"შევხვდი როგორც მკურნალ ექიმ ნევროლოგს, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და თავად პაციენტს. როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი. თავად პაციენტი რასაც ამბობს, მას ჰქონდა სამი ჰიპერტონიული კრიზი. ამ დროისთვის თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის ექიმ ნევროლოგთან კონსულტაციას", - უთხრა მედიას გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა. ის სააკაშვილის ნახვას გუშინაც ცდილობდა, თუმცა 28 დეკემბერს ამის საშუალება არ მიეცა. დღეს ომბუდსმენის წარმომადგენელმა თქვა, რომ მიუხედავად ჰოსპიტალში შესვლისა, მას არ მისცემია სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება. ბრაჭველმა ასევე სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ 28 ივლისს პაციენტ სააკაშვილთან არც სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმი ნევროლოგი დაუშვა, რომლის შეფასებაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის აღსაქმელად.
"ახალი მკურნალი ექიმი არ არის დანიშნული. წინა მკურნალი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის ვერ ასრულებს თავის უფლებამოსილებას და როგორც განგვიმარტეს, ამჟამად სხვადასხვა პროფილის ექიმები იღებენ გადაწყვეტილებას მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრობლემა არის, რომ გუშინ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრ ექიმებს არ მიეცათ პაციენტის ნახვის საშუალება", - თქვა საბა ბრაჭველმა.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ოთახში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, ფანჯარა დაგმანულია და მზის სხივი პატარა სარკმელიდან შემოდის, რომელიც ფანჯრის დაგმანვის შემდეგ გამოჭრეს. საბა ბრაჭველის თქმით, ფანჯარა 27 დეკემბერს მას შემდეგ დაიგმანა, რაც პენიტენციურმა სისტემამ სცადა ექსპრეზიდენტის გადაყვანა ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში და სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ფიზიკური იძულების ფაქტს.
"ამ ეტაპისთვის ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს და დაარქივების მოთხოვნა გვაქვს გაგზავნილი ვიდეოჩანაწერებისთვის, რომელიც ასახავს ამ ინციდენტებს და თუ გამოიკვეთება რაიმე სახის დარღვევა, ჩვენ მივმართავთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს", - თქვა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.
ასევე ნახეთ ნინო გოგორიშვილი მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი აღარ იქნება ასევე ნახეთ მარიამ ჯიშკარიანი არ შეუშვეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში27 დეკემბერს ღამით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს.
28 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გადაყვანა დროებით გადავადდა.