"მემორიალი", პუტინი, საქართველო

რუსეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალის“ ლიკვიდაციის თაობაზე, საფუძვლად დაედო რუსეთის გენერალური პროკურატურის სარჩელი, თითქოსდა, საზოგადოება, რომელიც „ცრუ წარმოდგენას ქმნის საბჭოთა კავშირის, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს შესახებ“, სისტემატურად არღვევს რუსეთის ფედერაციის კანონს "უცხოეთის აგენტის" შესახებ.

„მემორიალი“ რუსეთში ადამიანის უფლებათა უძველესი ორგანიზაცია და საერთაშორისო ისტორიულ-საგანმანათლებლო საზოგადოებაა, რომელიც აგროვებს ინფორმაციას სტალინიზმის რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ და იბრძვის КГБ-ს არქივის გახსნისთვის.

"ჩვენ სულ ვიქნებით!" - ამ შინაარსის ტრანსპარანტს ამაგრებენ სასამართლოს შენობის კედელზე "მემორიალის" მხარდამჭერები.

რუსეთის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, "მემორიალი" სისტემატურად არღვევდა კანონს "უცხოური აგენტების შესახებ", არ ურთავდა შესაბამის იარლიყებს თავის ყველა მასალას, რომელსაც სოციალურ ქსელსა თუ სხვა მედიასაშუალებებში აქვეყნებდა.

28 დეკემბერს სასამართლოში, მხარეთა დებატებისას, პროკურორმა ალექსეი ჟაფიაროვმა განაცხადა, რომ „მემორიალი“ ქმნის საბჭოთა კავშირის ტერორისტული სახელმწიფოს ცრუ იმიჯს.

„რატომ უნდა ვუყუროთ ჩვენ, გამარჯვებულთა შთამომავლებმა, ნაცისტების რეაბილიტაციას? ალბათ იმიტომ, რომ ამაში ვიღაც ფულს იხდის“, - განაცხადა რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.

"მემორიალს ვერ აკრძალავთ!" - წარწერა სამოქალაქო აქტივისტის პირბადეზე

„მემორიალის“ მისია, როდესაც ის შორეულ 1988 წელს იქმნებოდა, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და ცოდნის გავრცელება იყო. მოგვიანებით დაემატა ადამიანის უფლებების დაცვა უფლებადამცავი ცენტრის სახით, რომელსაც ასევე უპირებენ დახურვას "უცხოეთის აგენტის" შესახებ ყბადაღებული კანონის დარღვევის ფორმალური საბაბით.

აგენტის საძაგელი დამღა!

2012 წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო ცვლილებები კანონში „არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ“, რომლის თანახმად, იუსტიციის სამინისტროში „უცხოეთის აგენტებად“ დარეგისტრირებულმა ორგანიზაციებმა აუცილებლად უნდა მიუთითონ თავიანთი სტატუსი („უცხოეთის აგენტი“) ყველა პუბლიკაციაში, რომელიც გამოქვეყნდება მედიასა თუ ინტერნეტში.

2017 წელს მიღებული კანონით, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს შეუძლია „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადოს ნებისმიერი მედიასაშუალება, რომელიც იღებს დაფინანსებას ან ქონებას უცხოური ორგანიზაციების ან უცხოეთის მოქალაქეებისგან პირდაპირ ან რუსული იურიდიული პირების მეშვეობით.

დმიტრი მურატოვი

2018 წელს რფ-ის სახელმწიფო სათათბირომ კიდევ ერთხელ მიიღო ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს ინდივიდის, ფიზიკური პირის „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებას, თუკი ის ავრცელებს ინფორმაციას შეუზღუდავი რაოდენობის აუდიტორიაზე და იღებს უცხოურ დაფინანსებას.

„ეს კანონი კი არა, საძაგელი დამღაა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს დააჯილდოოს ნებისმიერი თავისი ოპონენტი და ამ გზით წაართვას თავის პროფესიაში საქმიანობის საშუალება“, - ამბობს რუსეთში გამომავალი გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, დმიტრი მურატოვი.

წარსულზე მხოლოდ ტყუილი

„მემორიალის“ სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას ორგანიზაციის მხარდასაჭერად ასობით ადამიანი მიდიოდა რფ-ის უმაღლესი სასამართლოს შენობასთან, 130 ათასზე მეტმა მოქალაქემ კი ხელი მოაწერა „მემორიალის“ მხარდასაჭერ პეტიციას. ხელმომწერთა შორის არის ისტორიკოსი ტამარა ეიდელმანი, რომლისთვისაც ცხადზე უცხადესია რუსეთის ხელისუფლების მოქმედების ლოგიკა.

„ქვეყანაში, სადაც ისტორიული მეხსიერება არ არის, შეგიძლია გააკეთო ის, რაც გინდა. მეხსიერების გარეშე ადამიანები იოლად იქცევიან მანქურთებად, ზომბებად, ავტომატებად, რობოტებად, რომლებიც იოლად შეგიძლია მართო ნებისმიერი საქმისთვის“, - ამბობს ტამარა ეიდელმანი, - „მეორეც, ჩვენ გვმართავენ საიდუმლო სამსახურები, რომლებიც თავს აღიქვამენ შინსახკომის (НКВД) იმ ორგანოთა მემკვიდრეებად, რომლებიც ხვრეტდნენ, აწამებდნენ და აგზავნიდნენ უდანაშაულო ადამიანებს ბანაკებში, რომლებმაც ჩაიდინეს ყველა ის სისასტიკე, რასაც „მემორიალი“ ინახავს. შესაბამისად, მათთვის „მემორიალის“ ლიკვიდაცია საკუთარი თავის დაცვის სურვილი და შურისძიებაა“.

ტამარა ეიდელმანი

ტამარა ეიდელმანის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას არ ესმის, რომ არსებობს განსხვავება ქვეყნის სიყვარულს, სამშობლოს ერთგულებას და რეჟიმის, სახელმწიფოს გაკიცხვას შორის.

„მათთვის ქვეყანა სახელმწიფოა, ხალხი კი ამ ქვეყანაში ბანაკის მტვერი და სხვა არაფერი. ამიტომ, მათი აზრით, ვინც სახელმწიფოს კიცხავს, ქვეყნის მტერია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. „მემორიალი“ მეხსიერების და ხალხის ნამდვილი დამცველი და ჩვენი სინდისია. ბუნებრივია, „მემორიალის“ ლიკვიდაცია დიდი დარტყმაა ისტორიულ მეხსიერებაზე. ამას აქვს როგორც გარკვეული სიმბოლური, ასევე კონკრეტული მნიშვნელობაც: პროგრამების დახურვა, ახალი დაბრკოლებები ადამიანის უფლებათა დაცვის გზაზე და ა.შ. ყოველივე ეს ერთი ჯაჭვის რგოლებია“.

ადამიანის უფლებების რუსი დამცველი, ივან პავლოვიც მიიჩნევს, რომ რუსეთში მიმდინარეობს ყოველივე იმის გამოხშირვა, რაც ასე თუ ისე ქმნის საინფორმაციო შინაარსს, საინფორმაციო ფონს და რაც აღიზიანებს ხელისუფლებას:

“ხელისუფლების მგრძნობელობის ბარიერმა იმდენად დაბლა დაიწია, რომ ფაქტობრივად ყველაფერზე მტკივნეულად რეაგირებენ. მიუხედავად იმისა, რომ „მემორიალი“ ისეთი ორგანიზაციაა, რომელიც ხელისუფლებისთვისაც კი ახალი რუსეთის სიმბოლოს წარმოადგენს, ეს პროცესი მაინც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს“.

ისტორიკოსი და ცნობილი რუსი ტელეწამყვანი, ნიკოლაი სვანიძე რუსეთის სამთავრობო პოლიტიკის და ოფიციალური იდეოლოგიის მთავარ მიმართულებად მიიჩნევს ტყუილის ტირაჟირებას, რასაც, მისი თქმით, შეეწირა კიდეც „მემორიალი“:

„მოკლედ, ისინი გვთავაზობენ, წარსულზე ტყუილი ვილაპარაკოთ, სიამაყედ წარმოვაჩინოთ სიცრუე. გაუგებარია, რატომ უნდა ილაპარაკო ტყუილი იმისათვის, რომ შენი სამშობლოთი იამაყო. ჩვენი წარსული სამარცხვინო კი არა, ძალიან ნათელი, მაგრამ იმავდროულად ძალიან ტრაგიკულია. ამის ცოდნაა საჭირო, რათა ეს აღარ განმეორდეს. იქნებ მათ გამეორება სურთ“.

