მიიღეს აფხაზეთის სახელშეკრულებო სსრ-ის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკად გარდაქმნის გადაწყვეტილება.
სამხრეთ ოსეთის „გამოჭრილი“ ავტონომია
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 1922 წლის 20 აპრილს შეიქმნა და მასში შევიდა 40 ქართული სოფელი და ერთი ქალაქი - ცხინვალი, სადაც 20 ათასი ქართველი და 1100 ოსი ცხოვრობდა.
ავტონომიური ოლქის შექმნის საბოლოო გადაწყვეტილებაც მოსკოვში იქნა მიღებული, რასაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რომლის დასკვნა ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური იყო.
„ოსების მიერ დასახლებული რაიონები მოკლებული არიან გეოგრაფიულ მთლიანობას და შეადგენენ გეოგრაფიულად და ეკონომიურად სხვადასხვა პროვინციების ნაწილებს. ასეთი ჩამონაჭრებიდან ხელოვნურად შემდგარი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა განუხორციელებლად უნდა ჩაითვალოს ტოპოგრაფიული პირობების გამო“, - წერდა საქართველოს ცკ-ის მაშინდელი მდივანი ბესარიონ კვირკველია.
ისტორიკოს ლევან თოიძის მიხედვით, ამიერკავკასიის კომისარიატისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის მანძილზე შიდა ქართლში მცხოვრებმა ოსებმა სამჯერ მოაწყვეს აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მიზნით. სამივეჯერ აყენებდნენ საკითხს საქართველოსგან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩამოცილებისა და საბჭოთა რუსეთთან შეერთების შესახებ. სამივე ეს აჯანყება საბჭოთა რუსეთისა და მისი ბოლშევიკური პარტიის მიერ იყო ინსპირირებული და დაფინანსებული.
თუმცა ერთია ავტონომიის მოთხოვნა და მეორე - ტერიტორიის გამოყოფის საკითხი. თვითონ ოსმა ბოლშევიკებმა საკითხი ასე გადაწყვიტეს:
„1921 წლის 6-8 სექტემბერს გამართულმა სამხრეთ ოსეთის რევკომისა და პარტიული კომიტეტის სხდომამ დაადგინა: სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის აუცილებლობა ცენტრით ცხინვალში და, რომ სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკა ნებაყოფლობით შედის საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკასთან ფედერაციულ კავშირში“.
ამავე სხდომაზე შემუშავდა „ახალი რესპუბლიკის“ საზღვრების პროექტი, რომელმაც მოიცვა გორის, დუშეთის, რაჭისა და შორაპნის მაზრების რამდენიმე ათეული ქართული სოფელი.
ცხადია, ამ საკითხშიც გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნოდა რუსეთის კომუნისტური პარტიის ცკ-ის კავბიუროს, რომელმაც შალვა ელიავას მოხსენების საფუძველზე დაადგინა: მიენიჭოს სამხრეთ ოსეთს ავტონომიური ოლქის სტატუსი და საქართველოს რევკომმა სამხრეთ ოსეთის აღმასკომთან ერთად დაადგინოს მისი საზღვრებიო.
გრიგოლ ლორთქიფანიძემ, პირველი რესპუბლიკის მთავრობის მოადგილემ, ოსურ ავტონომიას ხელოვნურად გამოჭრილი უწოდა:
„ჩამოჭრილი ტერიტორიების გარეშე დარჩენილი საქართველო ფორმალურად გამოცხადებული იქნა საქართველოს საბჭოთა დამოუკიდებელ რესპუბლიკად, მაგრამ თვით ეს საქართველოც ძლიერ დასერა და დასჭრა რუსეთმა პოლიტიკურად და ტერიტორიულად. ამ მიზნით მან გამოაცხადა აფხაზეთის ჯერ დამოუკიდებელი, შემდეგ ავტონომიური რესპუბლიკა. ასეთივე რესპუბლიკა აჭარაში და ავტონომიური ოლქი სამხრეთ ოსეთისა. ყველა ამ ე.წ. რესპუბლიკების შექმნა და მათი საქართველოსადმი დაპირისპირება და მისგან მაქსიმალურად გამოთიშვა ძველი რუსიფიკატორული პოლიტიკის ახალ ფორმაში გაგრძელებაა“.
ზაკფედერაცია - რუსული პროვინციის შექმნის მცდელობა
საქართველოს ისედაც ფორმალური დამოუკიდებლობიდან თითქმის აღარაფერი დატოვა 1922 წელმა, როცა საქართველო ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციაში, შემდეგ კი სსრკ-ში შეიყვანეს.
ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის იდეას იწონებდა რუსეთის კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიურო სერგო ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით, რომელსაც წინააღმდეგობას უწევდა ქართველი კომუნისტების ერთი ჯგუფი, რომლის წევრებიც „ნაციონალ-უკლონისტებად“ მოინათლნენ. თავიდან ისე ჩანდა, თითქოს იდეა ვლადიმირ ლენინს ეკუთვნოდა, თუმცა სინამდვილეში მისი სულის ჩამდგმელები იოსებ სტალინი და სერგო ორჯონიკიძე იყვნენ.
ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნით საქართველო დაიჩაგრა როგორც ტერიტორიული თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურადაც. საქმე ის არის, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე სომხეთის ან აზერბაიჯანისა. 1921-1922 წლებში სამივე რესპუბლიკას თავისი ფულის ნიშანი (ბონი) ჰქონდა. როცა ერთიანი საამიერკავკასიო ფულის ნიშნები შემოიღეს, ერთიანი საამიერკავკასიო საბჭოთა ფულის 1 მანეთი გაიცვლებოდა ქართული ბონის 1 მანეთზე, აზერბაიჯანული საბჭოთა ფულის 100 მანეთზე და სომხური საბჭოთა ფულის 150 მანეთზე. ბუდუ მდივნის მოწმობით, 1922 წლის 8 თვის განმავლობაში ქართული ბონი თავისი სიმტკიცით ტოლს არ უდებდა აშშ დოლარსა და ინგლისის ფუნტ სტერლინგს. ასე რომ, სამეურნეო გაერთიანება საქართველოს დიდად არ აძლევდა ხელს.
ამიერკავკასიის რესპუბლიკათა შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება 1922 წელს 12 მარტს დაიდო - სწორედ ეს დღე ითვლება ამიერკავკასიის ფედერაციის - ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ფედერაციული კავშირის (ასსრფკ) - შექმნის თარიღად.
საბჭოთა პროპაგანდის მიხედვით, ასსრფკ-ის შექმნის აუცილებლობა მოტივირებული იყო რესპუბლიკათა შორის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის აუცილებლობით, თავდაცვისა და სამეურნეო მშენებლობის ინტერესთა ერთიანობით, თუმცა დრომ, მომავალმა 100-მა წელმა აჩვენა, რომ ფედერაციამ ვერცერთი პრობლემა არსებითად ვერ გადაჭრა და, რომ მაშინ გავლებული საზღვრების გამო დღემდე მიდის მეზობელ ქვეყნებს შორის დავა.
ასსრფკ-ის შექმნიდან, სულ რაღაც, 8 თვის თავზე გადაწყდა ამიერკავკასიის რესპუბლიკების კიდევ უფრო მეტად ინტეგრაცია, რაც გამოიხატა „ფედერაციული კავშირის“ ნაცვლად „ფედერაციული რესპუბლიკის“ შექმნაში. ფორმალური გადაწყვეტილება თვითონ რესპუბლიკებმა მიიღეს, როცა განაცხადეს:
„ამიერკავკასიის ფედერაციამ თავისი არსებობის 8 თვის მანძილზე დაამტკიცა არა მარტო თავისი სიცოცხლისუნარიანობა, არამედ მისწრაფება ამიერკავკასიის ხალხთა შორის კიდევ უფრო მჭიდრო კავშირისკენ, აგრეთვე მისწრაფება სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან მათი ძმური ერთიანობისკენ“.
1922 წლის 10 დეკემბერს, ამიერკავკასიის საბჭოების პირველმა ყრილობამ ოფიციალურად გადაწყვიტა კიდევ უფრო მჭიდრო კავშირზე გადასულიყო და შეექმნა ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა. ამ ცვლილების თანახმად, ამიერკავკასიის რესპუბლიკებს - საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს - ფედერაციის შემადგენლობიდან ცალმხრივი აქტით გასვლის უფლება არ ჰქონდათ (აფხაზეთის სახელშეკრულებო სს რესპუბლიკა ამიერკავკასიის ფედერაციაში საქართველოს მეშვეობით შედიოდა).
სერგო ორჯონიკიძე ამბობდა, ამიერკავკასიის ფედერაციის ვარსკვლავი მხოლოდ მაშინ გაფერმკრთალდება, როცა საერთოდ ყველა სახელმწიფო გაქრებაო. არადა, ყველას ესმოდა, რომ ამიერკავკასიის ფედერაცია, რომელმაც, სხვათა შორის, სერგოზე ერთი წლით ადრე, 1936 წელს დაასრულა არსებობა, ფაქტობრივად, სამი არარუსული რესპუბლიკისგან შემდგარი ერთი რუსული პროვინციის შექმნის მცდელობა იყო.
სსრკ და მასზე უარესი: ავტონომიზაციის პროექტი
1922 წლის აგვისტოში რუსეთის კპ (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა მოემზადებინა „დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკებისა“ და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი. სწორედ ამ დროს გამოიკვეთა საბჭოთა რესპუბლიკების ე.წ. ავტონომიზაციის იდეა, რომელიც უკრაინის კომპარტიის მდივან დ. მანუილსკის ეკუთვნოდა და, რომელიც საეჭვოდ აიტაცეს იოსებ სტალინმა, სერგეი კიროვმა და სერგო ორჯონიკიძემ.
„არც სრული დამოუკიდებლობა და არც „დამოუკიდებლობის“ სრული მოსპობა“, - ასეთი იყო სტალინის მიერ შედგენილი ავტონომიზაციის პირველი პროექტის შინაარსი.
„აუცილებლად იქნა მიჩნეული დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკების: უკრაინის, ბელორუსიის, აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის ფორმალური შესვლა რუსეთის საბჭოთა ფედერაციაში“, - ამბობდა იოსებ სტალინი, რომელსაც საქართველოში მხარი დაუჭირეს შალვა ელიავამ, მამია ორახელაშვილმა, ალექსანდრე გეგეჭკორმა და სხვებმა.
საქართველოს ცკ-მა, რომელშიც უმრავლესობა ე.წ. ნაციონალ-უკლონისტები იყვნენ, არ მოიწონა ავტონომიზაციის პროექტი.
„ვინ იცის, რომ არა ეს პრინციპულობა, ავტონომიზაციის პროექტს წინ არაფერი დაუდგებოდა“, - ამბობს ისტორიკოსი ლევან თოიძე თავის კაპიტალურ ნაშრომში „საქართველოს პოლიტიკური ისტორია 1921-1923 წწ.“.
ავტონომიზაციის პროექტი მოიწონეს ამიერკავკასიის სამხარეო და აზერბაიჯანისა და სომხეთის ცენტრალურმა კომიტეტებმა.
სტალინის პროექტის ჩავარდნაში გადამწყვეტი როლი ითამაშა „ნაციონალ-უკლონისტების“ აქტიურობამ და ვლადიმირ ლენინმა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსულტის შემდეგ ნახევრად პარალიზებული იყო, 26 სექტემბერს, ავტონომიზაციის საკითხზე, 2 საათი და 40 წუთი ელაპარაკა ბუდუ მდივანს - სტალინის მთავარ ოპონენტს ავტონომიზაციის საკითხში.
სწორედ 26 სექტემბერს იცვლება სტალინის პროექტი, რომელშიც ლაპარაკი აღარ არის რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს, რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე, თუმცა სტალინის პროექტის ახალ ვარიანტში ჩნდება ამიერკავკასიის სფს რესპუბლიკა, არადა, ლენინის მიერ შეთავაზებულ ვარიანტში საუბარი იყო ცალკეული რესპუბლიკების - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის კავშირში დამოუკიდებლად შესვლაზე. სხვათა შორის, თავიდან ლენინის შესწორებაში ლაპარაკი იყო არა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირზე, არამედ „ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირზე“, თუმცა ეს იდეაც (დასახელებაში ევროპა-აზიის ხსენებისა) სტალინმა უკუაგდო.
ამიერკავკასიის რესპუბლიკის სახით კავშირში შესვლა, საქართველოს უზღუდავდა კავშირიდან გასვლის უფლებას და ისედაც არათანაბარ პირობებში აყენებდა იმავე უკრაინასა და ბელორუსიასთან მიმართებით, არადა საქართველო ერთადერთი რესპუბლიკა იყო, რომლის დამოუკიდებლობა აღიარებული ჰქონდა როგორც თვითონ რუსეთს, ასევე ევროპის ქვეყნებსაც. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საქართველოს კომპარტიის ცკ-მა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და მთელი შემადგენლობით გადადგა.
ამიერკავკასიის სფს რესპუბლიკის მეშვეობით სსრ კავშირში საქართველოს შესვლის საკითხი საბოლოოდ გადაწყვიტა ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობამ, რომელიც 1922 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. სერგო ორჯონიკიძის მოხსენების საფუძველზე ყრილობამ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, სსრ კავშირის შექმნა და მასში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შესვლა ამიერკავკასიის ფედერაციის გზით, დროული და აუცილებელი ღონისძიებააო.
ამიერკავკასიის საბჭოების პირველმა ყრილობამ აირჩია საბჭოების სრულიად საკავშირო ყრილობის დელეგატები, რომელთა შორის იყვნენ სტალინი, ორჯონიკიძე, კიროვი და სხვები.
1922 წლის 30 დეკემბერს მოსკოვში გაიხსნა საბჭოების პირველი სრულიად საკავშირო ყრილობა. სსრ კავშირის შექმნის შესახებ მოხსენებით გამოვიდა იოსებ სტალინი. ყრილობამ დაამტკიცა ხელშეკრულების პროექტი, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედო სსრკ კონსტიტუციას.
საქართველოს სსრ-მ საბჭოთა კავშირის დატოვების ფორმალური უფლება მხოლოდ 1936 წელს მოიპოვა, მას შემდეგ, რაც, სტალინის ნებართვით, არსებობა შეწყვიტა ზაკფედერაციამ, თუმცა ამ დროისათვის საბჭოთა ხელისუფლებას უკვე დაპატიმრებული, გაძევებული ან დახვრეტილი ჰყავდა საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე ყველა მეტ-ნაკლებად წონიანი პოლიტიკოსი, პოლიტიკური საქმიანობის უფლებაც მხოლოდ ერთადერთ პარტიას - კომუნისტურ პარტიას ჰქონდა.
ასევე ნახეთ 1922 - წელი, რომელმაც რუსეთისა და მისი მეზობლების ბედი განსაზღვრა