WHO: ომიკრონი შესაძლოა ნაკლებად მძიმე იყოს, მაგრამ არა "მსუბუქი"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, როგორც ჩანს, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ომიკრონი, გლობალურად გავრცელებულ დელტა ვერსიასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, თუმცა მას მაინც არ უნდა ეწოდოს "მსუბუქი".

როგორც კლინიკური მართვის სფეროში WHO-ის ხელმძღვანელმა, ჯანეტ დიაზმა 6 იანვარს განაცხადა, კვლევები აჩვენებს, რომ პირველად ნოემბერში, აფრიკასა და ჰონგ-კონგში აღმოჩენილი ომიკრონით ინფირიცირება ნაკლებად იწვევს ჰოსპიტალიზაციის საფრთხეს. ამასთან, როგორც ჩანს, ომიკრონით ინფიცირების შემთხვევაში დაავადებაც ნაკლებად მძიმედ მიმდინარეობს როგორც ახალგაზრდა, ისე ხანდაზმულ მოსახლეობაში - უთხრა დიაზმა მედიას ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე.

"მიუხედავად იმისა, რომ დელტასთან შედარებით ომიკრონი ნაკლებად მძიმე ჩანს, განსაკუთრებით ვაქცინირებულ მოსახლეობაში, ეს არ ნიშნავს, რომ მას მსუბუქის სტატუსი უნდა შეეფარდოს - განაცხადა WHO-ის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ ღებრეისუსმა ამავე ბრიფინგზე, და დასძინა: "წინა ვარიანტების მსგავსად, ომიკრონიც იწვევს ადამიანების ჰოსპიტალიზაციას და მათ სიკვდილს".

WHO-ის საგანგებო მდგომარეობის ვითარებების ხელმძღვანელის, მაიკლ რაიანის თქმით, საუბრები, რომ ომიკრონი შესაძლოა პანდემიაში ვირუსის უკანასკნელი ვარიანტი იყოს "ოცნებაა" და დასძინა - "ამ ვირუსს კიდევ ბევრი ენერგია აქვს".

WHO-ის ოფიციალური პირები საზოგადოებებს მოუწოდებენ კიდევ უფრო ინტენსიური გახადონ პანდემიასთან ბრძოლა, აცრების, ოთახების განიავების, ფიზიკური დისტანციის შენარჩუნების და ნიღბების სწორად ტარების გზით.