ყაზახეთი: ტოყაევმა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა დახმარებისთვის

ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ოთხშაბათს საღამოს განაცხადა, რომ კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს მიმართა „ტერორისტული საფრთხის გადალახვაში“ დახმარების თხოვნით.

კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყაზახეთის პარტნიორებისადმი მიმართვას ტოყაევმა უწოდა „სწორი და დროული“, ყაზახეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს კი - „საგარეო აგრესიის აქტი“ და „პირდაპირი საფრთხე სახელმწიფოს მთლიანობისთვის“.

ტოყაევმა დემონსტრანტებს ბრალი დასდო ტერორიზმში, თანამემამულეებზე თავდასხმებში და იმაში, რომ ქუჩის აქციებმა „სპეციალური მომზადება გაიარეს უცხოეთში“. ყაზახეთის პრეზიდენტს მტკიცებულებები არ დაუსახელებია და თქვა, რომ „ქვეყნის მოქალაქეები სთხოვენ მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, სასწრაფოდ გაუწიოს მათ დახმარება“.

მანამდე ტოყაევმა სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ბელარუსის ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან. ამ ქვეყნების გარდა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედიან სომხეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.

ყაზახეთში მეოთხე დღეა მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც თან ახლავს დემონსტრანტთა შეტაკებები პოლიციასთან, სპეცდანიშნულების რაზმებთან და სამხედროებთან.

საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა ენერგომატარებლების ფასების ზრდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო.

წუხელ გადადგა ყაზახეთის მთავრობა. ოთხშაბათს დილით დემონსტრანტები შეიჭრნენ ქალაქ ალმათის მერიაში. ხანძარი გაჩნდა ქვეყნის რამდენიმე სამთავრობო შენობაში.

ქვეყანაში მაუწყებლობა შეწყვიტა რამდენიმე ტელეარხმა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ნურ-სულთანსა და ალმათიში გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი.

პრეზიდენტმა ტოყაევმა დედაქალაქ ნურ-სულთანში, ალმათიში, ასევე მანგისტაუსა და ალმათის ოლქებში 19 იანვრამდე შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 23:00-დან 07:00-მდე მოქმედებს.

გამოსვლები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნაზარბაევის მიერ შექმნილ რეჟიმს. თავად ნაზარბაევი 2019 წელს გადადგა და თავის ერთგულ ტოყაევს შეუწყო ხელი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებაში.

როგორც იტყობინებიან, ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევარში ქალაქ თალდი-ყორღანში დემონსტრანტებმა ყაზახეთის ჰიმნის ფონზე ჩამოაგდეს ნაზარბაევის ძეგლი.