რუსეთმა ყაზახეთში ჯარი შეიყვანა საპროტესტო გამოსვლების ჩასახშობად, ტელევიზია იტყობინება 353 დაჭრილი მოქალაქის შესახებ

ჯარისკაცები ალმათის ქუჩებში, 6 იანვარი, 2022 წელი.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ, რომელსაც რუსეთი მეთაურობს, განაცხადა, რომ ყაზახეთში გადაისროლეს რუსეთის სადესანტო ჯარების ნაწილები ყაზახეთის მთავრობის თხოვნით, რათა მოხდეს ვითარების „სტაბილიზება“ უპრეცედენტო მღელვარების ფონზე, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია საწვავის ფასის ზრდით.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა, უცხოეთში გამოწვრთნილი "ტერორისტული ჯგუფები" დაადანაშაულა, მაგრამ არავითარი დამამტკიცებელი საბუთი არ მოუტანია ყაზახეთში არეულობასთან უცხოეთის კავშირის შესახებ. 6 იანვარს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ განცხადება გააკეთა უკვე მას მერე, რაც ჯარები ალმათის, ყაზახეთის უდიდესი ქალაქის მთავარ მოედანზე განათავსეს.

პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ათეულობით „ექსტრემისტი“ იქნა „ლიკვიდირებული“ ქალაქში, როცა ისინი ადგილობრივი პოლიციის და მთავრობის შენობების „აღებას აპირებდნენ“.

სახელმწიფო ტელევიზია იტყობინებოდა, რომ ალმათიში დემონსტრანტებთან შეტაკების დროს დაიღუპა 12 პოლიციელი. დაჭრილია ამასთან 353 მოქალაქე.

ოთხი დღის წინ საპროტესტო ტალღა აგორდა ყაზახეთის დასავლეთში, მანგისტაუს ოლქში, თხევადი აირის მკვეთრი გაძვირების გამო. ეს საწვავი პოპულარულია და მას სატრანსპორტო საშუალებებისთვის იყენებენ ნავთობით მდიდარ ამ ქვეყანაში, სადაც ეს სფერო მკაცრად კონტროლდება.

2 იანვრის მერე საპროტესტო გამოსვლები გავრცელდა მთელ ქვეყანაში და გაფართოვდა, მისი მონაწილეები პოლიტიკური ხასიათის უკმაყოფილებასაც გამოთქვამდნენ.

კომუნიკაციების მეთვალყურეები იტყობინებიან, რომ მთელ ყაზახეთში გამორთეს ინტერნეტი, დახურულია სამთავრობო ვებსაიტები და საინფორმაციო სააგენტოები.

მანამდე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის განცხადებით, ყაზახეთში „დროის შეზღუდული პერიოდით“ გაგზავნილი სამშვიდობო ძალების ძირითადი ამოცანებია "მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვა და ყაზახეთის მართლწესრიგის დამცველი ძალების დახმარება სიტუაციის სტაბილიზაციის და სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნების მიზნით".

5 იანვარს, ღამით, ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოყაევმა დასახმარებლად მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას.

2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. მათ შორის მოქმედი ხელშეკრულება ითვალისწინებს კოლექტიურ საფუძველზე ერთმანეთის უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ორგანიზაციას, რომელშიც წამყვან როლს რუსეთი ასრულებს, სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალები ჰყავს.