1922 - წელი, რომელმაც რუსეთისა და მისი მეზობლების ბედი განსაზღვრა

100 წლის წინ, 1922 წელს, რუსეთი აღნიშნავდა მეხუთე წლისთავს 1917 წლის გადატრიალებიდან, რამაც ბოლშევიკები ხელისუფლებაში მოიყვანა, თუმცა წლის დასაწყისში რუსეთის მომავალი ჯერ ისევ ბუნდოვანი იყო. სწორედ 1922 წლის მთავარმა მოვლენებმა (საშინელმა შიმშილმა, იოსებ სტალინის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად დანიშვნამ, რუსეთის ინტელექტუალური ელიტის დიდი ნაწილის ქვეყნიდან გაძევებამ და ა.შ.) განსაზღვრა რუსეთისა და მისი მეზობელი ქვეყნების მომავალი - ჩაგვრისა და დიქტატურის არაერთი ათეული წელი.

რუსეთმა 1922 წელში არასტაბილური, არამყარი მთავრობით შეაბიჯა. ქვეყანა ძირითადად საომარი მდგომარეობის პირობებში იმართებოდა, რადგან კვლავ მძვინვარებდა სამოქალაქო ომი, ხოლო ვოლგისპირეთი საშინელ შიმშილს მოეცვა. გარდა ამისა, ქვეყანა, რომლის ნაწილი ოკუპირებული იყო უცხოელი ინტერვენტების მიერ, საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფებოდა, მაგრამ წლის ბოლოს, ბოლშევიკებმა ზეიმით აღნიშნეს 1917 წლის გადატრიალების ( ე.წ. ოქტომბრის რევოლუციის) მეხუთე წლისთავი; პრაქტიკულად დაასრულეს სამოქალაქო ომი თეთრ მონარქისტულ და კაპიტალისტურ ძალებთან; დიდწილად განდევნეს უცხოური ჯარები და ხელი მოაწერეს პირველ სამშვიდობო საერთაშორისო ხელშეკრულებას ვაიმარის გერმანიასთან, 30 დეკემბერს კი რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკების ფედერაციის საბჭოთა მთავრობების წარმომადგენლები საზეიმოდ ავიდნენ მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე, რათა გამოეცხადებინათ დაარსება ახალი ქვეყნის, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისა, რომელიც, სულ მალე, ორ თაობაზე ნაკლებ დროში ზესახელმწიფოდ იქცა.

1922 წელი საბედისწერო წელია როგორც რუსეთისთვის, ასევე მისი მეზობლებისთვისაც. პოლიტიკის, საგარეო საქმეთა და კულტურის თვალსაზრისით, მოხდა ისეთი მოვლენები და მიღებულ იქნა ისეთი გადაწყვეტილებები, რამაც სათავე დაუდო ათწლეულების განმავლობაში ინსტიტუციონალიზებულ ტოტალიტარულ ჩაგვრას.

2022 წელს, ბევრი ისეთი მოვლენის ასი წლისთავი თუ ასი წლის იუბილე იქნება, რომლებსაც აუცილებლად გაიხსენებენ ან აღნიშნავენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი თანამოაზრეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“.​

„სოციოპათის“ აღზევება

„ეს პირველი წელია, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ძალისხმევა მოვახმაროთ სოციალისტური მშენებლობის რეალურ, მთავარ და ფუნდამენტურ ამოცანებს“, - განაცხადა რუსეთის რევოლუციის ლიდერმა და საბჭოთა კავშირის დამფუძნებელმა ვლადიმერ ლენინმა მოსკოვში ბოლშევიკური პარტიის მე-11 ყრილობის დასკვნით სხდომაზე, რომელიც 1922 წლის 2 აპრილს გაიმართა და სადაც ლენინმა თავის ეკონომიკურ გეგმებზე ილაპარაკა.

„გასული წლის განმავლობაში საკმაოდ ნათლად ვაჩვენეთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ეკონომიკის მართვა, - აღიარა ლენინმა, - ან ჩვენ დავამტკიცებთ საპირისპიროს მომავალ წელს, ან საბჭოთა ხელისუფლება ვერ იარსებებს“.

