წლის პირველი პოლიტიკური გეგმები ოპოზიციაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 იანვარს

მასობრივი შიმშილობის შემდეგ - რას აპირებს ოპოზიცია?

3 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბოიკოტის შემდეგ შესაძლოა პარლამენტში დაბრუნდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები. 21 დეკემბერს დაწყებული და 1 იანვარს შეწყვეტილი მასობრივი შიმშილობის შემდეგ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლა დააანონსა. მათი პრიორიტეტი კი ისევ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

სწორედ სააკაშვილის გუშინდელმა მოთხოვნამ შექმნა ნიადაგი იმისთვის, რომ შესაძლოა ენმ პარლამენტში დაბრუნდეს. საქმე ეხება მის მოთხოვნას, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც მის საქმეს შეისწავლის. ამ მიმართვის შემდეგ ცხადი გახდა, რომ პროცესის დაძვრა შეუძლებელი იქნებოდა ენმ-ის დეპუტატების გარეშე და, შესაბამისად, მიზნის მისაღწევად, ენმ-ის 30-ზე მეტმა დეპუტატმა პარლამენტის ბოიკოტი უნდა შეწყვიტოს.

სააკაშვილი ახლა ისევ რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია. მისი ადვოკატების თქმით, ყოფილ პრეზიდენტს არ ეძლევა საშუალება, კონფიდენციალურად ესაუბროს ადვოკატებს და მასთან არ უშვებენ ალტერნატიულ სამედიცინო ექსპერტიზასაც. თუ ეს პრობლემები 6 იანვრამდე არ მოგვარდება, სააკაშვილმა შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართოს. იქნება თუ არა ეს ისევ შიმშილობა, იურისტებს არ დაუზუსტებიათ.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს და როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხზე საუბრისას ყოფილ პრეზიდენტსაც გულისხმობენ.

მაგრამ ისინი საკუთარი პარტიების სახელით არასოდეს უერთდებიან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებს და ამისკენ არც მხარდამჭერებს მოუწოდებენ.

აქვს თუ არა ოპოზიციას მოქმედების საერთო გეგმა? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

პრეზიდენტის ეროვნული პრემია “კარტოგრაფების საქმის” მნიშვნელოვან მოწმეებს - სამეცნიერო აღიარება თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება?

წლის ბოლოს ეროვნული პრემია მიიღეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა და “კარტოგრაფების საქმის” ბრალდების მნიშვნელოვანმა მოწმეებმა, თედო გორგოძემ და ნოდარ ხორბალაძემ, პუბლიკაციისთვის “ოფიცრის ატლასი”.

წიგნი 2020 წელს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით და დაფინანსებით გამოიცა და 2013 წელს გამოცემული წიგნის გადამუშავებული ვერსიაა. პრემიის ლაურეატები 29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა.

საჯარო მოხელეებისა და მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმის მოწმეებისთვის ეროვნული ჯილდოს მინიჭებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა პროფესიულ წრეებში.

ისტორიკოსი ბექა კობახიძე წერს, რომ ნოდარ ხორბალაძე და თედო გორგოძე არა გამორჩეული სამეცნიერო ნამუშევრისთვის, არამედ იმის გამო დააჯილდოვეს, რომ “2020 წელს აღნიშნულმა ბატონებმა კონკრეტული მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კონკრეტული პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში და ეს უნდა დაეფასებინა კომისიას”. საკონკურსო კომისიის წევრი, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ წიგნის შეფასებისას მნიშვნელოვანი არ არის არც ის, რომელ საჯარო უწყებას წარმოადგენენ მისი ავტორები და არც ის, აქვთ თუ არა მათ რაიმე კავშირი გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმესთან.

ვის რატომ და რა დამსახურებისთვის გადაეცემა ეროვნული პრემია? წაიკითხე ნასტასია არაბულის სტატიაში.

უქმეები საჩუქრად - ბიუჯეტიდან არაფერში გადახდილი ფული

ათ იანვრამდე საჯარო სამსახურები ისვენებენ. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ გავრცელების გამო მიიღო. თუმცა იმის გამო, რომ ამ მონაკვეთს დაემთხვა 2 შაბათ-კვირა და ისედაც უქმე დღე, შობა - 7 იანვარი, საჯარო მოხელეები დამატებით მხოლოდ 4 დღეს დაისვენებენ.

ეკონომისტებმა ჯერ კიდევ შარშან გააკრიტიკეს მთავრობის მიერ გამოცხადებული უქმეები (რომელიც 2021 წელს უფრო ხანგრძლივი იყო და მას მოჰყვა მაისის გრძელი უქმეებიც).

მთავარი პრობლემა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ხედავს საქართველოს მთავრობის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებაში, არის ის, რომ, როგორც წესი, მათ არა აქვს მეცნიერული საფუძველი.

ეკონომისტის აზრით, აქ არგუმენტად ვერც პანდემია გამოდგება, რადგან არ არსებობს გარანტია, რომ ახალი წლის დღეებში არდადეგებზე მყოფი ადამიანები ერთმანეთთან სადღესასწაულო წვეულებაზე არ მივლენ.

