ეს ხომ ცნობილია - ძლიერი ისაა, ვინც ამ ძალას იყენებს.
გოლიათს, რომელიც თავის ძალას უგულებელყოფს, მასზე ბევრად სუსტი და თავხედი დაჯაბნის.
Your browser doesn’t support HTML5
ეს მეტაფორა კი პოლიტიკაზეა.
აი, მაგალითად, არის თუ არა ჩვენი დამღლელი ბატონი პუტინი მართლაც ძლიერი? თუ იქნებ კრებითი დასავლეთი იჩენს მის მიმართ არაადეკვატურ სისუსტეს?
დასავლეთის ჰეგემონი (ამერიკა) თავისი ჰეგემონიითაა დაკომპლექსებული და ერთგვარ ცივილიზაციურ უწონადობაშია - წარსული დასრულდა და მომავალი არ დაწყებულა, პუტინს კი არც წარსული აინტერესებს და არც მომავალი, მხოლოდ აწმყო, სადაც ის მუდმივია. მაგრამ მუდმივი ხომ არაფერია. არც პუტინი, მათ შორის.
პუტინი არც ევროპაზეა ძლიერი, მაგრამ ევროპაა ეგოცენტრული. ჯერ ხომ ასი წელიც არ გასულა მეორე მსოფილიო ომის დასრულებიდან და მას კი, ევროპას, თითქოს არაფრით უნდა იმის დაჯერება, რომ ეს ისევ შესაძლებელია. ეს ხომ იყო და ეს ხომ ძალიან ცუდი იყოო. რა დროს ესაა? ჰო, 1914 და 1939-იც "უდროო" იყო, მაგრამ ხომ იყო.
ჩვენთან არც ოლიგარქიაა ძლიერი, მაგრამ მისი მრავალგვაროვანი, ერთმანეთთან შეუთანხმებელი და ჭრელი ოპონენტები, ანუ ჩვენ ვართ სუსტები, რადგან ექსკლუზიური სოციალური თუ პოლიტიკური სივრცეებიდან ვიყურებით და, როგორც აღმოჩნდა, ხშირად სასურველს ვასაღებთ რეალობად, რეალობა კი მოუხელთებელია. მით უმეტეს, იმ პრობლემის გათვალისწინებით, რომ მთავარ ღირებულებით ფენომენებზე ვერ შევთანხმებულვართ, ნაცია კი არ არსებობს დიდი კონსენსუსის გარეშე.
ჩვენი დროის მახასიათებელი კი ისაა, რომ გამარჯვებული არ არსებობს, რადგან არც ერთმნიშვნელოვნად ძლიერია ვინმე და არც ერთმნიშვნელოვნად სუსტი.
თუნდაც უკრაინის, ყაზახეთის, ბელარუსის ან ჩვენს მაგალითზე ვნახოთ. აგერ პუტინი, ვიდრე ცოცხალია, ვერც მოიგებს და არც დამარცხდება. თუმცა ძალიან კი გაგვაწვალებს, როგორც აქამდე გვაწვალებდა. ახლა შეიძლება უფრო მეტადაც, რადგან გინდა - არ გინდა, ის უკვე გზის ბოლოსაა - ანუ კი არ იწყებს, არამედ ასრულებს.
დასავლეთზეც იგივე ითქმის: ვერც წინ წავა და არც უკან დაიხევს.
და საქართველოც სულ იქნება, მაგრამ სულ იქნება იმის რეალური საშიშროება, რომ გაქრეს. როგორც არაერთხელ გამქრალა და მაინც იყო.
კოვიდიც გაქრება, მაგრამ ახლებური და ყოვლისმომცველი ეპიდემიები - უკვე აღარასდროს. ხან რა დაგვეცემა თავზე, ხან რა. თუმცა ვერც ის დაგვამარცხებს ბოლომდე და ვერც ჩვენ - მას.
რაკი არამკაფიოობის ეპოქაა.
და იქნებ ეს ლოგიკურიცაა?
სიკეთემ თავისი სისუსტე უნდა შეიცნოს, ხოლო ბოროტებამ - თავისი უაზრობა.
რადგან ძალა აბსურდად იქცა.
და რადგან დღეს ყველა სუსტია.