ნიკოლაი სვანიძე

ნიკოლაი სვანიძე დარწმუნებულია, რომ „მემორიალის“ ლიკვიდაციას საფუძვლად უდევს არა იურიდიული, არამედ იდეოლოგიურ ასპექტები, შესაბამისად საქმე გვაქვს ხელისუფლების პრინციპულ გადაწყვეტილებასთან.

„ამაზრზენ, სამარცხვინო, მაგრამ თავისებურად პრინციპულ გადაწყვეტილებასთან, - აზუსტებს სვანიძე, - სწორედ ამ სიმხდალეში და უსირცხვილობაშია ის პრინციპული. ამიტომ, არ მგონია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვლება. „მემორიალი“ იმუშავებს, მაგრამ - რთულ პირობებში.“

„მემორიალი“ და საქართველო

„მემორიალი“ რომ მუშაობას არ შეწყვეტს, ამაში დარწმუნებულია გიორგი კლდიაშვილი - "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც „მემორიალთან“ ნაყოფიერი მუშაობის არაერთი წელი აკავშირებს.

გიორგი კლდიაშვილი

„გარდა ჩვენ შორის გაფორმებული ფორმალური მემორანდუმისა, დაფუძნების დღიდან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, განსაკუთრებით რეპრესიების საკითხებში, სტალინური პერიოდის შესწავლასა და საბჭოთა ისტორიის კვლევაში. ასეთი ორგანიზაციის ლიკვიდაცია გლობალური მასშტაბის დანაკლისია, მაგრამ, ვფიქრობ, „მემორიალი“ მაინც გააგრძელებს მუშაობას, თუმცა სამწუხაროდ რუსეთში, ალბათ, ვეღარ. დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობის ფორმატი ისევ გვექნება. „მემორიალს“ აქვს ძალიან სერიოზული საექსპერტო ცოდნა, „მემორიალს“ აქვს უზარმაზარი არქივი, უზარმაზარი ქსელი... არ არის გამორიცხული, რომ „მემორიალის“ ნაწილი საქართველოშიც კი ვიხილოთ ისევე, როგორც ბევრი ჩვენი კოლეგა. „მემორიალის“ მიერ დაგროვებული ცოდნა არ უნდა დაიკარგოს. დარწმუნებული ვარ გამოჩნდება არაერთი ინიციატივა და ბევრი ადამიანი, ვინც მხარს დაუჭერს ორგანიზაციას“, - უთხრა გიორგი კლდიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

„მემორიალის“ მნიშვნელობაზე საუბრისას ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ „მემორიალმა“ დოკუმენტურად დააფიქსირა (აღწერა) საბჭოთა კავშირის დანაშაულები და მისი რეპრესიის მსხვერპლი (ადამიანები) დაუბრუნა საზოგადოების მეხსიერებას.

„მემორიალის“ მიერ გაწეული სამუშაო იყო ეკალი პუტინის რეჟიმის თვალში. „მემორიალის“ საქმიანობის აკრძალა შავი დღეა არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, შავი დღეა საქართველოსთვისაც, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მიუთითებს ადგილობრივ ადმინისტრაციას, რომელი ორგანიზაციებია დასახური იმისათვის, რათა “ისტორია არ გაყალბდეს“, - ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი.

ზაალ ანდრონიკაშვილი

„რუსეთის საგარეო უწყების მითითებაში“ იგულისხმება რუსეთის МИД-ის მიერ 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში “ნაციზმის გმირობად წარმოჩენის საკითხები” და სხვ. ანგარიშის საქართველოს თავში ვკითხულობთ:

“საინფორმაციო რესურსებს, რომლებიც ავრცელებენ ისტორიის დამახინჯებულ ინტერპრეტაციებს „საბჭოთა წარსულის“ საწინააღმდეგო პროპაგანდის სახით, მათ შორის დიდ სამამულო ომზე, მიეკუთვნებიან „სოვლაბი“, „რადიო თავისუფლების ქართული სამსახური“, „ნეტგაზეთი“, „ბათუმელები“, „ტაბულა“ და მთავარი ანტისახელისუფლებო რუპორი „მთავარი არხი“.

