საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი კიდევ ერთხელ დააკავეს. ეს მისი მეექვსე დაკავებაა. მან ცხინვალის ციხეში ერთი წელი თითქმის სრულად მოიხადა და გასული წლის 17 ივნისს გაათავისუფლეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი მაშინ იტყობინებოდა, რომ "საზღვრის" დარღვევისთვის 2020 წლის 30 ივნისს დაკავებულ ლაშა ხეთერელს ცხინვალის სასამართლოს მიერ მისჯილი ერთწლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა და ის 2021 წლის 17 ივნისს გადაეცა ქართულ მხარეს.
ლაშა ხეთერელი შაუმიანის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის ომის შემდეგ ცხოვრობს. ოკუპირებულ ცხინვალში მას ნათესავები ჰყავს და იქ მათ მოსანახულებლად პერიოდულად გადადის ხოლმე. თუმცა მისი სასჯელი ე.წ. საზღვრის არაერთხელ დარღვევის გამო იზრდება.
ხეთერელი ბოლოს გასული წლის დეკემბერში დააკავეს და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ცხინვალის სასამართლომ უკვე შეუფარდა. ამ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა ავრცელებს.
ლაშა ხეთერელის დაკავება უკვე დაადასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი”. უწყების ცნობით, ინფორმაცია მყისიერად მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას“, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხეთერელის გარდა, ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 5 მოქალაქე რჩება. მამუკა ჩხიკვაძეს, ზაზა მეგრელიშვილს, თამაზ გოგიჩაშვილს, კახაბერ ნათაძეს და ვლადიმერ კანიაშვილს ასევე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.