თუმცა დრომ აჩვენა, რომ ყრილობის ყველაზე მნიშვნელოვან­­ი გადაწყვეტილება იყო არა ეკონომიკის მართვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, არამედ პარტიის ახალ გენერალურ მდივნად 43 წლის ყოფილი სემინარიელისა და პროფესიონალი რევოლუციონერის, იოსებ სტალინის დანიშვნა.

1922 წლის 7 ნოემბერი. წითელი არმია "დიდი ოქტომბრის რევოლუციის" 5 წლისთავზე. წითელი მოედანი.

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საბედისწერო მომენტი რუსეთის რევოლუციისა და მთლიანად მეოცე საუკუნისა“, - წერს ინგლისელი კულტურის ისტორიკოსი კევინ ჯექსონი 2012 წელს გამოცემულ ნაშრომში. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობა ჯერ კიდევ შორს იყო იმ ტოტალური ძალაუფლებისგან, რომელსაც სტალინი შემდგომ წლებში ჩაიგდებს ხელში, პარტიის მდივნობამ მას საშუალება მისცა, თავისი კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა ბიუროკრატია, რომელიც სულ უფრო და უფრო ძალას იკრებდა და დომინირებდა ქვეყანაში.


სტალინის გენერალურ მდივნად დასახელების გადაწყვეტილებას ლენინი ნანობდა სიკვდილამდე დარჩენილი ორი წლის განმავლობაში.

იოსებ სტალინი - უკრაინის მშორომელთა არმიის საბჭოს თავმჯდომარე. 1920 წ.

ლენინის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა 1921 წელს. 1922 წლის მაისში ერთი ინსულტი გადაიტანა, დეკემბერში - მეორე. ამავე თვეში სტალინმა პირად კონტროლზე აიყვანა ლენინის მოვლა, რაც ასევე გულისხმობდა ლენინის მონახულების მსურველთა კონტროლსა და შეზღუდვას. 1922 წლის ბოლო კვირებსა და ახალი წლის პირველ დღეებში, ლენინმა უკარნახა უკანასკნელი ანდერძი, რომელშიც, როგორც ცნობილია, მოუწოდა ამხანაგებს, „ეფიქრათ სტალინის თანამდებობიდან გადაყენების გზებზე“.

სტალინის გადაყენების მოწოდება იყო ერთადერთი კონკრეტული წინადადება ლენინის მთელ ანდერძში. „ეს გარემოება შეიძლება უმნიშვნელო დეტალად გამოიყურებოდეს... - ამბობდა ლენინი, - მაგრამ ეს არის დეტალი, რომელსაც შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს“.

სტალინი სოციოპათი იყო, - განაცხადა 2017 წელს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა და სტალინის ბიოგრაფმა სტივენ კოტკინმა. არასოდეს გამოვლენია თუნდაც ელემენტარული თანაგრძნობა, არც ეჭვი შეჰპარვია თავისი პოლიტიკის სისწორეში“.

„მეტად ორგანიზებული“ ტერორი

1922 წლის 2 თებერვალს ყბადაღებული „საგანგებო კომისია“ - შემოკლებით ЧК, ანუ „ჩეკა“ - გადაკეთდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოდ (ГПУ).

დაუნდობელი ფელიქს ძერჟინსკის დროს „ჩეკას“ საიდუმლო პოლიცია ატარებდა „წითელი ტერორის“ ლენინურ პოლიტიკას, რომელიც 1918 წლის აგვისტოში გამოცხადდა.​


„ჩვენ არ ვიბრძვით ცალკეული პიროვნებების წინააღმდეგ, - წერდა ბოლშევიკი რევოლუციონერი და „ჩეკას“ ოფიცერი მარტინ ლატისი ჟურნალ „წითელ ტერორში“ 1918 წლის ნოემბერში, - ჩვენ ვანადგურებთ ბურჟუაზიას, როგორც კლასს... ეს არის წითელი ტერორის არსი“.

წითელი ტერორის მსხვერპლი. 1918 წ. ყირიმი

ოფიციალურად, ЧК-ს გარდაქმნა ГПУ-დ მიზნად ისახავდა სტაბილური ინსტიტუტების შექმნას და სამთავრობო უწყებებზე პოლიტიკური კონტროლის დამყარებას.

„ჩეკა“-ს რეორგანიზაციას შეეძლო შეეკავებინა წითელი ტერორი, მაგრამ ამის ნაცვლად, მოხდა მრავალი, ყველაზე საშინელი პრაქტიკის ინსტიტუციონალიზაცია, მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტების მიზანმიმართული დევნისა.

„ЧК-ს გარდაქმნამ ГПУ-დ ეს უწყება გარკვეული პოლიტიკური კონტროლის ქვეშ მოაქცია, რაც ტერორის შემცირების წინაპირობას ქმნიდა, - უთხრა რადიო თავისუფლებას პეტერბურგელმა ისტორიკოსმა ბორის კოლონსკიმ 2021 წელს, - მაგრამ, მეორე მხრივ, ტერორი უფრო ორგანიზებული გახდა“.

ვლადიმირ ლენინი. 1923 წ.

„1922 წელს გაიმართა სოციალ-რევოლუციონერების სასამართლო პროცესი, - განაცხადა კოლონსკიმ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ბოლშევიკების მთავარი დარჩენილი პოლიტიკური მეტოქე „ესერთა“ პარტიის სახით, - და კიდევ, ხრახნების მოჭერის ერთ-ერთი მთავარი მომენტი იყო თავისუფალი დისკუსიისა და ფრაქციების შეზღუდვა თვითონ ბოლშევიკური პარტიის შიგნით“.

როდესაც „თეთრი არმიებიდან“ მომავალი საფრთხე შემცირდა, ახალმა სტრუქტურამ, ГПУ-ს სახით, შინაური მტრებისთვისაც მოიცალა. მართალია, რეფორმა გულისხმობდა, დროებით შეჩერებულიყო სასამართლოს გვერდის ავლით სიკვდილით დასჯის პრაქტიკა, მაგრამ ГПУ-მ სწრაფად განაახლა და გააფართოვა პოლიტიკური და ეკონომიკური „მტრების“ ციმბირსა და შორეულ ჩრდილოეთში გადასახლების პრაქტიკა.

გულაგის პირველი ბანაკი სოლოვეცკის კუნძულებზე, თეთრ ზღვაში 1923 წელს გაიხსნა. ერთი წლის შემდეგ, ГПУ-ს აგენტებმა კვლავ მიიღეს „გარკვეულ გარემოებებში“ სიკვდილით დასჯის უფლება.​


"გულუხვი დახმარება... საშინელი უბედურება"

1922 წელს, რუსეთსა და მთელ მსოფლიოში, ყველაზე საშინელი მოვლენა იყო შიმშილობა ვოლგისპირეთსა და მის ფარგლებს გარეთ, რასაც, სულ მცირე, 5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და, რაც შუა საუკუნეების შემდეგ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და საშინელ არასამხედრო კატასტროფად ითვლება.

„1921-22 წლებში ჩვენ ვნახეთ მასობრივი შიმშილობა საშინელი რაოდენობის მსხვერპლით“, უთხრა რუსმა ისტორიკოსმა ვიქტორ კონდრაშინმა რადიო თავისუფლებას გასული წლის სექტემბერში. „ეს იყო რაღაც მე-17 საუკუნის დასაწყისის, არეულობის დროინდელი პერიოდის მსგავსი უბედურება როგორც დაზარალებულ რეგიონში მცხოვრებთა, ასევე დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით“.

მშიერი ბავშვები სამარის გუბერნიაში. 1921-1922 წწ.

დიდმა გვალვამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო რუსეთი, რომელიც უკვე გამოფიტული იყო პირველი მსოფლიო და სამოქალაქო ომების შედეგად. გარდა ამისა, ბოლშევიკებმა, რომლებსაც თეთრი არმიები უკეტავდნენ გზას უკრაინისა და ციმბირის სურსათის მწარმოებელ რეგიონებზე, განახორციელეს მარცვლეულის არაადამიანური რეკვიზიცია.

„დაფიქსირდა საშინელი ფაქტები“, - თქვა კონდრაშინმა. „კანიბალიზმი, მასობრივი სამარხები და შიმშილით გამოწვეული მთელი ოჯახების თვითმკვლელობები“.

1918 წელს ლენინმა სტალინი გაგზავნა სამხრეთის ქალაქ ცარიცინში (რომელსაც მოგვიანებით სტალინგრადი ეწოდა, ახლა კი ვოლგოგრადი ჰქვია) სასურსათო პროდუქტის რეკვიზიციისთვის ბრძანებით: იყავი უმოწყალო“.

„დარწმუნებული იყავით, რომ ხელი არ აგვიკანკალდება, - უპასუხა სტალინმა, - არავის მიმართ არ გამოვავლენთ გულმოწყალებას“.

სასადილო ვოლგისპირეთში. 1923 წ.

1921 წლის ივლისში მწერალმა მაქსიმ გორკიმ მიმართა მსოფლიოს „ყველა პატიოსან ადამიანს“ შიმშილის შემსუბუქების თხოვნით. მიმართვის ტექსტი აღმოჩნდა აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის, ჰერბერტ ჰუვერის მაგიდაზე. ჰუვერმა მისწერა გორკის, რომ მზად იყო შეექმნა რუსეთში ამერიკის დახმარების ადმინისტრაციის პროგრამა (ARA), თუკი საბჭოთა მთავრობა ფორმალურად მოითხოვდა დახმარებას იმის გაგებით, რომ დახმარების გაწევა არ ნიშნავდა ამერიკის მიერ რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების აღიარებას.

შეთავაზება უკიდურესად საკამათო იყო შეერთებულ შტატებში, სადაც ბევრი მემარჯვენე ამტკიცებდა, რომ შიმშილობამ შესაძლოა ბოლო მოუღოს ბოლშევიზმს რუსეთში. თუმცა ჰუვერი დაჟინებით მოითხოვდა, „განესხვავებინათ ერთმანეთისგან რუსი ხალხი და ის ჯგუფი, რომელმაც ხელში ჩაიგდო ძალაუფლება“.

ამერიკის დახმარების პროგრამას საბჭოთა მთავრობაშიც ბევრი ეწინააღმდეგებოდა, მათ შორის ლევ ტროცკიც, რომელიც ამტკიცებდა, რომ დახმარების მიღება გზას გაუხსნიდა ამერიკული ბიზნესისა და ბანკების შეჭრას რუსეთში. ამის შესახებ წერს დუგლას სმიტი 2019 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში „ამერიკამ გადაარჩინა საბჭოთა კავშირი განადგურებისგან“.

მშიერი რუსი ქალები დაჩოქილი ამერიკის დახმარების ადმინისტრაციის წარმომადგენლების წინაშე. 1922 წ.

მიუხედავად ამისა, საბჭოელებმა დაუყოვნებლივ მიიღეს ჰუვერის პირობები. 1921 წლის აგვისტოში ხელი მოეწერა შეთანხმებას და აშშ-ის კონგრესმა პროგრამისთვის 20 მილიონი დოლარი გამოყო. რუსეთის მთავრობის 18 მილიონი დოლარის წვლილის და კერძო შემოწირულებების გათვალისწინებით, ჰუვერმა ამ საქმისთვის დაახლოებით 78 მილიონი დოლარი შეაგროვა.

1922 წელს ARA დღეში 10 მილიონ ადამიანს კვებავდა, შეჰქონდა რა, სულ მცირე, 768 მილიონი ტონა საკვები. პროგრამაში ასევე დასაქმდა 125 ათასი ადგილობრივი შიმშილით დაზარალებული რაიონებიდან. ARA-მ ასევე უზრუნველყო ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და მედიკამენტებით მომარაგება. ის დაეხმარა დაახლოებით 16 000 საავადმყოფოს, რომლებიც ყოველდღიურად მკურნალობენ ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს. პროექტმა გააუმჯობესა სანიტარული მდგომარეობა და თავიდან ააცილა რეგიონს ქოლერისა და სხვა დაავადებების გავრცელების საფრთხე. ARA-მ ასევე შეიტანა ათასობით ტონა სათესლე მარცვლეული, რამაც ხელი შეუწყო რეკორდული მოსავლის მოწევას და ექსპორტით მოგების მიღებას 1922 და 1923 წლებში.

