პრეზიდენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 იანვარს

გადაარჩენს თუ არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს პრეზიდენტი და როგორ აღიქვამენ წინააღმდეგობრივ კანონს ექსპერტები?

არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით.

"მისასალმებელი იყო საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი შეფასება, რომ მისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა. შესაბამისად, პრეზიდენტმა მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოს, შეეწყვიტა საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა და ყველასთვის მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი არგუმენტები", - აცხადებენ ორგანიზაციები.

კანონის თანახმად, პრეზიდენტს ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ ვეტო გამოიყენოს. აქედან პირველი შვიდი დღე დღეს გავიდა, თუმცა იმის გამო, რომ ახლა ქვეყანაში უქმეებია, შესაძლოა ამ თარიღმა გადაიწიოს კიდეც.

ექსპერტების ნაწილისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ერთი ადამიანის გამო მიღებულ გადაწყვეტილებას ჰგავს.

თინა ხიდაშელი, „ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ამ გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილს ხედავს და მიიჩნევს, რომ ამგვარად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ახლა პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი მხარდამჭერებს ეუბნება, რომ არანაირი დაბრკოლება მათთვის აღარ არსებობს.

„ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოებრიობის ნიშნული დავწიეთ ძალიან დაბლა. დემოკრატიული სახელმწიფოსი კი არა, ზოგადად სახელმწიფოსი. ეს გაცილებით მძიმე და სახიფათოა, ვიდრე დემოკრატიის წინააღმდეგ გალაშქრება. ახლა ჩვენ ვართ მდგომარეობაში - “სახელმწიფო მე ვარ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თინა ხიდაშელმა.

იღებს თუ არა ხელისუფლება კონკრეტულ ადამიანებზე მორგებულ კანონებს? რამდენად სახიფათოა ასეთი პრეცედენტები საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

გამყრელიძე ვარაუდობს იანვრის განმავლობაში „ომიკრონის“ შემთხვევების სერიოზულ ზრდას

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში ივარაუდა კორონავირუსის შტამის, „ომიკრონის“, შემთხვევების ზრდა.

„3 იანვრიდან დღემდე, 5 იანვრის ჩათვლით, არის დამატებით კიდევ 103 შემთხვევა. ზრდა არის დინამიკური, ის არ არის ჯერჯერობით სამჯერადი, ოთხჯერადი, ჯერჯერობით მერყეობს 30%-40%-ის ფარგლებში“, - თქვა მან.

NCDC-ის ხელმძღვანელი მონაცემებს ორ ფაქტორს უკავშირებს - ქვეყანაში „ომიკრონის“ ცირკულაციის ზრდას და წინასაახალწლო პერიოდში მობილობის სერიოზულ მომატებას.

გამყრელიძე ვარაუდობს, რომ იანვარში „ომიკრონის“ ახალი შემთხვევების სერიოზული ზრდა იქნება.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ყაზახეთში პროტესტი გრძელდება: პრეზიდენტი ტოყაევი ნაზარბაევის ნაცვლად უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს

ყაზახეთში გრძელდება ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები, რომელიც თავდაპირველად თხევად გაზზე ფასის ზრდის გამო დაიწყო. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა ტელეგამოსვლაში, რომ არ დატოვებს დედაქალაქ ალმათის. მან ასევე თქვა, რომ საკუთარ თავზე იღებს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას. მანამდე ყაზახეთის უშიშროების საბჭოს სათავეში ედგა ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი.

მოსახლეობისადმი მიმართვაში ტოყაევმა თქვა, რომ მიღებული ზომები საკმარისი არ არის. პრეზიდენტის თქმით, არეულობის უკან დგანან მოტივირებული შეთქმულები, რომელთაც საკუთარი გეგმა აქვთ. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილი აქვს, მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედოს კანონის დამრღვევთა მიმართ.

როგორ ვითარდებოდა მოვლენები დღემდე:

  • აქციები ყაზახეთში 2 იანვარს დაიწყო. პროტესტიდან მესამე დღეს გადადგა ყაზახეთის მთავრობა. ოთხშაბათს დილით დემონსტრანტები შეიჭრნენ ქალაქ ალმათის მერიაში. ხანძარი გაჩნდა ქვეყნის რამდენიმე სამთავრობო შენობაში.
  • ქვეყანაში მაუწყებლობა შეწყვიტა რამდენიმე ტელეარხმა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ დედაქალაქ ნურ-სულთანსა და ალმათიში გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი.
  • დემონსტრანტებმა ხელში ჩაიგდეს ალმათის აეროპორტი, რის გამოც დროებით შეწყდა საჰაერო მიმოსვლა.

რა ხდება ყაზახეთში და როგორ გამწვავდა პროტესტი მოკლე დროში? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ასევე ნახეთ ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

ამ თემაზე ასევე ნახე:

"ენერგო-პრო ჯორჯია": მესტიაში დენის მოხმარება არ შემცირებულა

რეგიონებში ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ მესტიაში დენის მოხმარება არ შემცირებულა. რადიო თავისუფლებას კომპანიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მოსახლეობა იმავე მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარს ახალი წლის დღეებში, რასაც მანამდე მოიხმარდა.

ხატზე დაფიცების შემდეგ, არსებობდა მოლოდინი, რომ რეგიონში დენის მოხმარება შემცირდებოდა. 30 დეკემბერს მესტიელებმა დაიფიცეს, რომ მაინერებს გამორთავდნენ. ახლა დაზუსტებით იმის თქმა შეუძლებელია, ეს არის ახალი წლისთვის ტურისტების ნაკადის გამო გაზრდილი ხარჯი, თუ ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ამუშავებს მაინერებს.

მესტიაში ბოლო რამდენიმე წელია, მათ შორის განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაა. იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება უფასოა, მოსახლეობა კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად მაინერებს რთავს. მაინერების ჩართვის გამო იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. დენის ჭარბი მოხმარების გამო ზამთარში ზიანდება სადენები და მოსახლეობა დენის გარეშე რჩება.

წაიკითხე მეტი.

ბრილიანტები, ანანასები და დახვრეტა საბჭოურად

1960-იანი წლების დამდეგს საბჭოთა ხელისუფლებამ ნიკიტა ხრუშჩოვის ხელმძღვანელობით ჯვაროსნული ომი წამოიწყო შავი ბაზრის წინააღმდეგ. ქვეყნის მასშტაბით შეუდგნენ გადამყიდველების უპრეცედენტო მონდომებით დაპატიმრებას.

2021 წელს კიევში, უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) არქივში, ისტორიკოსმა ედუარდ ანდრიუშჩენკომ აღმოაჩინა დოსიე, რომელიც შეიცავს კორუფციაში ბრალდებული ერთი პირის შესახებ დეტალებს, რომელიც ამ კამპანიის ფარგლებში დააკავეს და დასაჯეს.

იაკოვ შეინკინი 1944-1954 წლებში ექსპედიტორად მუშაობდა. ის რეგულარულად მგზავრობდა კიევიდან დასავლეთ უკრაინაში ვაშლის ჩამოსატანად. კგბ-ს მასალების მიხედვით, ის ამავე დროს თავისთვისაც ყიდულობდა ვაშლს, თითო ჯერზე დაახლოებით 9 ტონას. კგბ-ს ინფორმაციით, შეინკინი ამ საქონელს არალეგალურად ყიდდა კიევის მაღაზიებში და, როგორც ჩანს, მოგებას მაღაზიების გამგეებს უნაწილებდა.

მოგვიანებით შეინკინმა გააფართოვა სამოქმედო ასპარეზი მას შემდეგ, რაც საბითუმო ვაჭრობის საწყობში დაიწყო მუშაობა. ბრალდებით, მან იქ ააწყო უკანონო ვაჭრობა, რომელშიც ჩართული იყვნენ მმართველები, გამყიდველები და მძღოლები. კგბ-ს თანახმად, სქემის ნაწილი იყო ანგარიშების გაყალბების მეშვეობით ხილის ქურდობა, მათ შორის - ბანანისა და ანანასის, რაც საბჭოთა კავშირში დეფიციტი იყო. შემდეგ სქემის მონაწილეები მოპარული ხილის რეალიზაციას ახდენდნენ.

კორუფციაში ბრალდებული ხილით მოვაჭრის წარმოუდგენელ სიმდიდრესა და სასტიკ სასჯელზე კგბ-ს არქივში ნაპოვნი მასალების შესახებ წაიკითხე აქ.

რადიო თავისუფლების დოკუმენტური ფილმი „სიძულვილის განკურნება“ მოგვითხრობს, როგორ ამარცხებს კელვინი მამის საძულვილის იდეოლოგიას საქართველოში მოგზაურობით.