რუსეთის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი დავით დარჩიაშვილიც ფიქრობს, რომ მოსკოვის დამოკიდებულება საბჭოთა წარსულისადმი და „მემორიალის“ დახურვა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად იქონიებს გავლენას საქართველოზე, რომლის მოქმედი ხელისუფლება ისედაც მიდრეკილია რუსული ნარატივების გაზიარებისკენ.

დავით დარჩიაშვილი

„პირდაპირ შეიძლება არა, მაგრამ ირიბად ყველანაირი ხელშეწყობა აქვს საქართველოში პრორუსულ ნარატივებს, რომლებსაც ავრცელებენ ასავალ-დასავლები, ალტინფოები და ა.შ. ყველაფერ ამასთან შეუთავსებლობაში მოდის ქართული ორგანიზაციების, მათ შორის „სოვლაბის“ ფუნქციონირება. რუსეთი და კრემლი ამ დამოკიდებულებებს გამოხატავენ. რამდენად სწრაფად და მყისიერად აღასრულებს ამას „ქართული ოცნება“? ალბათ ასე სწრაფად არა, მაგრამ ნელ-ნელა არა მარტო რეპრესიული სტილით ვემსგავსებით რუსეთს, არამედ იდეურადაც... ქართული ნაციონალიზმიდან გამომდინარე, ცოტა ძნელია რუსული ნაციონალიზმის პირდაპირ გაზიარება, მაგრამ ეს მცდელობები აუცილებლად გაგრძელდება, თუ ჩვენ დავრჩებით კრემლის მიერ შექმნილ ორბიტაზე. ვგულისხმობ, როგორც ანტიდემოკრატიულ, რეპრესიულ სისტემას, ასევე იდეოლოგიურს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით დარჩიაშვილმა, რომლის თქმითაც, „მემორიალის“ კვლევები და რუსეთის ავტორიტარი მმართველის, ვლადიმირ პუტინის „ისტორიის იდეოლოგიური წიაღსვლები“ აშკარად შეუთავსებელი იყო ერთმანეთთან, „შეუთავსებლობა კი, რეპრესიულ სახელმწიფოში ყოველთვის ავტორიტარის სასარგებლოდ წყდება“.

მემორიალის სახეები

"მემორიალი" მეხსიერებაა, „მემორიალი“ ხალხია! „მემორიალი“ - ეს არის ათასობით ადამიანი, რომლებსაც ორგანიზაცია დაეხმარა, ასობით მოხალისე და ათობით თანამშრომელი მოსკოვსა და რუსეთის სხვა რეგიონებში, თუმცა რადიო თავისუფლება ამჯერად მოგითხრობთ მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს მუშაობდნენ (ნაწილი დღესაც აგრძელებს მუშაობას) “მემორიალში” და რომელთა მაგალითი აჩვენებს, თუ რამდენად მოცულობითი და მრავალმხრივი იყო (და არის) ორგანიზაციის საქმიანობა, გიამბობთ მათზე, ვინც შექმნა ორგანიზაცია, სახელი გაუთქვა მას და ვინც დღემდე მუშაობს მასში.

არსენი როგინსკი. მეხსიერება და სახელმწიფო

მომავალი ისტორიკოსი და უფლებადამცველი არსენი როგინსკი დაიბადა გადასახლებაში, არხანგელსკის ოლქის ქალაქ ველსკში, სადაც გადასახლებული იყო მისი მამა, რეპრესირებული საბჭოთა ინჟინერი. 1970-იან წლებში მან მონაწილეობა მიიღო სამიზდატში, 1980-იან წლებში ოთხი წელი იჯდა ბანაკში თავისი დისიდენტური საქმიანობისთვის (ფორმალურად მას ბრალი დასდეს დოკუმენტების გაყალბებაში; 1992 წელს იქნა რეაბილიტირებული). არსენი როგინსკი იყო "მემორიალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი: 1989 წელს ის შეუერთდა ისტორიულ-საგანმანათლებლო წრის ჯგუფს, რომელმაც მოიფიქრა, თუ როგორ უნდა წარმართულიყო საუბარი რეპრესიებგამოვლილ პირებთან, რათა მომხდარიყო მათი ზეპირი ისტორიების დოკუმენტირება. 1998 წელს როგინსკი გახდა "მემორიალის" გამგეობის თავმჯდომარე და მუშაობდა იქ გარდაცვალებამდე (2017 წ).

აი, რას ამბობდა არსენი როგინსკი რეპრესიების ხსოვნის შესახებ და „მემორიალის“ როლზე ამ მეხსიერების შენარჩუნებაში:

„ყველა თანაუგრძნობს ტერორის მსხვერპლს. მერი თანაუგრძნობს ტერორის მსხვერპლს. გუბერნატორიც კი თანაუგრძნობს ტერორის მსხვერპლს. პრეზიდენტი პუტინი თანაუგრძნობს უდანაშაულო მსხვერპლს. უბრალო ხალხიც თანაუგრძნობს მსხვერპლს. იცით, რას ჰგავს ეს? თითქოს ყველა ანთებდეს ეკლესიაში სანთლებს. მაგრამ ვისი ტერორია ეს? ვინ ჩაიდინა ეს ტერორი? თუ ამას არ გავარკვევთ, მაშინ არაფერი შეიცვლება და ყველაფერი ძველებურად დარჩება. სწორედ ამაზე დაფიქრების უნარი არ შესწევთ არც უბრალო ადამიანებს, არც გუბერნატორებს და არც პრეზიდენტებს. ვისი ტერორია ეს ჩვენი გადმოსახედიდან? და ვისი ტერორია ეს - ყველა ამ თანამგრძნობის თვალთახედვით? მასობრივი ცნობიერება ტერორის წყაროს აღიქვამს ისევე, როგორც შუა საუკუნეებში აღიქვამდა ეპიდემიას: ვცხოვრობდით ჩვენთვის, შემდეგ მოულოდნელად გაჩნდა შავი ჭირი და ბევრი ადამიანი დაიღუპა, შემდეგ ჭირი გაქრა და ჩვენც გავაგრძელეთ ცხოვრება. მაგრამ ეს ხომ ასე არ არის? „მემორიალის“ პასუხი საკმაოდ მარტივია: „ეს იყო სახელმწიფოს ტერორი ადამიანის წინააღმდეგ“.

სერგეი კოვალიოვი. "მნიშვნელოვანი იყო ადამიანის სიცოცხლე"

ყოფილი საბჭოთა დისიდენტი და მოგვიანებით რუსი დეპუტატი, 1988 წელს სერგეი კოვალიოვი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც სიტყვით გამოვიდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიტინგზე მოსკოვის გარეუბანში, პარკ „დრუჟბაში“. სწორედ ამ აქციით, შემდეგ კი სახელმწიფო ტერორის წლებში დაღუპულთა და წამებულთა ძეგლის დადგმის პეტიციით დაიწყო „მემორიალი“. კოვალიოვი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო მისი თავმჯდომარე. კოვალიოვმა დაწერა რუსეთის კონსტიტუციის მეორე თავი ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ, ასევე კანონი "პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის შესახებ", 1996 წელს კოვალიოვმა დემონსტრაციულად დატოვა პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი, აპროტესტებდა ჩეჩნეთში რუსული ჯარების შეყვანას და ელცინის ძალაუფლების პოლიტიკას.

სერგეი კოვალიოვი 2021 წელს გარდაიცვალა. რადიო თავისუფლებამ მოასწრო მისი მოგონებების ჩაწერა. 1995 წელს ბუდიონოვსკში, სხვა კოლეგა-უფლებადამცველებთან ერთად, კოვალიოვი გახდა შამილ ბასაევის ნებაყოფლობითი მძევალი ტყვედ ჩავარდნილი 1500 ადამიანის გათავისუფლების სანაცვლოდ.

ნატალია ესტემიროვა. სიკვდილი კავკასიაში

ნატალია ესტემიროვა, სკოლის მასწავლებელი გროზნოდან, ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გახდა უფლებადამცველი. მემორიალს შეუერთდა 2000 წელს. დადიოდა სოფლებში, აგროვებდა ინფორმაციას გატაცებების, მკვლელობების, „კონტრტერორისტული ოპერაციების“ შემთხვევით მსხვერპლთა შესახებ, ცდილობდა მოეპოვებინა წინასწარ დაკავების იზოლატორებში შესვლის უფლება და იბრძოდა პატიმართა უფლებებისთვის. ნატალია ესტემიროვა მჭიდროდ თანამშრომლობდა ანა პოლიტკოვსკაიასთან, მასთან ერთად ეწვია რამზან კადიროვის რეზიდენციას 2004 წელს, როდესაც "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტმა ჩეჩნეთის მეთაურთან ინტერვიუ ჩაწერა. 2006 წელს პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შემდეგ, ნატალია ესტემიროვამ, „მემორიალის“ ხელმოწერით, „ნოვაია გაზეტაში“ დაიწყო მასალების გამოქვეყნება იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ჩეჩნეთში. ნატალია ესტემიროვა 2009 წლის ზაფხულში მოკლეს: დილით გაიტაცეს გროზნოში, თავისი სახლთან, იმავე საღამოს კი მისი დაცხრილული სხეული ინგუშეთის ნაზრანის რაიონში იპოვეს. ობლად დარჩა მისი 15 წლის ქალიშვილი ლანა.

იური დიმიტრიევი. "მიზანი იყო მარტივი: ადამიანურად დაკრძალვა"

1980-იანი წლების ბოლოს მემორიალის ფილიალები გამოჩნდა სსრკ-ს ბევრ რეგიონში, შემდეგ კი რუსეთში. ეს არ იყო რაიმე იურიდიული პირის ოფიციალური ქვედანაყოფები, არამედ უბრალოდ აერთიანებდა ადამიანებს ერთი და იგივე მიზნებითა და იდეებით - ისაუბრონ ტერორის მსხვერპლზე, აღადგინონ რეპრესიების ხსოვნა და მოითხოვონ მსხვერპლთა რეაბილიტაცია. მემორიალის ფილიალი ასევე გამოჩნდა პეტროზავოდსკში, სადაც ივან ჩუხინმა და იური დიმიტრიევმა ერთად დაიწყეს კარელიაში რეპრესირებულთა სიების, მეხსიერების წიგნების შედგენა და გათხრების ჩატარება. 1997 წელს დიმიტრიევმა სანდარმოხში მიაკვლია სიკვდილით დასჯილთა სამარხებს, ჩაატარა ექსჰუმაცია და ხელახლა დაკრძალა ნარჩენები: იური დიმიტრიევმა დაადგინა თითოეული დახვრეტილის, ჯამში 6241 ადამიანის სახელი. არქივსა და ტყეში გატარებული საათების შემდეგ, ნიჩბით ხელში ქარხნის მუშა იური დიმიტრიევი ასე გადაიქცა ისტორიკოსად, ეთნოგრაფად და საზოგადო მოღვაწედ.

ნიკიტა პეტროვი. ჯალათების ბიოგრაფი

ნიკიტა პეტროვი, განათლებით ქიმიკოსი, მონაწილეობდა 1980-იან წლებში ახლად შექმნილი "მემორიალის" სამეცნიერო სემინარებში, ხოლო 1990 წელს კი გახდა "მემორიალის" სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. პეტროვი არქივიდან და პერიოდული გამოცემების სამოყვარულო კვლევებიდან ისტორიულ მეცნიერებაში გადავიდა. პეტროვი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც მონაწილეობდა ე.წ. სკკპ-ს საქმეში, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ექსპერტი. ის, როგორც ექსპერტი ასევე კურირებდა კგბ-ს და სკკპ-ს დოკუმენტების გადაცემას რუსეთის ფედერაციისათვის სსრკ-ს დაშლის შემდეგ. ნიკიტა პეტროვი შინსახკომის და კგბ-ს ისტორიის გამორჩეული მკვლევარი და ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია მსოფლიოში. მისი ყველაზე ცნობილი წიგნებია „სტალინის გამოზრდილი“ (ნიკოლაი ეჟოვზე) და „ჯალათები. ისინი სტალინის ბრძანებებს ასრულებდნენ“.

ნიკიტა პეტროვი არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც ცდილობს იმ საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებას, რომლებიც ინახება რუსულ არქივებში და დღემდე კლასიფიცირდებიან "სრულიად საიდუმლო“ დოკუმენტებად. აი, რა თქვა მან ამ დოკუმენტებსა და რუსეთის დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის პოზიციაზე:

„მასობრივი დაპატიმრებების დოკუმენტაცია ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი: შიდა დოკუმენტაცია, ანგარიშები. მთელი დოკუმენტაცია ინახება სახელმწიფო უსაფრთხოების არქივში, ახლა ეს არის ფსბ-ის არქივი. ისინი ვალდებულნი იყვნენ გაესაჯაროებინათ ეს დოკუმენტები პრეზიდენტ ელცინის ბრძანებულების შესაბამისად. ჯერ კიდევ 1992 წელს: ყველაფერს, რაც დაკავშირებულია მასობრივ რეპრესიებთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან, უნდა მოეხსნას საიდუმლოების გრიფი, მაგრამ ფაქტობრივად მოხდა ისე, რომ მათ განასაიდუმლოეს დოკუმენტაციის გარკვეული ნაწილი, მაგრამ უმეტესი ნაწილი კვლავ საიდუმლოდ დარჩა. ...ამ დოკუმენტების გარეშე შეუძლებელია გასაგები დოკუმენტური თხრობა მასობრივი რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. ჩნდება ესა თუ ის ცალკეული ფაქტი, ცალკეული დოკუმენტები, მაგრამ სრული სურათის წარმოდგენა შეუძლებელია.

ირინა შჩერბაკოვა. "მოისმინო მთელი მათი ცხოვრება"

სანამ უზენაესი და მოსკოვის საქალაქო სასამართლოები განიხილავდნენ პროკურორების მოთხოვნას „მემორიალისა“ და მისი ადამიანის უფლებათა ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ, ორგანიზაციას მუშაობა არ შეუწყვეტია. „მემორიალმა“ უმასპინძლა გამოფენას "ქალების მეხსიერება გულაგზე", რომლის ერთ-ერთი კურატორია ირინა შჩერბაკოვა, "მემორიალის" თანადამფუძნებელი და სასკოლო კონკურსის "ადამიანი ისტორიაში. რუსეთი - XX საუკუნე" დამფუძნებელი. კონკურსი, რომელიც 1999 წლიდან იმართება, მოზარდებს ასწავლის წყაროებთან მუშაობას, წარსულის ანალიზს და მის შესახებ საუბარს. შჩერბაკოვა განათლებით ისტორიკოსი და ფილოლოგია, სპეციალობით - გერმანისტი. 2017 წელს ირინა შჩერბაკოვამ, თანაავტორებთან ერთად, მიიღო პრემია „განმანათლებელი“ წიგნისთვის "ნიშანი არ წაიშლება“, რომელშიც აღწერილია იმ ადამიანების ბედი, რომლებიც გაიტაცეს 1930-იან და 1940-იან წლებში გერმანიაში სამუშაოდ და რომლებსაც ეშინოდათ ამ გამოცდილების გახსენება ომის დასრულებიდან მრავალი ათეული წლის შემდეგაც.

შჩერბაკოვამ რეპრესირებული ქალების ისტორიების ჩაწერა ჯერ კიდევ „მემორიალის“ შექმნამდე დაიწყო - 1970-იანი წლების ბოლოს ალექსანდრე სოლჟენიცინის „გულაგის არქიპელაგისა“ და ევგენია გინზბურგის „ციცაბო მარშრუტის“ შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა გააკეთა პირველი ჩანაწერები კასეტის მაგნიტოფონზე. „ინსტინქტურად მესმოდა, რომ უნდა მომესმინა მთელი მათი ცხოვრება“, - ამბობს ირინა შჩერბაკოვა.

რისი ხსოვნაა "მემორიალი"?

1937 წლის 30 ივლისს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ნიკოლაი ეჟოვმა ხელი მოაწერა ბრძანებას N004447, "ყოფილი კულაკების, დამნაშავეების და სხვა ანტისაბჭოთა ელემენტების რეპრესიების ოპერაციის შესახებ", რომელიც გახდა ე.წ. „დიდი ტერორის“ მთავარი კატალიზატორი. 1937-1938 წლებში , ოფიციალური მონაცემებით, დაპატიმრებული იქნა 1 მლნ 345 ათასი პირი, აქედან დაიხვრიტა 681 ათას 690-ზე მეტი ადამიანი. ფიქრობენ, რომ დაპატიმრებულთა და სიკვდილით დასჯილთა რაოდენობა ბევრად მეტი იყო და ის საგრძნობლად იქნა შემცირებული. ბევრად მეტი იყო გადასახლებულთა რაოდენობა, რომელსაც 4 მლნ-ზე მეტს ანგარიშობენ.