„რუსი ერის მთავრობა არასოდეს დაივიწყებს გულუხვ დახმარებას, რომელიც მა გაუწიეს საშინელ უბედურების დროს“, - ასეთი შინაარსის წერილი მისწერა ბოლშევიკების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევ კამენევმა ARA-ს თავმჯდომარის მოადგილეს, უილიამ ჰასკელს.

მოშიმშილე ოჯახი ყაზანის გუბერნიის ერთ-ერთ სოფელში. 1921 წ.

1923 წლის თებერვალში, ARA-ს შეფასებით, რუსეთის 8 მილიონ მცხოვრებს ჯერ კიდევ სჭირდებოდა საკვებით დახმარება, თუმცა საბჭოთა მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებდა მარცვლეულის ექსპორტის განახლებას. ARA-ს პროგრამისადმი დასავლეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო შემცირდა მარტში, როდესაც საბჭოთა მთავრობამ გაასამართლა ათიოდე რუსი მართლმადიდებელი სასულიერო პირი და ერთი კათოლიკე მღვდელი, კონსტანტინ ბუდკევიჩი, საეკლესიო ქონების ჩამორთმევის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზებისთვის. ყველა ბრალდებულს, გარდა ბუდკევიჩისა, მიესაჯა ხანგრძლივი პატიმრობა. ბუდკევიჩი სიკვდილით დასაჯეს კათოლიკური აღდგომის უქმეებზე და დამარხეს საძმო საფლავში.

ARA-მ რუსეთში საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

„ბატონმა ჰუვერმა თქვა, რომ ასე არასდროს გახარებია საქმის დასრულება, - იტყობინებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, - მას ჰქონდა ბოლშევიკების სრული მიუღებლობა და არ სჯეროდა, რომ ისინი ოდესმე შეძლებდნენ პრაქტიკული მთავრობის ჩამოყალიბებას”.

„სტალინის დროს, 1930-იან წლებში და მას შემდეგაც, ARA-ს ისტორიას ან მთლიანად ჩქმალავდნენ, ან შეგნებულად ამახინჯებდნენ“, - წერს დუგლას სმიტი თავის წიგნში. ჩინოვნიკები და რიგითი საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტში, 1950-იან წლებამდე განიცდიდნენ დევნას. დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის 1950 წლის გამოცემა წერდა, რომ ARA-ს მიზანი იყო „საბჭოთა რუსეთში ჯაშუშობის, მავნებლური საქმიანობების და კონტრრევოლუციური ელემენტების მხარდამჭერი აპარატის შექმნა“. 1962 წლის სასკოლო სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ ARA-ს მიზანი იყო „მეამბოხე ძალების ფარულად ორგანიზება“ და, რომ სავარაუდო შეთქმულება ГПУ-მ ჩაშალა.

სმიტის მტკიცებით, ARA-ს ძალისხმევა თანაზომიერია იმ დახმარებისა, რომელიც ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა აღმოუჩინეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

„1992 წლიდან 2007 წლამდე აშშ-ის მთავრობამ 28 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, - წერს დუგლას სმიტი, - მხოლოდ 1999 წელს რუსეთმა აშშ-ს სთხოვა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების 5 მილიონი ტონა სურსათით დახმარება... 1999-2000 წლებში რუსეთისთვის გაწეულმა აშშ-ისა და ევროპის სასურსათო დახმარებამ გადააჭარბა აფრიკის მთელ კონტინენტზე გაცემულ დახმარებას“.

საიდუმლო შეხვედრები


1922 წლის 16 აპრილს საბჭოთა რუსეთმა გაარღვია სრული საერთაშორისო იზოლაცია: ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ვაიმარის გერმანიასთან. პირველი მსოფლიო ომისა და ვერსალის ხელშეკრულების შემდეგ ორივე ქვეყანა ფაქტობრივად დიპლომატიურ იზოლაციაში იმყოფებოდა.

რაპალოს ხელშეკრულებამ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის და გზა გაუხსნა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მიუხედავად იმისა, რომ პაქტი არ შეიცავდა სამხედრო დებულებებს, ის მაინც იძლეოდა ინტენსიური თანამშრომლობის საშუალებას. ვერსალის ხელშეკრულების დარღვევით 1922 წლის ზაფხულში მხარეებმა რამდენიმე საიდუმლო შეხვედრა გამართეს. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანიამ საბჭოთა კავშირში გახსნა საავიაციო სკოლა, ქიმიური იარაღის ქარხანა და სატანკო პოლიგონი.

„ამ ბაზებმა ხელი შეუწყვეს წითელი არმიის მოდერნიზაციას და ცენტრალური როლი შეასრულეს სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაში, რამაც შესაძლებელი გახადა გერმანიის არმიის ხელახალი აღორძინება ჰიტლერის მმართველობის დროს“, - წერს ანალიტიკოსი იან ჯონსონი.

გერმანიაში რაპალოს ხელშეკრულების ხელმოწერა ზოგიერთებმა აღიქვეს როგორც მათი ქვეყნისთვის მოსალოდნელი „ებრაულ-ბოლშევიკური საფრთხის“ ნიშანი. ამან გამოიწვია უკიდურესი მემარჯვენეებისა და მათი დამფინანსებლების აქტიურობის გაზრდა. 1922 წლის ივნისში, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ორი თვის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალტერ რატენაუ მემარჯვენე-ტერორისტულმა დაჯგუფებამ მოკლა. 1922 წლის აგვისტოში მიუნხენში გამართულ მიტინგზე, თავის ერთ-ერთ პირველ საჯარო გამოსვლაში, ადოლფ ჰიტლერმა ილაპარაკა „ებრაული ბოლშევიზმის“ მოახლოებული საფრთხის შესახებ. სწორედ ამ მიტინგზე გამოჩნდნენ პირველად ჰიტლერის „მოიერიშეები“ თავიანთი ცნობილი ყავისფერი პერანგებით. ამავე წლის ოქტომბერში იტალიის პრემიერ-მინისტრი გახდა ფაშისტი ლიდერი, ბენიტო მუსოლინი.

არც ერთი "ერეტიკოსი, მეოცნებე და მეამბოხე" ჩვენ გვერდით

1922 წელი ასევე საბედისწერო წელია რუსული კულტურისთვისაც. თუ შევადარებთ 1920 წლის კულტურის კონტურებს (ვიზუალური ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, ცეკვა, გამოყენებითი ხელოვნება და არა მხოლოდ) 15 წლის წინანდელი პერიოდისას, აღმოვაჩენთ თვალშისაცემ, მკვეთრ ტრანსფორმაციას, რომელსაც ადგილი ჰქონდა დროის ასე მოკლე პერიოდში. ხელოვნებათმცოდნე კამილა გრეი თავის ნაშრომში „რუსული ექსპერიმენტი ხელოვნებაში:1863-1922“ 1922 წელს მიიჩნევს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული აღმავლობის, აფეთქების დასრულების წლად.

1922 წელს მწერალმა ბორის პილნიაკმა გამოაქვეყნა იმპრესიონისტული შედევრი „შიშველი წელიწადი“ - პირველი რუსული რომანი, რომელიც მთლიანად დაიწერა 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ. 1938 წლის 21 აპრილს მწერალი გაასამართლეს სტალინის მოკვლის შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით, იმავე დღეს დახვრიტეს კეფაში გასროლით და დამარხეს მოსკოვში, სასროლეთ (ღია ტირი) „კომუნარკას“ ტერიტორიაზე მდებარე საძმო საფლავში.

ბორის პილნიაკი

იმავე 1922 წელს ევგენი ზამიატინი კითხულობდა თავის დისტოპიურ რომანს, „ჩვენ“, რომელიც მან დაასრულა წინა წელს - ამავე წელს დაწერა წინასწარმეტყველური ესე სახელწოდებით „მე მეშინია“, რომელშიც ამტკიცებდა, რომ თითქოს ბოლშევიკურ სახელმწიფოში არ იყო ადგილი „შეშლილებისთვის, განდეგილებისთვის, ერეტიკოსებისთვის, მეოცნებეებისთვის, მეამბოხეებისა და სკეპტიკოსებისთვის“.

ზამიატინი გარდაიცვალა ემიგრაციაში, პარიზში, 1937 წელს. მიუხედავად იმისა, რომ რომანი „ჩვენ“ ნიუ-იორკში გამოიცა ინგლისურად 1924 წელს და ბოლოს რუსულადაც 1952 წელს, იგი საბჭოთა კავშირში, ქვეყნის დაშლამდე მხოლოდ სამი წლით ადრე, 1988 წელს დაისტამბა.

1967 წელს, რუსი წარმოშობის ემიგრანტი კრიტიკოსი მირა გინსბურგი წერდა: „ისევე როგორც [მიხაილ] ბულგაკოვი და [ისააკ] ბაბელი, ზამიატინი გვიქმნის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლებოდა გამხდარიყო პოსტრევოლუციური რუსული ლიტერატურა, დიქტატურას ასე დაუნდობლად რომ არ ამოეძირკვა დამოუკიდებლობა, გამბედაობა და ინდივიდუალობა“.

სამოქალაქო ომში გამარჯვებისა და ძალაუფლების განმტკიცების პარალელურად, საბჭოთა ხელმძღვანელობა სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა საზოგადოების შეცვლა-გადაკეთებას. 1921 წელს საბჭოთა მთავრობამ მიზანში ამოიღო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. თავდაპირველად კამპანიის მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი საეკლესიო ქონების ჩამორთმევა, მაგრამ 1922 წლისთვის ლენინს უფრო ამბიციური გეგმები ამოძრავებდა.

ევგენი ზამიატინი და მისი ცოლი ლუდმილა

1922 წლის 19 მარტით დათარიღებული ჩანაწერის მიხედვით, ლენინმა მოითხოვა „საიდუმლო შეხვედრა“ პოლიტიკურ ლიდერებს, ГПУ-სა და იუსტიციის სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელებს შორის. ლენინი წერდა, რომ უნდა მიეღოთ „საიდუმლო რეზოლუცია“, რომელიც უზრუნველყოფდა ეკლესიის სრულ განადგურებას „დაუნდობელი მიზანდასახულობით და უმოკლეს დროში“.

„რაც მეტი იქნება ამ ნიადაგზე დახვრეტილი რეაქციული სამღვდელოებისდა ბურჟუაზიის რიცხვი, მით უკეთესი, რადგან ამ „აუდიტორიას“ სწორედ ახლა უნდა ჩაუტარდეს გაკვეთილი ისე, რომ მათ ათეულობით წლის განმავლობაში ვერ გაბედონ რაიმე სახის წინააღმდეგობაზე ფიქრი, - წერდა ბოლშევიკების ბელადი.

პეტერბურგელმა ისტორიკოსმა ალექსანდრე მარგოლისმა რადიო თავისუფლებას 2016 წელს მიცემულ ინტერვიუში განუცხადა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ კამპანია განხორციელდა „ყველაზე ბარბაროსული გზით“:

ვლადიმირ ლენინი

„რა თქმა უნდა, სამღვდელოება ცდილობდა, როგორმე შეეჩერებინა ეს, მაგრამ პასუხი ნათელი იყო: რაც უფრო მეტს ჩამოვახრჩობთ, მით უკეთესი”.

12-13 აგვისტოს ღამეს ბოლშევიკებმა პეტროგრადის მიტროპოლიტ ვენიამინს და რამდენიმე სხვა მაღალ იერარქს წვერი გაპარსეს და ძონძები ჩააცვეს. ასე მოიქცნენ იმიტომ, რომ საცეცხლე რაზმში მყოფ ჯარისკაცებს არ სცოდნოდათ, რომ სიკვდილით სჯიდნენ სასულიერო პირებს. ისინი ქალაქის გარეუბანში დახვრიტეს და საძმო საფლავში დამარხეს.

1992 წელს, საბჭოთა კავშირის არსებობის შეწყვეტიდან ერთი წლის თავზე, ვენიამინი და მასთან ერთად სიკვდილით დასჯილი რამდენიმე პირი წმინდანად შერაცხეს. მათვე მოუწყვეს კენოტაფი პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრაში. კანონიზაციის განკარგულება ბრძანებს, რომ „დახვრეტილთა ძვირფასი ნაშთები, თუ ოდესმე მოხერხდა მათი მოძებნა, წმინდა ნაწილებად უნდა ჩაითვალოს“.

