რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, ყაზახეთში არეულობისას მაიდანის მსგავსი ტექნოლოგიები იქნა გამოყენებული, მათ შორის, საინფორმაციო მხარდაჭერა. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, РИА Новости ავრცელებს.
„გამოიყენეს კარგად ორგანიზებული და მკვეთრად მართული მებრძოლთა ჯგუფები, რაზეც ახლახან ისაუბრა პრეზიდენტმა ტოკაევმა. მათ შორის, იყვნენ საზღვარგარეთ ტერორისტულ ბანაკებში გაწვრთნილები“, - განაცხადა პუტინმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ რიგგარეშე სესიაზე.
მისივე თქმით, ქვეყანა შეეჩეხა სახელმწიფოებრიობის პირდაპირ საფრთხეს და აგრესიაზე დაუყოვნებლივი რეაგირება აუცილებელი იყო. მისივე მტკიცებით, ორგანიზაციამ შეძლო საჭირო ზომების მიღება მაქსიმალურად ოპერატიულად.
პუტინმა დაამატა, რომ ყაზახეთის მოვლენები „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ თითოეულ წევრს ეხება.
10 იანვარი ყაზახეთში გლოვის დღეა. მასობრივი არეულობის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ოფიციალური ინფორმაციით, გასული კვირაში 164 ადამიანი მოკვდა, თუმცა მოგვიანებით ამ ინფორმაციას ტექნიკური შეცდომა უწოდეს. ამ დრომდე ყაზახეთის შსს-ს ოფიციალურად დადასტურებული აქვს ძალოვანი უწყებების 18 თანამშრომლის და 26 სამოქალაქო პირის სიკვდილი. დაკავებულია 8000-მდე ადამიანი.
ყაზახეთის მოვლენების შესახებ
ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო ქვეყნის დასავლეთში და შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოედო. პროტესტის მიზეზი იყო გათხევადებული ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირება. საწვავის ამ სახეობას ავტომფლობელების უმრავლესობა იყენებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის გადადგომას მიაღწიეს, თუმცა პროტესტი გაგრძელდა და მასობრივი არეულობების ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი, სადაც ხელისუფლების შეიარაღებულმა მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს მერიის და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და ქალაქის აეროპორტიც.
7 იანვარს, პრეზიდენტმა ტოყაევმა განაცხადა, რომ კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია.