დიდი სახლები და სავსე ჯიბეები - ნაზარბაევის ოჯახის ოფშორული იმპერია

ანიერის მუნიციპალიტეტში, ჟენევის ტბის მარცხენა სანაპიროზე დიპლომატები, ბანკირები და მდიდარი შვეიცარიელები ცხოვრობენ. უძრავი ქონების ფასი აქ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია შვეიცარიაში, რომელიც, თავის მხრივ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა სახლების ღირებულებით.

შემთხვევითი გამვლელი აქ ვერ მოხვდება. სახლების უმეტესობას ალაყაფები და უსაფრთხოების კამერები იცავს. თუმცა, მათი დათვალიერება ინტერნეტში, უძრავი ქონების გასაყიდ საიტებზეა შესაძლებელი. დიდი, ნათელი ოთახების ფანჯრები მოვლილ, გაპრიალებულ გაზონებს გაჰყურებს. კერძო პლაჟებთან კატერები და კაიაკები ტივტივებს. ყველაფერი სიმდიდრესა და ფუფუნებაზე მიუთითებს.

თუმცა, Route D’Hermance-ის 399 ნომერში მდებარე სახლი ამის ფონზეც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. სახლი კი არა, 3200 კვადრატული მეტრი ფართობის სამსართულიანი ვილაა - 25-მეტრიანი შიდა აუზით, სპათი და უზარმაზარი ტერასებიანი ეზოთი.

ვილის მფლობელი, შვეიცარიის რეესტრის ცნობით, დინარა კულიბაევაა, ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი. დინარამ და მისმა მეუღლემ, ტიმურ კულიბაევმა სახლი 2009 წელს, 75 მილიონ დოლარად შეიძინეს.

ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც 2010 წელს „ერის ლიდერის“ წოდება მიანიჭეს. დღეს ის ქვეყნის გავლენიანი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ხელმძღვანელია.

ნურსულთან ნაზარბაევი

ბოლო 20 წლის განმავლობაში ნაზარბაევის ახლობლებმა ასობით მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება შეიძინეს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში - მოდური ბინა მანჰეტენის ცათამბჯენებში, კოხტა სახლი ლონდონის გარეუბანში, ვილა ესპანეთის კოსტა ბრავას სანაპიროზე...

რადიო თავისუფლების გამოძიებამ შეადგინა უძრავი ქონების ამ იმპერიაში შემავალი სახლების სია. ეს ქსელი ნაზარბაევის ნათესავებთანაა დაკავშირებული, მათ შორის მის ორ ქალიშვილთან, მის შვილიშვილებსა და მის ძმასთან.

ეს ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, მაგრამ კარგად აჩვენებს, თუ რა მასშტაბის ინვესტიციასთან გვაქვს საქმე.

რადიო თავისუფლებამ დაადგინა, რომ ნაზარბაევის ოჯახის წევრებმა, 20 წლის განმავლობაში აშშ-სა და ევროპის 5 ქვეყანაში 785 მილიონი დოლარის უძრავი ქონება შეისყიდეს. აქ შედის რამდენიმე სახლი, რომელიც შემდეგ გაყიდეს - მათ შორის, მრავალ მილიონად შეფასებული ბინები აშშ-ში, რომელიც ნაზარბაევის ძმას, ბოლატს ეკუთვნოდა. ამ თანხაში არ შევიდა უზარმაზარი მამული ესპანეთში, რომელიც კულიბაევს ეკუთვნის, მაგრამ მისი ფასის დადგენა ვერ მოხერხდა.

ნაზარბაევის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ქონება ნავთობით მდიდარი ქვეყნის ენერგეტიკის, ბანკის და სხვა მოგებიან სექტორებში დააგროვეს, ზოგიერთს კი ოფიციალური სამთავრობო თანამდებობაც ეკავა.

მიიჩნევა, რომ ყაზახეთში სიმდიდრის დასაგროვებლად ნაზარბაევის მფარველობაა საჭირო. თუმცა, მისი ნათესავები ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ისინი წარმატებული ბიზნესმენები არიან და ოჯახს თუ პოლიტიკური კავშირებს მნიშვნელობა არა აქვს.

ნაზარბაევი 81 წლისაა. უცნობია, თუ ვინ ჩაუდგება ქვეყანას სათავეში, როდესაც ის ბოლომდე ჩამოშორდება პოლიტიკას და რა ბედი ეწევა მასთან ახლო მდგომების ქონებას.

„სისტემა ძალიან მყიფეა. პოლიტიკური ეკონომიკა, რომელიც ნაზარბაევმა შექმნა, ერთი კაცის გარშემოა აშენებული“, - ამბობს კეიტ მალინსონი, ცენტრალური აზიის პოლიტიკის მკვლევარი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. მისი თქმით, ნაზარბაევის ნათესავები და უახლოესი მოკავშირეები ცდილობენ, ქონება ქვეყნის გარეთ გაიტანონ და ამგვარად დაიცვან თავი გაურკვევლობისგან.

ყაზახეთის უძველესი და უმსხვილესი ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ევგენი ჟოვტისი ამბობს, რომ ძალიან რთულია გამიჯნო, სად იწყება მთავრობა და მთავრდება ნაზარბაევის ოჯახი. მისი აზრითაც, ძალიან რთულია იმის ვარაუდი, თუ რა მოხდება ქვეყანაში ნაზარბაევის სიკვდილის შემდეგ.

„როდესაც ასეთ პოლიტიკურ სისტემაში ცხოვრობ, კანონის იმედზე ვერ იქნები“, - თქვა ჟოვტისმა.

უძრავი ქონების სია:

23/24 Avenue de la Tropicale, კანი, საფრანგეთი (ასევე ცნობილია, როგორც “La Tropicale”)

ფართობი: 6,464 კვადრატული მეტრი

ფასი შეძენის დროს: 22.9 მილიონი ევრო
მფლობელები: ბოლატ ნაზარბაევი (ნურსულთან ნაზარბაევის ძმა), მაირა კურმანგალიევა (ბოლატ ნაზარბაევის ყოფილი ცოლი).

ოთხდონიანი სტრუქტურა იონური თაღებით და ლავგარდანებით, ღია საცურაო აუზით, „ოთხი მისაღები ოთახით, ოთხი მცირე ლაუნჯით, შვიდი საწოლი ოთახით, სამი სამზარეულოთი, ღვინის ორი სარდაფით...“

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს აშენებული La Tropicale კანის ყველაზე ექსკლუზიურ უბანში მდებარეობს და ხმელთაშუა ზღვას გადაჰყურებს.

ქალაქის რეესტრის თანახმად, ქონების ბოლო ტრანზაქცია 2008 წლის იანვარში ფიქსირდება, როდესაც კომპანია „ხანიკამ“ ის 22,9 მილიონ ევროდ შეიძინა. „ხანიკას“ მფლობელობის სტრუქტურა ვერ დადგინდა, თუმცა ასეთი სახელის კომპანია მეზობელი მონაკოს სასამართლო დოკუმენტებში ფიქსირდება და თანხაც მონაკოში დაფუძნებული ბანკის მიერ იყო გამოყოფილი.

2010-იანი წლების დასაწყისში ბოლატ ნაზარბაევის და მისი ყოფილი მეუღლის, მაირას განქორწინებას და მათი ქონების - მათ შორის, La Tropicale-ს გაყოფას აშშ-ის სასამართლო განიხილავდა. აშშ-ის სასამართლოს ჩანაწერები ადასტურებს, რომ მხარეები 2014 წელს მორიგდნენ, თუმცა უცნობია, რა შეთანხმებას მიაღწიეს ამ სახლთან დაკავშირებით.

სასამართლოს დოკუმენტი ასევე აჩვენებს, რომ ერთ დროს ამ ქონებას მართავდა წყვილის ვაჟის, ხანბოლატ ნაზარბაევის სახელზე დარეგისტრირებული ტრესტი. თავად ხანბოლატი ამ დროს 9 წლის იყო.

მდებარეობა:

Avenue Canyelles 2(B), Lloret De Mar, ჟირონა, ესპანეთი

ფართობი: 20 ჰექტარი; სახლი სტუმრებისთვის: 3200 კვადრატული მეტრი (სავარაუდოდ)

ფასი შეძენის დროს: უცნობია

მფლობელი: ტიმურ კულიბაევი (ნურსულთან ნაზარბაევის სიძე; დინარა ნაზარბაევის ქმარი)

13 საძინებელი ოთახი; სულ მცირე, 19 სააბაზანო, სულ მცირე, ერთი აუზი, სახლის კინოთეატრი, სამი საუნა, დიდი გარაჟი ეგზოტიკური მანქანებისთვის

მთის ფერდობზე გაშენებული უზარმაზარი მამული, რომელსაც ადგილობრივები Can Juncadella-ს უწოდებენ, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს განავითარა ესპანელმა ბიზნესმენმა. ის შემდეგ იაპონურმა კომპანიამ შეიძინა და იქ სკოლა მოაწყო. ქონება 2007 წელს გაიყიდა და მას შემდეგ, გაუთავებელი სასამართლო საქმეების სუბიექტია.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მამული თავად ნურსულთან ნაზარბაევს ეკუთვნის. იუწყებიან, რომ ნაზარბაევი დაესწრო აქ გამართულ წვეულებას, თუმცა ამ ცნობის დადასტურება ვერ მოხერხდა.

რადიო თავისუფლება რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა ნაზარბაევის პრესმდივანთან დაკავშირებას. უპასუხოდ დარჩა მისი პოლიტიკური პარტიის სახელზე გაგზავნილი ი-მეილებიც.

იმას, რომ მფლობელი მართლაც ყაზახია, დოკუმენტების კვალი ადასტურებს. ქონება 2000-იან წლებში ბარსელონაში დარეგისტრირებულმა კომპანია Flinder Data-მ შეიძინა დაუდგენელ ფასად. ეს კომპანია ეკუთვნოდა ჰოლანდიაში ინკორპორირებულ ფირმა Faltain-ს, რომელიც, თავის მხრივ, სინგაპურში დარეგისტრირებული Steppe Unity Cooperative-ის მფლობელობაშია.

Steppe Unity-ს ნაწილობრივი მესაკუთრე კი გახლავთ ტიმურ კულიბაევი, ყაზახეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილის, დინარას მეუღლე.

Flinder Data-ს რეგისტრირებული წარმომადგენელია ოლგა არისტოვა, რომელიც მანამდე კულიბაევთან დაკავშირებულ კომპანიებში ასრულებდა მსგავს როლს. არისტოვას წინამორბედი Flinder-ში იყო ყაზახეთის მოქალაქე ასილბეკ კარიბაევი, რომელიც, ამავე დროს, მუშაობდა ყაზახეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიის შვილობილ ორგანიზაციაში - რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ტიმურ კულიბაევია.

