სტოლტენბერგი: რუსეთთან მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ უკრაინაზე თავდასხმისთვის

იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი განაგრძობს თავისი სამხედრო დაჯგუფების ზრდას უკრაინის საზღვართან და ამ ქვეყანაში რუსეთის შეიარაღებული ინტერვენციის საფრთხე რეალური რჩება.

ეს განცხადება სტოლტენბერგმა პარასკევს გააკეთა ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინკონფერენციის შემდეგ. შეხვედრაზე იმსჯელეს რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებებისა და მოსკოვის მიერ უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნის შესახებ.

„კონფლიქტის საფრთხე რეალურია. რუსეთის აგრესიული ქმედებები ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას,“ განაცხადა ჩრდილოატლანტიკური კავშირის გენერალურმა მდივანმა. მან მხარი დაუჭირა რუსეთთან „პირდაპირ და ღია“ დიალოგს იმ საკითხებზე, რომლებიც მას აწუხებს. „მაგრამ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ის წარუმატებლად დასრულდება,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ასეთ ვითარებაში ნატოს წევრები მზად უნდა იყვნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეტევისთვის.

სტოლტენბერგი მიესალმა რუსეთის მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამასთან ფაქტობრივად მიუღებელი უწოდა რუსეთის მოთხოვნათა ნაწილს. „არ იქნება არავითარი კომპრომისი ჩვენს ფუძემდებელ პრინციპებთან დაკავშირებით, მათ შორის ყოველი ქვეყნის უფლების თაობაზე, თავად აირჩიოს საკუთარი გზა,“ თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა. რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ უკრაინასა და სსრკ-ს სხვა ყოფილ წევრებს უარი ეთქვათ ნატოში გაწევრიანებაზე.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში უსაფრთხოების შესახებ არავითარი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ნატოს ევროპელი წევრების აზრის გაუთვალისწინებლად. ამასთან, მოსკოვი მხოლოდ აშშ-სთან ორმხრივი მოლაპარაკებების მომხრე იყო.

სტოლტენბერგმა კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ აგრესიას მოსკოვისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ნატოს არა აქვს უკრაინის იარაღით დაცვის ვალდებულება.

ასევე იტყობინებან, რომ პარასკევს შედგა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან. საუბრის დროს ბლინკენმა კვლავ განაცხადა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ვაშინგტონის „ურყევი“ მხარდაჭერის შესახებ.