ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს არ სურთ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს არ სურთ მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. საკუთარი პოზიცია მათ დღეს, 10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე განაცხადეს.

ნაფიცი მსაჯულების ჩართვა საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი ტიპის სისხლის სამართლის დანაშაულებზეა გათვალისწინებული. ამისთვის აუცილებელია ბრალდებულის თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ბრალეულის თანხმობა, საქმეს მოსამართლე განიხილავს.

27 დეკემბრის სხდომაზე ბრალდებულმა აკო ჭელიძემ აღიარა მკვლელობა, თუმცა თქვა, რომ მას თანამზრახველი არ ჰყოლია, ამ საქმის კიდევ ერთმა ბრალდებულმა გიორგი კავილაძემ კი სხდომაზე განაცხადა, რომ მისი ბრალეულობა მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობაა.

ასევე ნახეთ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ბრალი აღიარა

15 სექტემბერს თბილისში, ფიქრის გორაზე, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 და 236-ე მუხლებით დაიწყეს. ამ მუხლებით განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

ამ საქმეზე 7 ოქტომბერს გიორგი კავილაძე და აკო (ალეკო) ჭელიძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ნიკოლოზ კვარაცხელიაზე თავდამსხმელები არიან 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ. ისინი მკვლელობის დღეს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ და თავიდანვე ჰქონდათ განზრახული კვარაცხელიას მოკვლა. კვარაცხელიას თავდამსხმელები ნაქირავები ავტომანქანით ჩაუსაფრდნენ ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლთან და როცა ის გამოჩნდა ქუჩაში, 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მანქანითვე მიიმალნენ.