ამ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტების კვალი სასამართლო საქმეების შედეგადაა დატოვებული. ადგილობრივმა გარემოს დამცველმა ორგანიზაციამ, 2010-იანი წლების დასაწყისში, სცადა შეეჩერებინა ამ ტერიტორიაზე ახალი მშენებლობის დაწყება, რადგან, მათი მტკიცებით, ის დაცულ ლანდშაფტზე მდებარეობდა. ორგანიზაციას მხარი დაუჭირა კატალონიის ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომაც და მშენებლობის შეჩერების ბრძანება გასცა. თუმცა, საბოლოოდ, მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ცოტა ხნის წინ კი შენობის მფლობელებმა სცადეს თავიანთი ტერიტორიის მიმდებარედ გამავალი გზის გადაკეტვა. რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის შემდეგ გადაწყდა, რომ გზა საჯარო უნდა დარჩენილიყო. ვიდრე საქმეს სასამართლო განიხილავდა, მფლობელები აგრესიული ტაქტიკით ცდილობდნენ აღეკვეთათ ამ გზაზე ადამიანების მოძრაობა - ყველგან მუქარის აბრები განათავსეს და დინამიკები დადგეს, საიდანაც გამაფრთხილებელი განცხადებები ისმოდა. ზოგჯერ, როგორც იქაურმა აქტივისტებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, დინამიკებში გასროლის ხმებიც ისმოდა - როგორც ჩანს, ადგილობრივების დასაშინებლად.

მდებარეობა:

Chateau de Bellerive, No. 25 და No. 27 Chemin du Milieu, კოლონჟ-ბელერივი, ჟენევის კანტონი, შვეიცარია

ფართობი: მთლიანი ტერიტორია: 28,700 კვადრატული მეტრი; ძირითადი შენობა: 890 კვადრატული მეტრი; 1.5 ჰექტარი მიწა მცირე ისტორიული კოტეჯით

ფასი შეძენის დროს: 106 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (113,2 მილიონი დოლარი 2019-20 წლებში)

მფლობელი: დინარა კულიბაევა (ნურსულთან ნაზარბაევის უმცროსი შვილი)

სასახლე ქვის კედლებით და ორი კოშკით; შვეიცარიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

მეჩვიდმეტე საუკუნეში აშენებული Chateau de Bellerive მრავალი წლის განმავლობაში ეკუთვნოდა სადრუდინ აღა-ხანს, რომელიც ფილანთროპიული და დიპლომატიური მოღვაწეობით იყო ცნობილი.

2019 წელს ტბის პირას მდებარე ქონება დინარა კულიბაევამ, ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილმა შეისყიდა 62 მილიონ ფრანკად (63,8 მილიონი დოლარი).

კულიბაევამ 2020 წლის იანვარში ტერიტორია გააფართოვა და მეზობლად მდებარე 1,5 ჰექტარი მიწაც შეიძინა 44 მილიონ ფრანკად (49,3 მილიონი დოლარი).

შვეიცარიულმა ჟურნალმა Bilan-მა კულიბაევას შვეიცარიის უმდიდრესი ადამიანების სიაში 59-ე ადგილი მიანიჭა.

მდებარეობა:

No. 399 Route D’Hermance, ანიერი, ჟენევის კანტონი

ფართობი: მთელი ტერიტორია: 7,960 კვადრატული მეტრი; ძირითადი შენობები: 3,200 კვადრატული მეტრი

ფასი შეძენის დროს: 74,7 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (72 მილიონი დოლარი 2009 წელს)

მფლობელი: დინარა კულიბაევა (ნურსულთან ნაზარბაევის უმცროსი შვილი).

სამსართულიანი ვილა 25-მეტრიანი საცურაო აუზით, სპათი და ტერასებით

ჟენევის უძვირეს გარეუბანში მდებარე ეს ტბისპირა სახლი შვეიცარიის ხელისუფლების ყურადღების ქვეშ მოექცა, როდესაც კულიბაევამ მისი ყიდვა გადაწყვიტა. შვეიცარიული კანონმდებლობა უცხოელების მიერ გარკვეულ ინვესტიციებს ზღუდავს - საბოლოოდ, 2009 წელს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კულიბაევას შეძენის ნებართვა მისცა.

შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის 2013 წლის გამოძიების თანახმად, კულიბაევას ნებართვის აღება დასჭირდა, რადგან ქონების საერთო ფართობი აღემატებოდა 3 ათას კვადრატულ მეტრს - სწორედ ესაა მაქსიმალურად დასაშვები ფართობი არაევროპული ქვეყნის მოქალაქეებისათვის.

მაგისტრატმა მოსამართლემ ნებართვის გაცემის მიზეზად დიანას მეუღლის, ტიმურ კულიბაევის და მამის, ნურსულთან ნაზარბაევის მოსალოდნელი ვიზიტები დაასახელა. „მადამ კულიბაევას დასჭირდება მნიშვნელოვანი მიღებების ორგანიზება და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღება, რაც ამართლებს ამ ფართობის შენობის შეძენას“, - ნათქვამია მოსამართლის გადაწყვეტილებაში.

2016 წელს კულიბაევამ, რომელიც მაშინ აღმოსავლეთ შვეიცარიაში, ლუგანოში ცხოვრობდა, ინტერვიუ მისცა შვეიცარიელ ჟურნალისტს, რომელმაც მას შეკითხვა დაუსვა მისი ქონების შესახებ. „მართალი გითხრათ, ზუსტად არ ვიცი. ეს არც ჩემი თვითმიზანია და არც სიამაყის წყარო“, - თქვა კულიბაევამ. 2016 წელს „ფორბსმა“ მისი ქონება 2,4 მილიარდ დოლარად შეაფასა.

მდებარეობა:

Villa Galli, Via Cantonale 3 (ასევე ცნობილია, როგორც La Romantica), მელიდე, შვეიცარია

ფართობი: 11,014 კვადრატული მეტრი

ფასი შეძენის დროს: უცნობია

სავარაუდო მფლობელები:

  1. ბეგჯეტ პაცოლი (შვეიცარიული სამშენებლო კომპანიის, „მატაბექსის" დამფუძნებელი. კომპანიას აშენებული აქვს რამდენიმე სამთავრობო შენობა ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში. კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი).
  2. ტიმურ კულიბაევი (ნურსულთან ნაზარბაევის სიძე; დინარა ნაზარბაევის ქმარი).

ამჟამად მიმდინარეობს მშენებლობა - სავარაუდოდ, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსი

2013 წლამდე ლუგანოს ტბის მახლობლად მდებარე ტერიტორიაზე მეცხრამეტე საუკუნის შენობა Villa Galli იდგა, რომელსაც ადგილობრივები La Romantica-ს სახელითაც მოიხსენიებდნენ. აქ იყო განთავსებული პოპულარული რესტორანი, ჩაის სახლი, ღამის კლუბი და პლაჟი.

7 წლის წინ ტერიტორია უხმაუროდ შეიძინა კომპანია Stott Limited-მა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ინკორპორირებულმა ფირმამ, რომელიც ბეგჯეტ პაცოლის სახელთანაა დაკავშირებული. პაცოლი კოსოვოელი ბიზნესმენია, რომელსაც ყაზახეთში არაერთი მასიური შენობა აქვს აშენებული, მათ შორის, მთავრობის სასახლე და აეროპორტის ტერმინალი.

პაცოლის სამშენებლო კომპანიის, Mabatex-ის სათავო ოფისი ლუგანოში მდებარეობს.

2008 წელს პაცოლიმ საჯაროდ განაცხადა, რომ ფლობდა ტერიტორიას, სადაც La Romantica იყო განთავსებული, თავად შენობა კი Stott Limited-ს ეკუთვნოდა, რომლის წარმომადგენელიც თვითონ იყო.

2010 წელს პაცოლიმ უარყო, რომ La Romantica მესამე პირის სასარგებლოდ შეიძინა და განაცხადა, რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტ ნაზარბაევის ოჯახის არცერთი წევრი არ ფლობს არც La Romantica-ს და არც Stott Limited-სო.

მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, პაცოლიმ შენობა 2013 წელს დაანგრია. მას შემდეგ დეველოპერები ადგილობრივ ხელისუფლებასთან დავაში არიან ჩართულები ზონალურ ნებართვებთან დაკავშირებით. ამჟამად ტერიტორიაზე ჩოგბურთის კლუბი და სამი უსახური საოფისე შენობაა განთავსებული.

2010 წელს შვეიცარიელი ჟურნალისტების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ Stott Limited-ის ნახევარს ფლობდა სხვა კომპანია - Transasian Oil, რომლის მესაკუთრე, ინდოელი ბიზნესმენი, ტიმურ კულიბაევის ბიზნესპარტნიორია. ამ გამოძიების თანახმად, Villa Galli-ს ჭეშმარიტი მფლობელი სწორედ Transasian Oil გახლავთ.

პაცოლის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ Stott Ltd. „100 პროცენტით ეკუთვნის ბეგჯეტ პაცოლის“ და La Romantica-ს „100 პროცენტით ფლობს Stott Ltd“. „ბატონ კულიბაევთან საქმიან ურთიერთობას ადგილი არ ჰქონია!“ - ნათქვამია ი-მეილში.

წარმომადგენელს აღარ უპასუხია შეკითხვაზე, თუ როდის ჩაუდგა პაცოლი სათავეში კომპანიას და რით აიხსნებოდა ცდომილებები მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებში ვილის მფლობელობასთან დაკავშირებით.

მდებარეობა:

10225 Collins Ave., Unit 1801, ბელ ჰარბორი, ფლორიდა, აშშ

ფართობი: 355 კვადრატული მეტრი

ფასი შეძენის დროს: 3,4 მილიონი დოლარი

მფლობელები: ბოლატ ნაზარბაევი (ნურსულთან ნაზარბაევის ძმა), დანიარ კესიკბაევი (ბოლატ ნაზარბაევის გერი, მაირა კურმაგალიევას შვილი).

მდიდრული ბინა 24-სართულიან კორპუსში, სამი საძინებლით და ხუთი სააბაზანოთი

ფლორიდის რეესტრის თანახმად, ბინა ოკეანის სანაპიროზე, რომელსაც გარს აივანი არტყია ატლანტის ოკეანის ხედით, 2006 წელს 3,4 მილიონ დოლარად შეიძინა დანიარ კესიკბაევმა, ბოლატ ნაზარბაევის გერმა.

ბინა გახდა აშშ-ის სასამართლოში დავის საგანი ბოლატის და მისი ყოფილი ცოლის, მაირა კურმანგალიევას - კესიკბაევის დედის - განქორწინების დროს. დისპუტი შეეხებოდა ასევე მილიონობით დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას მანჰეტენზე და მილიონობით დოლარის ღირებულების ძვირფასეულობას.

კესიკბაევმა ფლორიდის ბინის მფლობელობა ბოლატს 2014 წლის ოქტომბერში გადასცა. 2016 წლის მარტში ბოლატმა ბინა ნომინალურ თანხად, 10 დოლარად გადასცა ფლორიდაში რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც ამჟამად აქტიური აღარაა. ამ ფირმამ, თავის მხრივ, ბინა მიჰყიდა კიდევ ერთ ფლორიდულ კომპანიას, რომელიც ამჟამად ასევე აღარ ფუნქციონირებს.

2012 წელს ბოლატ ნაზარბაევმა უჩივლა კორპუსის დეველოპერს კონტაქტის დარღვევისთვის - ირწმუნებოდა, რომ როდესაც მან 1,3 მილიონი დოლარის დეპოზიტი განათავსა, დეველოპერმა აღუთქვა, რომ აივანი „პრივატული“ იქნებოდა. ბოლატის აზრით კი, საბოლოოდ შერჩა აივანი, რომელიც არასაკმარისად იყო შემოსაზღვრული.

სასამართლო ჩანაწერების თანახმად, მხარეებმა კონფიდენციალურ შეთანხმებას მიაღწიეს.

მდებარეობა:

2 Margo Way, ალპინი, ნიუ-ჯერსი, აშშ

ფართობი: 3,160 კვადრატული მეტრი

ფასი შეძენის დროს: 20 მილიონი დოლარი

მფლობელები: დანიარ კესიკბაევი (ბოლატ ნაზარბაევის გერი, მაირა კურმაგალიევას შვილი), მაირა კურმანგალიევა (ბოლატ ნაზარბაევის ყოფილი ცოლი).

სახლი რვა საძინებლით, 13 სააბაზანოთი, რვამანქანიანი გარაჟით, კალათბურთის მოედნით, ზღვის წყლის აუზით, საბილიარდოთი და ღვინის სარდაფით

ეს სასახლე აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული უბნის ჩიხში მდებარეობს. ის იყო ნიუ-ჯერსის ისტორიაში გაყიდული ერთ-ერთი უძვირესი შენობა.

სახლი ანონიმურმა კომპანიამ შეიძინა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ კომპანიის უკან რომელიმე რუსი ოლიგარქი იდგა. თუმცა, აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი საბუთებით ირკვევა, რომ თანხა ბოლატ ნაზარბაევს, ნურსულთან ნაზარბაევის ძმას ეკუთვნოდა.

სახლის შესყიდვა 2012 წელს გაფორმდა - რამდენიმე თვის შემდეგ, რაც აშშ-ის სასამართლომ დაიწყო დავის განხილვა ბოლატის და მისი ყოფილი მეუღლის, მაირა კურმანგალიევას განქორწინებასთან დაკავშირებით.

სასამართლოს დოკუმენტებში ნახსენებია, რომ ბოლატ ნაზარბაევი არ განაცხადებდა პრეტენზიას უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე „2 Margo Way, ალპინი, ნიუ-ჯერსი“. სასამართლო დოკუმენტაციაში ეს სახლი ასევე დასახელებულია კესიკბაევის და კურმანგალიევას საცხოვრებელ მისამართად.

2014 წლის თებერვალში ბოლატ ნაზარბაევის ადვოკატმა კურმანგალიევას ადვოკატს მისწერა, რომ ნიუ-ჯერსის სახლი „ბატონი ნაზარბაევის ფულით იყო შეძენილი“ და მას 20 მილიონ დოლარად აფასებდა.

მდებარეობა:

Apts. 930 and 702, 55 Wall St., ნიუ-იორკ სიტი, აშშ

ფართობი: 204 კვადრატული მეტრი და 109 კვადრატული მეტრი

ფასი შეძენის დროს: 2,6 მილიონი დოლარი და 1,7 მილიონი დოლარი

მფლობელები: ბოლატ ნაზარბაევი (ნურსულთან ნაზარბაევის ძმა), დანიარ კესიკბაევი

Apt. 930: ორი საძინებელი და ერთი სააბაზანო; Apt. 702: ოთხი ოთახი, ერთი საძინებელი, 1 ½ სააბაზანო

ორი ბინა, რომელიც მანჰეტენის უოლ-სტრიტის ისტორიულ შენობაში მდებარეობს, ასევე იყო დავის საგანი ბოლატ ნაზარბაევისა და მაირა კურმანგალიევას განქორწინების დროს. 2012 წლის საჩივარში ბოლატი ამტკიცებდა, რომ დანიარ კესიკბაევს ფული მისცა, რათა ამ ორ ბინაში ინვესტიცია განეხორციელებინა. სანაცვლოდ კი, საჩივრის თანახმად, დანიარმა ეს ბინები მიისაკუთრა.

ბინა 702 კესიკბაევმა 2011 წელს გაყიდა 940 ათას დოლარად. ბინა 930 ბოლატმა გაყიდა დაუდგენელ ფასად 2016 წელს.

მდებარეობა:

Plaza Hotel, Unit 1801, 768 Fifth Avenue, ნიუ-იორკ სიტი, აშშ ​

ფართობი: 427 კვადრატული მეტრი

ფასი შეძენის დროს: 20,2 მილიონი დოლარი

მფლობელი: ბოლატ ნაზარბაევი (ნურსულთან ნაზარბაევის ძმა).

ოთხსაძინებლიანი ბინა Plaza Hotel-ის შენობის მეთვრამეტე სართულზე, რომელიც ცენტრალ-პარკს გადაჰყურებს

2008 წელს ბინა ბოლატ ნაზარბაევმა და მისმა მაშინდელმა მეუღლემ, მაირა კურმანგალიევამ შეიძინეს. განქორწინების დროს ბოლატი ირწმუნებოდა, რომ ეს ბინა მაირამ და მისმა შვილმა, დანიარ კესიკბაევმა მოტყუებით ჩაიგდეს ხელში.

2014 წელს ბოლატ ნაზარბაევმა ბინის მფლობელობა დაიბრუნა. ორი წლის შემდეგ კი 17,9 მილიონ დოლარად გაყიდა - ნაკლებად, ვიდრე თავის დროზე შეიძინა.

მდებარეობა:

Hotel Corso, Stará Louka 460/38, კარლოვი ვარი, ჩეხეთი

ფართობი: 526 კვადრატული მეტრი

ფასი შეძენის დროს: უცნობია

მფლობელი: ზელინა კატრანოვა (ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილის, ალტაი კულიბაევის ცოლის დედა).

6-სართულიანი, 24-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც მდინარე ტეპლას გადაჰყურებს

Hotel Corso კარლოვი ვარის ცენტრში მდებარეობს. მისი მფლობელია ჩეხეთში დარეგისტრირებული კომპანია Kalma II, რომელსაც ზელინა კატრანოვა აკონტროლებს. ზელინა კატრანოვას ქალიშვილი კი ტიმურ და დინარა კულიბაევების ვაჟის მეუღლეა. 1999 წელს დარეგისტრირებული კომპანიის ოფისი ოფიციალურად სწორედ ამ სასტუმროს მისამართზე მდებარეობს.

