ყაზახეთში პოლიციამ დემონსტრანტებს ხმოვანი ყუმბარები ესროლა, პრეზიდენტი გაფრთხილებას ავრცელებს

საპროტესტო მსვლელობა ალმათიში

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა 4 იანვარს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე დემონსტრაციების მონაწილეები გააფრთხილა, რომ სამთავრობო და სამხედრო შენობებზე იერიშისკენ მოწოდებები უკანონოა.

"მთავრობა არ დაემხობა, მაგრამ ჩვენ გვსურს ორმხრივი ნდობა და დიალოგი და არა კონფლიქტი", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი მიმართვის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ცნობები, რომ უსაფრთხოების ძალებმა ხმოვანი ყუმბარები ისროლეს, როცა ასობით დემონსტრანტმა მუნიციპალიტეტის შენობაზე სცადა იერიში ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, ალმათიში. სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ქალაქის მთავარი მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ისმოდა აფეთქებების ხმა. ალმათიში მოედნისკენ მიმდებარე გზები გადაიკეტა და შეიზღუდა წვდომა მობილურ ტელექსელებსა და ინტერნეტზე.

უსაფრთხოების ძალებმა ხმოვანი ყუმბარები ისროლეს ალმათიში

უფრო ადრე ყაზახეთის პოლიციამ დააკავა რადიო თავისუფლების მეორე ჟურნალისტი, რომელიც აშუქებდა შუა აზიის ამ ქვეყანაში ენერგიის ფასების მკვეთრი ზრდის გამო დაწყებულ, ფართომასშტაბიან საპროტესტო ტალღას.

აქციები 2 იანვარს ყაზახეთის რეგიონ მანგისტაუში დაიწყო მანქანებში გამოყენებული, გათხიერებული ბუნებრივი აირის ფასის მკვეთრი მატების გამო. 4 იანვარს, საღამოს, მთავრობამ გამოაცხადა, რომ მანგისტაუში ფასის ზედა ზღვრად აღადგენს 0,11 ამერიკული დოლარის ეკვივალენტურ თანხას, 50 ტენგეს - რაც საბაზრო ფასის ნახევარზე ნაკლებია.

ამის შემდეგ ტოყაევმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მანგისტაუს და ალმათის რეგიონებში.