ლენინს მსგავსი გეგმები ჰქონდა რუსეთის ინტელექტუალურ ელიტასთან მიმართებითაც. 1922 წლის 12 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „მებრძოლი მატერიალიზმის მნიშვნელობის შესახებ“, მან დაგმო ინტელიგენცია, როგორც „კლერიკალიზმის დიპლომირებული ლაქიები“, ხოლო დემოკრატია, როგორც „სხვა არაფერი, თუ არა თავისუფლება იქადაგონ ის, რასაც სარგებელი მოაქვს ბურჟუაზიისთვის, კერძოდ, ყველაზე რეაქციული იდეები, რელიგია, ობსკურანტიზმი, ექსპლუატატორების დაცვა და ა.შ.“

ინტელიგენციის დევნის კამპანია დასრულდა 1922 წლის სექტემბერ-ნოემბერში, როდესაც პეტერბურგიდან დასავლეთის მიმართულებით სამი გემი გავიდა. ГПУ-ს აგენტებმა გემზე შეკრიბეს ქვეყნის მრავალი გამოჩენილი მოაზროვნე და მათი ოჯახები, რომლებსაც საკუთრება ჩამოართვეს და ისე დაატოვებინეს სამშობლო. ამ გემებზე, რომლებსაც „ფილოსოფოსთა გემები“ უწოდეს, იმყოფებოდნენ ფილოსოფოსები: ნიკოლაი ლოსკი, იული აიხენვალდი, ნიკოლაი ბერდიაევი, სერგეი ბულგაკოვი, სემიონ ფრანკი და სხვ.

ფილოსოფოსთა ორთქმავალი

ერთ-ერთმა გემმა ასევე წაიყვანა ივან ილინი, ფაშისტი მოაზროვნე, რომელმაც 1933 წელს დაწერა სტატია სათაურით „ნაციონალ-სოციალიზმი: ახალი სული“. ილინი არაერთხელ შეუქია ვლადიმირ პუტინს. 2005 წელს რუსეთის პრეზიდენტი პირადად იყო ჩართული ილინის ნეშტის მოსკოვში გადასვენების პროცესში.

1922 წელს რუსეთიდან გაძევებული 300-მდე ინტელექტუალიდან, ცხადია, ყველა ცნობილი არ იყო. მათ შორის ერივნენ ექიმები, იურისტები, პედაგოგები, ეკონომისტები და სხვები.

ვლადიმირ პუტინი მოსკოვის დონის მონასტრის სასაფლაოზე, სადაც ყვავილებით შეამკო 2005-2006 წლებში გადმოსვენებული გენერალ ანტონ დენიკინის, ფილოსოფოს ივან ილინისა და მწერალ ივან შმელევის საფლავები

რუსმა კინორეჟისორმა ალექსეი დენისოვმა, რომელსაც რუსული ემიგრაციის პირველ ტალღაზე გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი „რუსული გამოსვლა“, 2012 წელს განაცხადა, რომ 1922-1939 წლებში საბჭოთა რუსეთიდან განდევნილებმა, საბჭოთა კავშირის დატოვების შემდეგ გამოაქვეყნეს 13 ათასზე მეტი აკადემიური ნაშრომი.

1922 წლის მაისში მოსკოვში ხელოვანთა ჯგუფმა ჩამოაყალიბა რევოლუციური რუსეთის მხატვართა ასოციაცია (АХРР), რომელიც 1932 წელს შექმნილი საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის პირდაპირი წინამორბედი იყო. ჯგუფის იდეოლოგია მდგომარეობდა იმაში, რომ ხელოვნების ნაწარმოების „დიდაქტიკური შინაარსი“ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მისი ესთეტიკური ღირებულება.

ივან ილინი

„ხელოვნება გასაგები და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მასებისთვის“, - აცხადებდნენ მხატვრები, რომლებიც, „გმირული რეალიზმის“ შესაბამისად, თემებსაც „საზოგადოებისა და პარტიის“ საჭიროებიდან გამომდინარე ირჩევდნენ.

1950 წლის დიდი საბჭოთა ენციკლოპედია ამბობს, რომ ჯგუფი იყო იმ პერიოდის „ყველაზე მოწინავე მხატვრული ორგანიზაცია“ და რომ „მან საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა ხელოვნებაში რეალიზმის გადამწყვეტ გამარჯვებას“.