2022 წლის 1 იანვრიდან მოსახლეობის დიდი ნაწილს, ვინც 300 კილოვატ საათამდე დენს მოიხმარდა, ელექტროენერგიის გადასახადი ეზრდება. საუბარია მოსახლეობის 95 პროცენტზე, 1,6 მილიონ ოჯახზე - გასული წლის ოფიციალური მონაცემებით, სწორედ ამდენი ოჯახი მოიხმარდა ამ მოცულობის ელ.ენერგიას.
ტარიფები, ოფიციალურად, 2022 წლის 1 იანვრიდან არ გაზრდილა. ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ დენის გაძვირების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში მიიღო. გაზრდილი საფასური მოსახლეობას 2021 წლის 1 იანვრიდან უნდა გადაეხადა, თუმცა მთავრობამ ბიუჯეტიდან გაზრდილი გადასახადის სუბსიდირება გადაწყვიტა.
მას შემდეგ, რაც სუბსიდირების პროგრამა დასრულდა, (300 კვტ.სთ-მდე) თბილისსა და რეგიონებში დენის საფასური ყოველ 100 კვტ.სთ-ზე 3,5 ლარით ძვირდება.
საყოფაცხოვრებო ტარიფი თბილისში:
- 0 კვტ.სთ-დან 100 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 14,544 თეთრის ნაცვლად 18,041 თეთრი ხდება;
- 101 კვტ.სთ-დან 300 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 18,556 თეთრის ნაცვლად 22,053 თეთრი ხდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კვტ.სთ-ზე ოჯახი 3,5 ლარით მეტს გადაიხდის.
- უცვლელი რჩება 301 კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარებული ელ.ენერგიის გადასახადი (26,537), რადგან მოსახლეობის ამ ნაწილს სუბსიდირების პროგრამა გასულ წელს არ შეეხო.
საყოფაცხოვრებო ტარიფი რეგიონებში:
- 0 კვტ.სთ-დან 100 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 14,237 თეთრის ნაცვლად 17,731 თეთრი ხდება;
- 101 კვტ.სთ-დან 300 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 18,213 თეთრის ნაცვლად 21,707 თეთრი ხდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კვტ.სთ-ზე ოჯახი 3,5 ლარით მეტს გადაიხდის.
- უცვლელი რჩება 301 კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარებული ელ.ენერგიის გადასახადი (26,227), რადგან მოსახლეობის ამ ნაწილს სუბსიდირების პროგრამა გასულ წელს არ შეეხო.