ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა თქვა, რომ აპირებს „რაც შეიძლება მკაცრად“ იმოქმედოს. მისი განცხადების ფონია საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა შეტაკებები უშიშროების ძალებთან ყაზახეთის რამდენიმე დიდ ქალაქში. ქვეყანაში რამდენიმე დღეა გრძელდება საპროტესტო დემონსტრაციები.
„როგორც პრეზიდენტი, მოვალე ვარ, დავიცვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და მშვიდობა, ვიზრუნო ყაზახეთის მთლიანობაზე“, - თქვა ტოყაევმა 5 იანვარს სატელევიზიო გამოსვლაში. მანამდე დემონსტრანტები რამდენიმე ქალაქში შეიჭრნენ სამთავრობო დაწესებულებების შენობებში. მოხდა ხალხის შეტაკებები პოლიციასთან და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან.
საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა ენერგომატარებლების ფასების ზრდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო.
წუხელ გადადგა ყაზახეთის მთავრობა. პრეზიდენტმა ტოყაევმა მიიღო კაბინეტის გადადგომა.
ოთხშაბათს დილით დემონსტრანტები შეიჭრნენ ქალაქ ალმათის მერიაში. ხანძარი გაჩნდა ქვეყნის რამდენიმე სამთავრობო შენობაში.
ქვეყანაში მაუწყებლობა შეწყვიტა რამდენიმე ტელეარხმა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ნურ-სულთანსა და ალმათიში გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი.
პრეზიდენტმა ტოყაევმა დედაქალაქ ნურ-სულთანში, ალმათიში, ასევე მანგისტაუსა და ალმათის ოლქებში 19 იანვრამდე შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 23:00-დან 07:00-მდე მოქმედებს.
გამოსვლები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნაზარბაევის მიერ შექმნილ რეჟიმს. თავად ნაზარბაევი 2019 წელს გადადგა და თავის ერთგულ ტოყაევს შეუწყო ხელი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებაში.