მოსალოდნელია თუ არა ახალი ბრალდება სააკაშვილის წინააღმდეგ - რა არ უნდა გამოგრჩეს 31 დეკემბერს

ხელისუფლების დამხობა შეთქმულების გზით - წაუყენებს თუ არა სააკაშვილს სუსი ახალ ბრალდებას?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გეგმავს, რომ შეთქმულების გზით ხელისუფლების დამხობის საქმეზე „უახლოეს ხანებში“ დაკითხოს პატიმარი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საქმე შეეხება სს/კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ დანაშაულს, რომელიც 8-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა აშკარად მიანიშნა, რომ სააკაშვილს გამოძიება ამ საქმეში „მთავარ იდეოლოგად“ თვლის და მისი დაკითხვა ამ დრომდე მისი მკურნალობის გამო ვერ მოხერხდა.

გუშინ ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ გორის ჰოსპიტლიდან სააკაშვილი ციხეში ყალბი დიაგნოზის საფუძველზე დააბრუნეს.

სააკაშვილის ციხეში გადაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა, რომ გამოძიება „ერთ-ერთი დასაკითხი ობიექტის“ გამოჯანმრთელებას ელოდებოდა, დაკითხვის უფრო კომფორტულ პირობებში ჩასატარებლად და რომ ეს დრო უკვე ახლოვდება:

„ჩემი ინფორმაციით, მის [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ალბათ, უახლოეს ხანებში მოგვეცემა საშუალება, რომ უშუალოდ გამოიკითხონ ის პირები, ვინც ამ საქმეში მთავარ იდეოლოგებად მოიაზრებიან“.

რა ვიცით საქმეზე რომლის ფარგლებშიც ექსპრეზიდენტის დაკითხვა იგეგმება? ვიცით ის, რაც 29 ოქტომბერს მტკიცებულებების სახით გამოქვეყნდა. სუს-მა ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც უწყების თქმით, პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში იყო ჩაწერილი. სუს-ის განცხადებით საუბრის მონაწილეები, გეგმავდნენ „დესტრუქციულ ქმედებებს" რუსთავის ციხესთან "უკონტროლო სიტუაციისა" და "ქაოსის" შესაქმნელად. იმ დროს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა.

ამ საქმეზე ჯერ არავინ დაუკითხავთ. რა მოლოდინი აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ახალი საქმის აღძვრასთან დაკავშირებით? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით, დაამტკიცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები

81 ხმა 7-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს. კანონპროექტში თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით შეიცვალა ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებისა და მისი შედეგების დეტალებს. 1 მარტიდან ინსპექტორის სამსახურში დასაქმებულები წერილობითი თანხმობის საფუძველზე ახლად შექმნილ საგამოძიებო სამსახურში მათი თანამდებობების შესაბამის ახალ თანამდებობებზე დაინიშნებიან.

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია იმედოვნებს, რომ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტს სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს.

„მე მინდა მას [სალომე ზურაბიშვილს] ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და მე ვიტოვებ იმედს, რომ იგი გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და დაადებს ვეტოს ამ ყველაზე არაევროპულ კანონს“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. მისი განცხადებით, სამართლებრივი ბრძოლა აქ არ დასრულებულა.

პრეზიდენტმა უკვე გამოთქვა უკმაყოფილება კანონპროექტის სწრაფად და კონსულტაციების გარეშე მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა უცნობია გამოიყენებს თუ არა ის ვეტოს უფლებას.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად სჭირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა (76 ხმა).

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის საათები ერთი ღამით გაიზრდება

31 დეკემბერს ახალი წლის ღონისძიებებთან დაკავშირებით მუნიციპალური ტრანსპორტი 03:00 საათამდე იმუშავებს.

მერიის ინფორმაციით ავტობუსები 23:00-დან 03:00 საათამდე მსურველებს მათთვის ხელსაყრელ მეტროსადგურებთან დააკავშირებენ, რის შემდეგაც მგზავრები შეძლებენ დანიშნულების ადგილზე მეტროს დახმარებით მივიდნენ. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მგზავრები ავტობუსით, მეტროსა და „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო ხაზის დახმარებით, გადაადგილებას უფასოდ შეძლებენ.

მერიას საახალწლო გალა კონცერტი წელს პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქვს დაგეგმილი. ღონისძიება 00:00 საათზე დაიწყება.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

მესტიაში ხატზე დაიფიცეს, რომ "მაინერებს" აღარ გამოიყენებენ

მესტიელებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ხატზე დაიფიცეს, რომ ელექტრო-ენერგიას აღარ გამოიყენებენ მაინერების ასამუშავებლად. დაფიცების რიტუალი 30 დეკემბერს გაიმართა.

