საჭმელს ხანდახან ტუალეტში ვამზადებთ - თემქაზე დევნილები შეპირებულ ბინებს ითხოვენ

თბილისში, თემქაზე, ავარიულ შენობაში 200-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. იქ გაჩერება რომ სახიფათოა, ხელისუფლებამ წლებია იცის.

თბილისის ზღვასთან ახლოს, ვანათის ქუჩაზე ერთი-ერთი კორპუსის ბინადრებმა გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები გააპროტესტეს. მათ გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.

აფხაზეთიდან დევნილი 200-მდე ოჯახი სანატორიუმი "ქართლის" ყოფილ შენობაში ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ სახლს ბზარები გაუჩნდა, რომ შეშით თბებიან და შენობაში ყოფნა გაუსაძლისია. ძველი მილები ხშირად წვეთავს და მათი გარემონტება ძვირი უჯდებათ. მაგრამ ეს პრობლემას ვერ აგვარებს. ხშირად დაბანას ვერ ახერხებენ. "ხანდახან საჭმლის მომზადება ტუალეტში გვიწევს", - უთხრა "რადიო თავისუფლებას" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მისივე თქმით, შენობა სახიფათო რომაა, ამას 3 დასკვნა ადასტურებს. ბოლო დოკუმენტი 2015 წლის 3 თებერვლით თარიღდება.

"მრღვევი პროცესები ფუძე-გრუნტის მასივში ამჟამადაც ვითარდება, რაც შესაძლებელია მომავალში გახდეს საკვლევი შენობის მზიდი კონსტრუქციების მასიური ნგრევის მიზეზი", - ნათქვამია სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში.

"14 კვადრატში ორი ბიჭი მყავს, ერთი არის 20 წლის, მეორე -19-ის. დედამისი იქვე იცვლის ტანსაცმელს... საინს არ ვრეცხავ ტუალეტში. ეს არ ხდება ჩემთან, მარა ოჯახის ქალი რომ იხდის ტანსაცმელს და ცდილობს, რომ მოიფაროს ყველაფერი, ეს რომ ხდება, მაგაზე მწყდება გული, - ამბობს კორპუსში მცხოვრები 51 წლის რამაზი, - პრობლემა მარტო სახლს კი არა, ადამიანებსაც აქვთ... ბევრს ფსიქოლოგი სჭირდება უკვე".

დევნილების თქმით, ახალ ბინებში შესახლებას მერია რამდენიმე თვის წინ დაჰპირდათ. ისინი პირობის შესრულებას ითხოვენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქში 10 000 - მდე ავარიული სახლია. იქ მცხოვრები ოჯახებისთვის ალტერნატიული საცხოვრებლის შეთავაზებას ქალაქი ეტაპობრივად, მომდევნო ორი წლის განმავლობაში გეგმავს.

"რადიო თავისუფლება" დამატებით დეტალებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.