მოახერხებს თუ არა ენმ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 იანვარს

გამოძიება პარლამენტში - რატომ ითხოვს სააკაშვილი თავის საქმეზე კომისიის შექმნას

მას მერე, რაც პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა თავის საქმეზე საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა გააჟღერა, „ნაციონალური მოძრაობა“ ორი ამოცანის წინაშე დადგა: გადაჭრას პარტიის შიგნით საკითხი საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ და მოძებნოს 19 თანამოაზრე საპარლამენტო ოპოზიციაში.

ეს ორივე აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე საპარლამენტო კომისიის დონეზე განიხილონ. პარტია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმედებს იმ გათვლებით ამყარებს, რომ მისმა მიგნებებმა შესაძლოა გამოძახილი ჰპოვოს საერთაშორისო ასპარეზზე და მათ შორის სტრასბურგში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე გვეუბნება, რომ ბოიკოტთან დაკავშირებით გუნდში ამ ეტაპზე ისევ არაერთგვაროვანი პოზიციაა. 31-კაციან საპარლამენტო გუნდს პარლამენტში შესვლის შემდეგაც საკითხის ბოლომდე გასატანად დამატებით 19 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება, რადგან, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სულ მცირე 50 დეპუტატია საჭირო დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად.

ამ ეტაპზე მხარდაჭერისთვის მზადყოფნა უკვე გამოხატა „ლელოს“ ფრაქციამ - 7 დეპუტატის შემადგენლობით. გარკვეული პირობები წამოაყენა, მაგრამ უარი არ უთქვამს „გირჩს“ - 4 დეპუტატის შემადგენლობით. გარდა ამ ორი პარტიისა, ენმ იმედებს „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და უფრაქციო დეპუტატებზეც ამყარებს. ენმ-ში ამბობენ, რომ შესაძლოა ზღვარზე გავლა მოუწიოთ.

რას აჩვენებს გამოცდილება და რა შეიძლება მოიტანოს ამ პროცესმა? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დარჩენილი საქმეები - მოასწრებს სახელმწიფო ინსპექტორი 689 საქმის შესწავლას?

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ორი თვე დარჩა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. ამის მერე მას ორი საგამოძიებო სამსახური ჩაანაცვლებს. 1 მარტამდე დარჩენილ ვადაში სახელმწიფო ინსპექტორმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის 70 და სისხლის სამართლის 619 მიმდინარე საქმე უნდა შეისწავლოს.

ამ შეუსრულებელი მისიისთვის თავის გასართმევად ინსპექტორის სამსახური შემჭიდროებულ რეჟიმში ცდილობს საქმეების გამოძიებას.

სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს პარლამენტის მიერ 2021 წლის ბოლო კვირას მიღებულ კანონს. ამისთვის სალომე ზურაბიშვილს ორი კვირის ვადა აქვს.

ინსპექტორის სამსახურში მოვიკითხეთ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის ბედიც - როგორც ცნობილია, ყველა ელის ინსპექტორის დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროების ეპიზოდზე და გვაინტერესებდა, ასევე მოასწრებს თუ არა ლონდა თოლორაია პოსტის დატოვებამდე ამ დასკვნის გასაჯაროებას. გვითხრეს, რომ გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

კობახიძე აშშ-ის საელჩოს კრიტიკაზე: ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს განცხადება გააკრიტიკა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას შეეხებოდა და სადაც საელჩო წერდა, რომ ამ გადაწყვეტილებით მმართველმა პარტიამ „ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას“. ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი განცხადებები ქართული საზოგადოების ნდობას არყევს.

"ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს 30-წლიანი ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. ძალიან ხშირად ჩვენ მათგან ვიღებთ ხოლმე რჩევებს და ვითვალისწინებთ ამ რჩევებს. მაგრამ არის ხოლმე, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს... სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი. ჩვენ ვიცით, რომ არის ადამიანური შეცდომები და არასწორი ინფორმაცია, თუმცა საზოგადოებისთვის ეს არ არის არც ახსნა და არც გამართლება", - თქვა კობახიძემ.

ოპოზიციაში ეს განცხადება „ანტიდასავლურ გზავნილად“ მიიღეს. „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს განცხადება რუსეთისა და პრორუსული ძალების წახალისებაა, რაც უცხოური ინვესტიციების შემოსვლას შეუშლის ხელს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეფასებით კი, დასავლეთის მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევაზე აქცენტი პარტნიორი ქვეყნის მიმართ „შანტაჟია“.

წაიკითხე მეტი.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი უკრაინაში ჩავიდა

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჟოზეპ ბორელი 4 იანვარს უკრაინაში ჩავიდა, რაც ევროკავშირის მხრიდან კიევის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირებაა, რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე.

ბორელის სამდღიანი ვიზიტის პროგრამაშია შეჩერება აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები უკრაინის სამთავრობო ძალებს ებრძვიან.

კიევში გამგზავრებამდე ჟოზეპ ბორელი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ესაუბრა. მათ განიხილეს ნატო-რუსეთის საბჭოს მომავალი სხდომის საკითხები, რომელიც 12 იანვარს გაიმართება. სატელეფონო საუბრისას მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე სამხედრო აგრესიას მოსკოვისთვის დიდი საფასური ექნება.

ვიზიტის შესახებ სიახლეებს თვალი ადევნე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

"ომიკრონის" გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმართავენ შემზღუდავ ზომებს

2022 წლის პირველი ორშაბათი აღინიშნა სკოლების დახურვით, გაჩერებული საკრუიზო გემებით და გაუქმებული ავიარეისებით, რადგან სწრაფად იზრდება კორონავირუსის ვარიანტ „ომიკრონის“ გავრცელება.

მსოფლიოში ზედიზედ მერვე დღეა, რაც 5000-მდე ავიარეისი გაუქმდა. 1000-ზე მეტი რეისი გაუქმდა ავიაპერსონალის სიმცირის გამო, რაც კორონავირუსით დაავადებასთანაა დაკავშირებული.

ბრაზილიაში საკრუიზო გემებს განკარგულება გაეცათ, შეწყვიტონ მუშაობა. ქვეყნის სანაპიროს გასწვრივ საკრუიზო გემების მოძრაობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ბრაზილიის ჯანდაცვის მარეგულირებლის რეკომენდაციით. უწყების თანახმად, უკანასკნელ დღეებში გემებზე მკვეთრად იზრდება COVID-19-ის შემთხვევები.

ევროპაში პოლიციამ 30 ადამიანი დააკავა მას შემდეგ, რაც კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებით უკმაყოფილო ხალხსა და მათ შორის შეტაკებები მოხდა ამსტერდამში.

წაიკითხე მეტი.

1922 - წელი, რომელმაც რუსეთისა და მისი მეზობლების ბედი განსაზღვრა

100 წლის წინ, 1922 წელს, რუსეთი აღნიშნავდა მეხუთე წლისთავს 1917 წლის გადატრიალებიდან, რამაც ბოლშევიკები ხელისუფლებაში მოიყვანა, თუმცა წლის დასაწყისში რუსეთის მომავალი ჯერ ისევ ბუნდოვანი იყო. სწორედ 1922 წლის მთავარმა მოვლენებმა (საშინელმა შიმშილმა, იოსებ სტალინის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად დანიშვნამ, რუსეთის ინტელექტუალური ელიტის დიდი ნაწილის ქვეყნიდან გაძევებამ და ა.შ.) განსაზღვრა რუსეთისა და მისი მეზობელი ქვეყნების მომავალი - ჩაგვრისა და დიქტატურის არაერთი ათეული წელი.

რუსეთმა 1922 წელში არასტაბილური, არამყარი მთავრობით შეაბიჯა. ქვეყანა ძირითადად საომარი მდგომარეობის პირობებში იმართებოდა, რადგან კვლავ მძვინვარებდა სამოქალაქო ომი, ხოლო ვოლგისპირეთი საშინელ შიმშილს მოეცვა. გარდა ამისა, ქვეყანა, რომლის ნაწილი ოკუპირებული იყო უცხოელი ინტერვენტების მიერ, საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფებოდა, მაგრამ წლის ბოლოს, ბოლშევიკებმა ზეიმით აღნიშნეს 1917 წლის გადატრიალების (ე.წ. ოქტომბრის რევოლუციის) მეხუთე წლისთავი; პრაქტიკულად დაასრულეს სამოქალაქო ომი თეთრ მონარქისტულ და კაპიტალისტურ ძალებთან; დიდწილად განდევნეს უცხოური ჯარები და ხელი მოაწერეს პირველ სამშვიდობო საერთაშორისო ხელშეკრულებას ვაიმარის გერმანიასთან, 30 დეკემბერს კი რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკების ფედერაციის საბჭოთა მთავრობების წარმომადგენლები საზეიმოდ ავიდნენ მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე, რათა გამოეცხადებინათ დაარსება ახალი ქვეყნის, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისა, რომელიც, სულ მალე, ორ თაობაზე ნაკლებ დროში ზესახელმწიფოდ იქცა.

1922 წელი საბედისწერო წელია როგორც რუსეთისთვის, ასევე მისი მეზობლებისთვისაც. პოლიტიკის, საგარეო საქმეთა და კულტურის თვალსაზრისით, მოხდა ისეთი მოვლენები და მიღებულ იქნა ისეთი გადაწყვეტილებები, რამაც სათავე დაუდო ათწლეულების განმავლობაში ინსტიტუციონალიზებულ ტოტალიტარულ ჩაგვრას.

წაიკითხე მეტი.