ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს სამხედრო პოზიციებზე ღაზის სექტორში, 1 იანვრის ღამეს მას შემდეგ, რაც რაკეტები იქნა გაშვებული პალესტინელთა ანკლავიდან, - განაცხადეს უშიშროების სამსახურის წყაროებმა და არმიამ.
ისრაელის სამხედრო უწყებამ 2 იანვარს ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ დარტყმა მიაყენა ტერიტორიას, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს ღაზის სექტორიდან გაშვებული ორი რაკეტის საპასუხოდ, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში ჩაეშვა თელ-ავივთან.
"როცა მთელ მსოფლიოში ფეიერვერკებმა ცა გაანათეს ახალი 2022 წლის აღსანიშნავად, ღაზიდან სხვა ტიპის ცეცხლოვანი გასროლა მოხდა - ტერორისტული სარაკეტო ცეცხლის დაშენა ისრაელის მიმართულებით", განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების უწყებამ(IDF). ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებმა განაცხადეს, რომ არმიამ საპასუხო დარტყმა მიაყენა რაკეტების დამამზადებელ ობიექტს და "ჰამასის" სამხედრო პოსტს.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. უცნობია, ღაზიდან გასროლილი რაკეტების სამიზნე იყო თუ არა ისრაელი.
სექტემბრის ერთი ინციდენტის გარდა, არცერთი სარაკეტო დარტყმა არ განხორციელებულა საზღვრებს გაღმა მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა 11-დღიანი ომი ისრაელსა და "ჰამასს" შორის მაისის თვეში, როცა "ჰამასმა" რამდენიმე რაკეტა გატყორცნა ისრაელის მიმართულებით.
პალესტინელთა რადიკალური ორგანიზაცია "ჰამასი", რომელსაც სამხედრო ფრთაც გააჩნია, ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა ისრაელის, შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის მიერ.