"შესრულდა ხატზე დაფიცების რიტუალი, რომელიც მოიცავდა ერთადერთ პუნქტს, რომ გაგვეთიშა მოსახლეობას მაინერები. დაიფიცა სრულიად მესტიის მოსახლეობამ. ყველაზე ცუდი ფაქტი ისაა, რომ ამ ზომას მივმართეთ ჩვენ, სხვა ალტერნატიული გამოსავალი არ დაგვიტოვეს. ექვსი წელია ეს პრობლემა არ მოგვარდა და მივმართეთ უკიდურეს ზომას", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ანა ჩართოლანი.

მესტიას ​ზამთარში ელექტრო-ენერგიის მიწოდების პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად აქვს. იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტში ელ-ენერგიის მიწოდება უფასოა, მოსახლეობა კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად მაინერებს რთავს. ზამთარში ისედაც გაზრდილ დატვირთვას სადენები ვერ უძლებს და მუდმივად ითიშება ელექტრო-ენერგია.

წაიკითხე მეტი.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორი და გაზპრომი აცხადებენ, რომ მილსადენი მზად არის გაზის მიწოდებისთვის

დავის საგნად ქცეული მილსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორი და რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი,“ აცხადებენ, რომ გაზსადენი მზად არის ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის რუსეთიდან გერმანიაში.

AFP-ს მოჰყავს საოპერაციო კომპანია Nord Stream 2 AG-ის განცხადება, რომელშიც წერია, რომ „ მილსადენის მეორე ხაზით გაზის გადაქაჩვის პროცედურა დაწყებულია. ეს წნევა საკმარისია აირის ტრანსპორტირებისთვის მომავალში“.

ახალ მილსადენს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაიყვანეს, ორი ერთმანეთის პარალელური ხაზი აქვს, რომლებმაც ერთად, წლიურად 55 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უნდა გადაქაჩონ. Nord Stream 2 AG-მა ოქტომბერში გამოაცხადა, რომ მილსადენის პირველი ხაზი ეტაპობრივად ივსებოდა, რათა საწყობებში მარაგი შექმნილიყო და საჭირო წნევისთვის მიეღწიათ.

წაიკითხე მეტი.

2022 წლის პოლიტიკური მემკვიდრეობა - რას ელოდნენ და რა მიიღეს - ხელისუფლებამ, ოპოზიციამ?

კრიზისიდან კრიზისამდე - ამ ორ სიტყვაში ეტევა 2021 წლის პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში. კრიზისის ყოველი გადაჭრა ან მოჩვენებითი იყო, ან დროებითი.

ბევრი რამ ისე არ მოხდა ან იმის საპირისპიროდ მოხდა, როგორც ეს ხელისუფლებას, ოპოზიციას თუ საერთაშორისო პარტნიორებს წარმოედგინათ. ქვეყანა პოლიტიკური (როგორც მმართველი პარტია ირწმუნებოდა - ხელოვნური) კრიზისიდან ვერ გამოვიდა. ამასთან, წლის განმავლობაში იცვლებოდა პოლიტიკური განცხადებების შინაარსი, ალიანსები, პოზიციები თუ მოქმედებების ტაქტიკა.

2020 წლის ბოლო დღეს ოპოზიციის საპროტესტო კარვები პარლამენტის წინ ხელისუფლებამ საახალწლო ატრაქციონებით ჩაანაცვლა, 2021 წლის ბოლო დღეებში საპროტესტო კერა - „ნაციონალური მოძრაობის“ "მასობრივი შიმშილობის აქცია" - აეროპორტის გზაზე, პარტიის ოფისთან გაშლილ კარვებშია კონცენტრირებული, მომხრეები მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ, მეხუთე პრეზიდენტს კი „ეროვნული თანხმობის" ჯერჯერობით ბუნდოვანი მომავლის პროცესი აქვს წამოწყებული.

რა მოუტანა გასულმა წელმა „ოცნებას“ და რა მოუტანა ოპოზიციას? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას წლის პოლიტიკურ შეჯამებაში.

სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას ერთი წელი რჩება 2022 წლის დეკემბრამდე. ოთხწლიანი მუშაობისას ყველაზე ხილული მისი საქმიანობის შედეგები 2021 წელს გახდა - მან შეძლო საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, როგორ სასტიკად ექცეოდნენ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს და აიძულა ხელისუფლება დამოუკიდებელი ექიმებისგან შემდგარ კონსილიუმს ემსჯელა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. უკან მოტოვებულ მძიმე წელზე, ყოველდღიურობასა და გეგმებზე, თავისი საქმიანობის სირთულეებზე რადიო თავისუფლების კითხვებს ნინო ლომჯარია პასუხობს.