ყაზახეთში კატრანოვა გახლავთ კომპანია Vostochnoye Rudoupravlenie-ს გენერალური დირექტორი. ეს კომპანია აწარმოებს მინერალებს, რომლებსაც შემდეგ ნავთობისა და გაზის კომპანიები იყენებენ.

მდებარეობა:

Hotel Mignon, Sadova 1049/55, კარლოვი ვარი, ჩეხეთი

ფართობი: 1,561 კვადრატული მეტრი

ფასი შეძენის დროს: 2,96 მილიონი ჩეხური კრონა (74 ათასი დოლარი 2000 წელს)

მფლობელი: კაირატ ბორანბაევი (ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილის, აისულთან ნაზარბაევის ყოფილი ცოლის, ალიმას მამა).

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო არტ-ნუვოს სტილის შენობაში, სადაც ასევე განთავსებულია სამედიცინო და ბიზნესცენტრები

სასტუმრო 2000 წლის აპრილში შეიძინა ჩეხეთში დარეგისტრირებულმა კომპანიამ, რომელსაც კაირატ ბორანბაევი ფლობს. ბორანბაევის ქალიშვილი, ალიმა, გახლდათ ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილის, აისულთანის მეუღლე. 2013 წელს, ალმა-ატაში ჩატარებულ ქორწილს ამერიკელი ჰიპ-ჰოპ სუპერვარსკვლავი, კანიე უესტიც ესწრებოდა.

ამ კომპანიის მეწილეა ზელინა კატრანოვაც - მისი ქალიშვილი ნაზარბაევის კიდევ ერთი შვილიშვილის - ალტაი კულიბაევის მეუღლეა.

მდებარეობა:

Myslivna, Sovova stezka 470/1, კარლოვი ვარი, ჩეხეთი

ფართობი: ტერიტორია: 9,280 კვადრატული მეტრი, შენობა: 1,015 კვადრატული მეტრი

ფასი შეძენის დროს: 36 მილიონი ჩეხური კრონა (1,4 მილიონი დოლარი 2017 წელს)

მფლობელი: ტიმურ კულიბაევი (ნურსულთან ნაზარბაევის სიძე; დინარა ნაზარბაევის ქმარი).

ხუთსართულიანი ისტორიული შენობა, რომელიც დაცულ ტერიტორიაზეა აშენებული და კარლოვი ვარს გადაჰყურებს

მეცხრამეტე საუკუნეში აშენებულ ამ შენობაში ადრე პოპულარული კაფე, Jagerhaus, მდებარეობდა. 1990-იან წლებში კი აქ ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ისვენებდნენ და მინერალურ აბაზანებს იღებდნენ.

სამინისტრომ მთლიანი კომპლექსი 2017 წელს მიჰყიდა ჩეხეთში დარეგისტრირებულ კომპანია Margotrade Investments-ს. კომპანიის დირექტორია აიჟან ბექსეიტოვა, კაირან ბორანბაევთან დაახლოებული პირი.

თავად Margotrade-ს ფლობს ჰოლანდიაში დარეგისტრირებული ორი კომპანია - ADNTS Holding და Dostyk Holdings, რომელთა მშობელი კომპანიებიც პირდაპირაა დაკავშირებული ტიმურ კულიმბაევთან, ნურსულთან ნაზარბაევის სიძესთან.

2020 წლის სექტემბერში, რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს შენობა აჭედილი და მიტოვებული დახვდათ.

მდებარეობა:

Sportcentrum Hruskova, Hruskova 2194, სოკოლოვი, ჩეხეთი

ფართობი: 1,129 კვადრატული მეტრი

ფასი შეძენის დროს: 1,2 მილიონი ჩეხური კრონა (62,700 დოლარი 2010 წელს)

მფლობელი: კაირატ ბორანბაევი (ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილის, აისულთან ნაზარბაევის ყოფილი ცოლის, ალიმას მამა).

ჩოგბურთის კორტების გარდა აქ არის ბოულინგის, სკვოშისა და ბილიარდის დარბაზები და საუნა

კარლოვი ვარის მახლობლად მდებარე სპორტული ცენტრი შედგება სხვადასხვა ტერიტორიისგან, რომლებიც 2010 და 2012 წლებში შეიძინეს. მთლიან ქონებას ფლობს კომპანია, რომლის ერთადერთი მესაკუთრე ბორანბაევია.

ბორანბაევი ასევე ფლობს სხვადასხვა სპორტულ და ფიტნესცენტრებს, გოლფის მოედნებსა და სასტუმროებს ყაზახეთში.

მდებარეობა:

Villa Ahlan, Sadova 1075/53, კარლოვი ვარი, ჩეხეთი

ფართობი: 1,412 კვადრატული მეტრი

ფასი შეძენის დროს: 10,5 მილიონი ჩეხური კრონა (300 000 დოლარი 1999 წელს)

მფლობელი: კაირატ ბორანბაევი (ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილის, აისულთან ნაზარბაევის ყოფილი ცოლის, ალიმას მამა).

1890-იან წლებში აშენებული სასტუმრო როკოკოს სტილში, ჩეხეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ჩეხეთში დარეგისტრირებულმა კომპანია Mignon-II-მა Villa Ahlan 1999 წლის დეკემბერში შეიძინა. ამ კომპანიას კაირატ ბორანბაევი ფლობს.

2017 წელს ჩეხური მედია იუწყებოდა, რომ ბორანბაევის კუთვნილ ამ სასტუმროს ხშირად სტუმრობდა პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი. გამოითქვა ვარაუდიც, რომ ნაზარბაევი ფლობდა სასტუმროს ნაწილს. თუმცა, ოფიციალურ დოკუმენტებში მისი სახელი არსად ჩანს.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, ნურსულთან ნაზარბაევი მართლაც ესტუმრა Villa Ahlan-ს 2002 წელს. ცნობაში ნათქვამია, რომ სასტუმროს მფლობელები ყაზახეთის მოქალაქეები არიან, თუმცა მათი ვინაობა არ არის დასახელებული.

