„ომიკრონის“ სწრაფად გავრცელებას უამრავი საჰაერო რეისის გაუქმება მოჰყვა

ათასობით საჰაერო რეისი იქნა გაუქმებული ახალი წლის პირველ დღეს, რადგან კოვიდ-19-ის გავრცელებას ავიაკომპანიების თანამშრომელთა შორის პერსონალის ნაკლებობა მოჰყვა, რის გამოც ათასობით მგზავრმა ვერ მოახერხა დანიშნულების ადგილზე ჩასვლა დასვენების დღეებში.

ვებსაიტ Flightaware.com-ის თანახმად, 1 იანვრის შუადღისთვის გაუქმებული იყო 4600 რეისი, რომელთა ნახევარი აშშ-ზე მოდის.

საავიაციო სფეროში პერსონალის ნაკლებობა იყო შობის დღეებშიც, მაგრამ ვითარება მალევე შედარებით გაუმჯობესდა.

შემდეგ, ახალი წლის პირველ დღეს, იმავე პრობლემის გამო, კვლავ საჭირო გახდა ათასობით რეისის გადადება.

ჯანდაცვის სამსახურების თანახმად, ახლა ინფიცირებულთა რიცხვი ბევრად უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე პანდემიის ადრინდელ პერიოდებში.

აშშ-მა გასულ კვირაში ყველა რეკორდი მოხსნა ახლად ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით. მათი რიცხვი ოთხჯერ გაიზარდა საშუალო მაჩვენებელთან შედარებით და 31 დეკემბერს მიაღწია 386 ათასს.

ამავე დღეს უპრეცედენტოდ გაიზარდა ახლად ინფიცირებულთა რიცხვი საფრანგეთში. 31 დეკემბერს ეს რაოდენობა 232 ათასზე ავიდა. ასევე სარეკორდოა ახალი შემთხვევების რიცხვი ბრიტანეთში და ის 189 ათასს ასცდა. სარეკორდო მაჩვენებელი აქვთ ახალი წლის დასაწყისში პორტუგალიას და ავსტრალიასაც.

ამავე დროს ასი ათას მოსახლეზე ერთ კვირაში ახალი შემთხვევების რიცხვი გერმანიაში ბოლო ხანს საგრძნობლად შემცირდა. ასეთივე ტენდენციაა ჩეხეთში, სადაც ასევე შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენობა და სადაც, 26 დეკემბრიდან კვლავ ათი საათის შემდეგ მუშაობის ნებართვა მიეცათ ბარებს, რესტორნებს და ღამის კლუბებს, ამ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ.