საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ყალბი დიაგნოზით გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გვარამიამ თქვა, რომ სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და მას სიარულში ბადრაგის თანამშრომლები ეხმარებოდნენ.
"არ არის ბოლომდე კომუნიკაბელური, არის ძალიან სუსტად, გაუარესებულია მდგომარეობა. შესაბამისად, მის მაგივრად ვერ გავაკეთებ განცხადებებს... ადამიანი არის ყალბი დიაგნოზით გამოწერილი [დიაგნოზი შემსუბუქებულია]... მოდუნება და განლევა აქვს კუნთების წოლისგან და იმ რეჟიმისგან, რომელშიც გორში იმყოფებოდა. გორის ჰოსპიტალი აღმოჩნდა ერთადერთი დანიშნულების, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მომკვდარიყო", - თქვა გვარამიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილმა წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწია წუხელ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც მის წასაყვანად გორის ჰოსპიტალში მივიდნენ.
"ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა, იგი იყო დაუძლურებული, მას მიაკითხეს ეტლით, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა - გაბრუებული იყო, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული... წამოსვლის წინ უთხრეს, რომ მიგვყავხარ რუსთავში, მაგრამ ცუდად თუ გახდები, გლდანში გადაგიყვანთო. ეს არის წამებით დამუქრება... მუქარა ყოველთვის დაკიდებულია სააკაშვილზე. მას ცუდად გახდომის უფლება არ დაუტოვეს", - თქვა გვარამიამ.
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს ღამის საათებში გადაიყვანეს. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის გადაყვანა რამდენიმე საათის შემდეგ, მხოლოდ დილით დაადასტურა.
ასევე ნახეთ პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი №12 დაწესებულებაშიაექსპრეზიდენტის გარემოცვაში არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაახლებს. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისთვის 28 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილი შიმშილობას გააგრძელებს, ბრეგაძემ უპასუხა, რომ არსებული სტანდარტით, რომელიც ყველაზე ვრცელდება, ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, პატიმარი გადაჰყავთ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილსაც იქ გადაიყვანენ, რადგან გამონაკლისი არავინაა.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 20 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.