მდებარეობა:

215-237 Baker Street, ლონდონი, ინგლისი

ფართობი: დაუდგენელია

ფასი შეძენის დროს: 136 მილიონი ფუნტი სტერლინგი

მფლობელები: დარიღა ნაზარბაევა (ნურსულთან ნაზარბაევის უფროსი შვილი), ნურალი ალიევი (ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი).

ეს უბანი 221b ბეიკერ სტრიტთანაა ახლოს - შერლოკ ჰოლმსის საცხოვრებელ მისამართთან

ჩანაწერების მიხედვით, ბეიკერ სტრიტის 215-237-ის მფლობელი წლების წინ გახლდათ Farmont Baker Street Limited, რომლის მესაკუთრეც დაფარული იყო.

ეს ტერიტორია 2008-2010 წლებში შეიძინა ოთხმა ბრიტანეთში დარეგისტრირებულმა კომპანიამ, რომელთაც ერთი მშობელი კომპანია აერთიანებთ.

ამ კომპანიებს აკავშირებდნენ რახათ ალიევთან, ნუსრულთან ნაზარბაევის ყოფილ სიძესთან, რომელიც 2015 წელს, ავსტრიის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ძირითადი სამხილი კი ის იყო, რომ ფირმების დირექტორები იგივე პირები იყვნენ, ვინც რახათ ალიევის მფლობელობაში მყოფ კომპანიებს უძღვებოდნენ. მათ შორის იყო მისი ვაჟი, ნურალი ალიევიც.

2015 წლის მონაცემებით კი, ამ ფირმებს ფლობდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული Farmont Investors Corporation, რომელსაც ნურალი ალიევის დედა, დარიღა ნაზარბაევა აკონტროლებს - რახათ ალიევის ყოფილი მეუღლე და ნურსულთანის უფროსი ქალიშვილი.

მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა მედიამ გამოაქვეყნა ცნობები ამის შესახებ, ბეიკერ სტრიტის მფლობელის ვინაობა გადავიდა აბუ-დაბიში დაარსებულ კომპანიაზე, სახელად Landmark Network Real Estate.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, Landmark Network ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული დარიღა ნაზარბაევასთან.

მდებარეობა:

41-42 Upper Grosvenor Street; 41-42 Reeves Mews, ლონდონი, ინგლისი

ფართობი: 2 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი

ფასი შეძენის დროს: 46,1 მილიონი ფუნტი სტერლინგი

მფლობელი: ტიმურ კულიბაევი (ნურსულთან ნაზარბაევის სიძე; დინარა ნაზარბაევის ქმარი).

ოთხი მრავალსართულიანი შენობა საცხოვრებელი და საოფისე ფართებით

ლონდონის მოდურ უბანში, No. 41 Upper Grosvenor Street-სა და No. 41 Reeves Mews-ზე განთავსებული შენობები 2007 წელს, 25,8 მილიონ ფუნტად შეიძინა ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა კომპანია Merix International Ventures-მა.

No. 41 Upper Grosvenor-ში მდებარე შენობა შვიდი წლის განმავლობაში იყო ცარიელი, რასაც მეზობელთა ცნობისმოყვარეობა და აღშფოთება მოჰყვა. მეზობელი შენობა, რომელიც ასევე ცარიელი იყო, 2007 წლის აგვისტოში 11,9 მილიონ ფუნტად შეიძინა ლუქსემბურგში დარეგისტრირებულმა კომპანიამ, რომელიც კულიბაევს ეკუთვნის.

მეოთხე შენობა, რომელიც No. 42 Reeves Mews-ზე მდებარეობს, იმავე წელს 8,35 მილიონ ფუნტად იყიდა ლუქსემბურგში დარეგისტრირებულმა კომპანიამ Lynn Properties.

ოთხივე მისამართი ფაქტობრივად ერთ შენობაში გაერთიანდა.

2015 წელს ბრიტანეთის სასამართლოს მიმართა ინვესტორმა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მილიონობით დოლარი წაგლიჯეს. მისი ცნობით, Merix International Ventures სრულად ეკუთვნოდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანია Kipros-ს, რომლის საბოლოო მფლობელიც კულიბაევია. როგორც დოკუმენტები აჩვენებს, ოთხივე მისამართი საბოლოო ჯამში კულიბაევს ეკუთვნის, Merix-ის, Lynn Properties-ა და ლუქსემბურგში ინკორპორირებული Vitala Investment Holding-ის მეშვეობით.

მდებარეობა:

Pine Hill, Heatherside Drive, Virginia Water, სიურეი, ინგლისი

ფართობი: სავარაუდოდ, 2,100 კვადრატული მეტრი

ფასი შეძენის დროს: 25,4 მილიონი ფუნტი სტერლინგი

მფლობელი: კაირატ ბორანბაევი (ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილის, აისულთან ნაზარბაევის ყოფილი ცოლის, ალიმას მამა).

გეგმაში მითითებულია, რომ სახლს აქვს კინოთეატრი, საცურაო აუზი, ღვინის სარდაფი, საუნა და სპორტული მოედანი

ეს შენობა ვენტვორთის მამულებშია განთავსებული, რომელიც ერთ დროს უელინგტონის ჰერცოგის ოჯახს ეკუთვნოდა. ბრიტანული დოკუმენტების თანახმად, სახლი კარატ ბორანბაევმა 2014 წლის ნოემბერში შეიძინა, მის მიერ კონტროლირებული ახალზელანდიური კომპანიის მეშვეობით.

ბორანბაევის სახლის ფოტოს საჯარო სივრცეში ვერსად ნახავთ. არსებობს მხოლოდ ერთი ილუსტრაცია, სასახლის უკანა მხარის რენდერი, რომელიც ამ ადგილას მომუშავე ლანდშაფტის კომპანიამ განათავსა თავის საიტზე.

როდესაც ეს ქონება ბორანბაევმა შეიძინა, მას Pinehurst ერქვა. 2016 წელს ინტერიერის დიზაინის სტუდიის წარმომადგენელმა ინტერვიუში ილაპარაკა Pinehurst-ის პროექტზე, თუმცა დამკვეთის ვინაობა არ დაუსახელებია. „ასეთ პროექტზე მუშაობის დროს შეზღუდვები პრაქტიკულად არა გვაქვს, - ამბობდა დიზაინერი, - ჩვენი კლიენტებისთვის ცხოვრების ასეთი სტილი სიახლე არ არის. ისინი საუკეთესო სასტუმროებში ჩერდებიან, ყველაზე მდიდრულ იახტებს სტუმრობენ და ზუსტად იციან, თუ რა სურთ“.

მდებარეობა:

Sunninghill Park, Sunninghill Park, Buckhurst Road, ასკოტი, ინგლისი

ფართობი: 240 ჰექტარზე განლაგებული მამული

ფასი შეძენის დროს:15 მილიონი ფუნტი სტერლინგი

მფლობელი: ტიმურ კულიბაევი (ნურსულთან ნაზარბაევის სიძე; დინარა ნაზარბაევის ქმარი).

მიმდინარეობს რემონტი. დაგეგმილია 14 საძინებლის, საუნის, სავარჯიშო დარბაზისა და ჩოგბურთის კორტების მშენებლობა

სანინგჰილ პარკში მდებარე სასახლე დიდი ხნის განმავლობაში პრინც ენდრიუს ეკუთვნოდა - ეს იყო დედოფალ ელისაბედ მეორის საქორწილო საჩუქარი, როდესაც ენდრიუ სარა ფერგიუსონზე დაქორწინდა. სამეფო წყვილი 1996 წელს გაშორდა და სახლი გაყიდეს. ის 2007 წელს იყიდა ლუქსემბურგულმა კომპანია Unity Assets Corporation-მა, რომლის მესაკუთრედაც ტიმურ კულიბაევია დარეგისტრირებული.

2016 წელს კულიბაევმა სახლი დაანგრია და ახალი რეზიდენციის მშენებლობა დაიწყო. 2020 წლის ოქტომბერში სამუშაოები ჯერ არ იყო დასრულებული.

მდებარეობა:

„აუხსნელი სიმდიდრის“ მისამართები

he Hampstead Mansion, 33 The Bishops Avenue, ლონდონი. ფასი შეძენის დროს: 39,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი. (71,8 მილიონი დოლარი 2018 წელს). მფლობელი: ნურალი ალიევი .

32 Denewood Road, ლონდონი. ფასი შეძენის დროს: 9,3 მილიონი გირქვანქა სტერლინგი. (18,4 მილიონი დოლარი 2008 წელს). მფლობელი: დარიღა ნაზარბაევა.

Apartments 9 and 14, 21 Manresa Road, ლონდონი. ფასი შეძენის დროს: 32 მილიონი გირვანქა სტერლინგი. (49,8 მილიონი დოლარი 2010 წელს). მფლობელი: დარიღა ნაზარბაევა.

მფლობელები: დარიღა ნაზარბაევა (ნურსულთან ნაზარბაევის უფროსი შვილი), ნურალი ალიევი (ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი).

ფართობი: დაუდგენელია.

Bishops Avenue: 10 საძინებელი, მიწისქვეშა აუზი, სახლის კინოთეატრი, სახურავი შუშის გუმბათით.

Denewood: ლონდონის ყველაზე ექსკლუზიური გოლფ-კლუბის მიმდებარედ, კერძო ჩიხში მდებარეობს;

Manresa Road: ორი ბინა, რომელიც ლონდონის ჩელსის უბანში - ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და ძვირ ადგილას მდებარეობს.

სამიდან ორი სახლი - Denewood Road-სა და Bishops Avenue-ზე, ფიქტიურმა კომპანიებმა 2008 წელს შეიძინეს, მესამე კი, Manresa Road-ზე - 2010 წელს. ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტო ირწმუნებოდა, რომ ეს შენობები რახათ ალიევის მიერ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებით მოხვეჭილი ფულის გათეთრებისთვის იყიდეს.

რახათ ალიევი 24 წლის განმავლობაში იყო ნურსულთან ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილის, დარიღა ნაზარბაევას მეუღლე. ისინი 2007 წელს გაშორდნენ.

2014 წელს ალიევი ავსტრიაში დააპატიმრეს 2007 წელს ორი ყაზახი ბანკირის გატაცებისა და მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. ერთი წლის შემდეგ კი ის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს - ოფიციალური ვერსიით, თავი ჩამოიხრჩო, თუმცა ეჭვები მის სიკვდილთან დაკავშირებით ბოლომდე არ გაქარწყლებულა.

ბრიტანული ანტიკორუფციული ორგანიზაცია Global Witness წერდა, რომ ალიევმა ყაზახეთის უშიშროების სათავეში ყოფნისას უზარმაზარი ბიზნესიმპერია შექმნა. 2019 წლის მაისში კი, „აუხსნელი სიმდიდრის“ ორდერის გამოყენებით გაყინეს ლონდონში მდებარე სამი უძრავი ქონება. ორდერი დარიღა ნაზარვაევამ და მისმა ვაჟმა, ნურალი ალიევმა გააპროტესტეს.

2020 წლის აპრილში ბრიტანელმა მოსამართლემ სამივე ორდერი გააუქმა და დაასკვნა, რომ არ დასტურდებოდა მტკიცება, თითქოს ეს ქონება ფულის გასათეთრებლად იქნა შეძენილი.