ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჟოზეპ ბორელი უკრაინას ეწვევა, რასაც აღიქვამენ ნიშნად ბლოკის მხარდაჭერისა კიევის მიმართ, იმ ფონზე, როცა უკრაინის საზღვართან იზრდება რუსეთის სამხედრო ძალა.
ევროპულმა კომისიამ 3 იანვარს გამოაცხადა, რომ ბორელი უკრაინაში ჩავა 4-დან 6 იანვრამდე და კიევში, ოფიციალურ პირებთან შეხვედრებამდე ეწვევა "კონტაქტის ხაზს", სადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები უკრაინის მთავრობის ძალებს ებრძვიან, ქვეყნის აღმოსავლეთის რეგიონებში.
დასავლეთი შეშფოთებულია, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების 100,000 სამხედრომდე გაზრდა შესაძლოა პოტენციური შეჭრისთვის მზადებას მოასწავებდეს.
9-10 იანვარს აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლები ჟენევაში გამართავენ მოლაპარაკებას ამ კრიზისის შესახებ, იმ ფონზე, როცა მოსკოვმა ახლახან უსაფრთხოების სფეროში ფართომასშტაბიანი მოთხოვნები წაუყენა აშშ-სა და ნატოს.
ორმხრივი მოლაპარაკებებიდან რამდენიმე დღეში გაიმართება შეხვედრები რუსეთის და ნატოს წარმომადგენლებს შორის, ასევე შედგება შეხვედრები ეუთოს ეგიდით.
ბრიუსელს სურს თავიდან აირიდოს გამოტოვებულად ყოფნა აშშ-ის და რუსეთის მოლაპარაკებებიდან კონტინენტის უსაფრთხოების შესახებ.
"ამ მოლაპარაკებებს ევროკავშირი უნდა ესწრებოდეს", - უთხრა ბორელმა გერმანიაში გამომავალ გაზეთ Die Welt-ს გასულ კვირაში და დასძინა: "ჩვენ არ გვსურს ვიყოთ... მაყურებლები, რომლებიც პროცესში არ მონაწილეობენ და რომელთა მიღმაც იღებენ გადაწყვეტილებებს".
აშშ-ს ნათქვამი აქვს, რომ რეგიონის უსაფრთხოების თაობაზე არცერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ ევროპელი მოკავშირეების და უკრაინის გარეშე.
რუსეთმა მოითხოვა გარანტიები, რომ უკრაინა, საქართველო და სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ნატოში არ გაწევრიანდებიან, მას ასევე სურს შემცირდეს ალიანსის სამხედრო ყოფნა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
დასავლეთმა უარყო მოსკოვის ულტიმატუმები ნატოსთან დაკავშირებით და მოსკოვს მკაცრი სანქციებით და სხვა ზომებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუკი ის უკრაინაში შეიჭრება.