თოლორაია იმედს იტოვებს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ახლად მიღებულ ცვლილებებს

ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ, სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტთა პაკეტის პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, ბრიფინგი გამართა.

ლონდა თოლორაიას შეფასებით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც არჩევითი თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გააუქმა. მანვე დაამატა, რომ საბედნიეროდ, პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების წევრების 3-დღიანი ბრძოლის შემდეგ შეცვალა დამოკიდებულება სამსახურის თანამშრომლების მიმართ და ისინი გადაანაწილა იმ ორ ახალ უწყებაში, რომლებიც დღეს, 30 დეკემბერს, მიღებული კანონის საფუძველზე უნდა შეიქმნას.

„თუმცა ეს არ ცვლის შედეგს - დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი გაუქმებულია და ის აღარ არსებობს“, - განაცხადა თოლორაიამ.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, მიღებული კანონის თანახმად, სამსახურიდან მასთან ერთად გაათავისუფლეს მისი მოადგილეები. „ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის [საპარლამენტო უმრავლესობისთვის] მიუღებელი იყო დამოუკიდებელი ორგანო და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები“, - აღნიშნა მან.

ლონდა თოლორაიას განცხადებით, 29 დეკემბერს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შეიქმნა ორი ანტიკონსტიტუციური ორგანო.

თოლორაიამ მიმართა დეპუტატებს: „პარლამენტის წევრებს შევახსენებ, რომ საზედამხედველო უწყებებს ქვეყნები არ ქმნიან იმისთვის, რომ უპირობოდ დაეთანხმონ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს. საზედამხედველო უწყებებს განვითარებულ ქვეყნებში ქმნიან იმისთვის, რომ თავისი პრინციპული სიტყვა თქვან, მაშინ, როდესაც სახელმწიფო უწყებები არღვევენ ადამიანის უფლებებს“.

სახელმწიფო ინსპექტორი მიიჩნევს, რომ ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია. „მე მინდა მას [სალომე ზურაბიშვილს] ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და მე ვიტოვებ იმედს, რომ იგი გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და დაადებს ვეტოს ამ ყველაზე არაევროპულ კანონს“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. მისი განცხადებით, სამართლებრივი ბრძოლა აქ არ დასრულებულა.

საქართველოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ მესამე მოსმენით, 81 ხმით 7-ის წინააღმდეგ, მიიღო კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად სჭირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა (76 ხმა).

ასევე ნახეთ პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით, დაამტკიცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი მოითხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროექტის დაჩქარებული განხილვის შეწყვეტას
ასევე ნახეთ ლომჯარიას თქმით, პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს

30 დეკემბერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გამოაქვეყნა იმ ხარვეზების ჩამონათვალი, რომლებსაც მათი შეფასებით შეიცავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი და დაწერა, რომ:

  • საკანონმდებლო პაკეტი საკითხის შესწავლის გარეშე იქნა ინიცირებული;
  • მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ რეფორმის მიღმა დარჩა;
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შედეგად გამომძიებლების და სამსახურში დასაქმებული პირების თანამდებობებიდან გათავისუფლება საფრთხეს უქმნის საჯარო სამსახურის სტაბილურობას;
  • კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება გაუმართლებელია;
  • საკანონმდებლო პაკეტის განხილვის პროცედურა არ პასუხობს გამჭვირვალობისა და პარლამენტის ღიაობის პრინციპებს.