საბოლოოდ, აი, რა რჩება: ერთი, რომ ამ საჯარო მოხელეებს ხელფასს ტყუილად უხდი, და მეორე - არ კეთდება საქმე, რაც დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში უნდა გაკეთებულიყო“.

მაგრამ არის კი ასე? ასე ეფექტიანად მუშაობს ყველა, ვინც ახლა ნაჩუქარ არდადეგებზეა?

წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

ევროკავშირის საგარეო ლიდერი უკრაინას ეწვევა, რუსეთთან დაძაბულობის ფონზე

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჟოზეპ ბორელი უკრაინას ეწვევა, რუსეთის მხრიდან ქვეყნის საზღვართან სამხედრო ძალის მობილიზაციის ფონზე. ვიზიტი 4-6 იანვარს გაიმართება და ის ბევრისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის დემონსტრირებაა უკრაინის მიმართ.

ევროპული კომისიის ინფორმაციით, ბორელი კიევში ოფიციალურ პირებთან შეხვედრებამდე ეწვევა "კონტაქტის ხაზს", სადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები უკრაინის მთავრობის ძალებს ებრძვიან, ქვეყნის აღმოსავლეთის რეგიონებში.

დასავლეთი შეშფოთებულია, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების 100,000 სამხედრომდე გაზრდა შესაძლოა პოტენციური შეჭრისთვის მზადებას მოასწავებდეს.

9-10 იანვარს აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლები ჟენევაში გამართავენ მოლაპარაკებას ამ კრიზისის შესახებ, იმ ფონზე, როცა მოსკოვმა ახლახან უსაფრთხოების სფეროში ფართომასშტაბიანი მოთხოვნები წაუყენა აშშ-სა და ნატოს.

წაიკითხე მეტი.

ირანელი გენერლის მკვლელობის მეორე წლისთავზე ბაღდადში ჩამოაგდეს ორი "თვითმკვლელი" დრონი

ბაღდადის თავზე ჩამოაგდეს ორი შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი, მაშინ, როცა ისინი უახლოვდებოდნენ სამხედრო ობიექტს ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც ამერიკის ძალებია განთავსებული. რეგიონში ბოლო დროს გაღრმავებულია დაძაბულობა აშშ-ის საფრენი აპარატებით განხორციელებული შეტევების გამო, ირანელი გენერლის მკვლელობის მეორე წლისთავის გამო.

ბაზაზე, რომელსაც იყენებს ექსტრემისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" მებრძოლი, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია, მოქმედებაში მოვიდა ანტისარაკეტო სისტემა და "ინციდენტის გარეშე ჩამოაგდო" ორი დრონი, - უთხრა კოალიციის წარმომადგენელმა სააგენტო ფრანს პრესს. კოალიციის წარმომადგენლები მედიასთან საუბარში უპილოტო საფრენ აპარატებს "თვითმკვლელ დრონებს" უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ეს იყო პოტენციურად "სახიფათო თავდასხმა სამოქალაქო აეროპორტზე". ინციდენტის შედეგად გამოწვეულ ზარალზე ან დაშავებულებზე ცნობები არ არის, დრონების ჩამოგდებას ადასტურებენ ერაყელი ოფიციალური პირებიც.

წაიკითხე მეტი.

რა დამალეს 2021 წელს მოსამართლეებმა, დეპუტატებმა, მინისტრებმა

2021 წელს 300-ზე მეტი საჯარო მოხელიდან ოჯახის, ქონებისა და საბანკო გადარიცხვების შესახებ ინფორმაცია სრულყოფილად მხოლოდ 130-მა შეავსო. დანარჩენმა 173-მა საჯარო მოხელემ, - მათ შორის, პარლამენტის წევრებმა, მოსამართლეებმა და მინისტრების მოადგილეებმა - ინფორმაციის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, დამალა.

გასული წლის კვლევის შედეგები საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა.

მონიტორინგის შედეგები ციფრებში:

  • 130 - სრულყოფილად შევსებული დეკლარაცია;
  • 133 - საჯარო მოხელე, ვისაც ჯარიმა დაეკისრა;
  • 32 - გაფრთხილება;
  • 7 - შეწყვეტილი წარმოება;
  • 1 - პროკურატურაში გადაგზავნილი დეკლარაცია.

გარდა ამისა, შეამოწმეს საიდუმლო თანამდებობებზე დანიშნული საჯარო მოხელეების დეკლარაციები, რომელთა შესახებ კანონი კონფიდენციალობის გარანტიას იძლევა. 25 დეკლარაციიდან სრულყოფილად შევსებული იყო 8, 14 თანამდებობის პირი დაჯარიმდა, 2 - გააფრთხილეს, წარმოება შეწყდა 1 შემთხვევაში.

რა დამალეს 2021 წელს მოსამართლეებმა, მინისტრებმა და დეპუტატებმა? წაიკითხე ვრცლად გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.