სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შიდა ქართლში ანა ჯანიაშვილმა, რომელმაც გორის ჰოსპიტალში მოინახულა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მისი წერილი გადასცა ადვოკატ ნიკა გვარამიას. სააკაშვილის ინტერესების დამცველმა მედიას გააცნო ექსპრეზიდენტის წერილი, რომელშიც ის აღწერს, ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანის მცდელობას.
„დღეს შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდით, მაგრამ არ მითხრეს, სად. მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე უკვე 200-110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120-90-ზე. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონული კრიზი, ჩემი აზრით. არასდროს არ ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში, წნევისა და პულსის თვალსაზრისით. ამის შემდეგ სცადეს ძალით ჩემი გადაყვანა, მე გავუწიე წინააღმდეგობა, რის შემდეგაც გავითიშე და არ მახსოვს გარკვეული მონაკვეთი. გონებაზე როცა მოვედი, ექიმი მედგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდით და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ, მაგრამ არ შემოუშვეს. ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი, რომელიც ოდესმე მქონია ცხოვრებაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებდნენ ვიდეოს, მათ შორის, სამედიცინო პრობლემების დროს. ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა“, - წერს სააკაშვილი წერილში.
ნიკა გვარამია მოითხოვს, მისი, როგორც ადვოკატის და პირადი ექიმების შესვლას მიხეილ სააკაშვილთან.
„ამ წუთში რაც მოხდა, ეს არის უკვე განგრძობითი წამება. არავითარ რეაბილიტაციაზე ლაპარაკი ზედმეტია საერთოდ. ამ კლინიკაში ვერაფერი მოხდება, რასაც რეაბილიტაცია ჰქვია. მას [სააკაშვილს] ეს რეაბილიტაცია არ გაუვლია და მართლა განგრძობითი წამების ქვეშ ჰყავთ. მე უკვე წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ ვითარებაში ნორმალურად, რუტინულად ცხოვრების გაგრძელება. როცა მოუნდება „ქართულ ოცნებას", მაშინ აწამებს. ამ რეჟიმში ვართ", - თქვა ადვოკატმა.
გვარამია მიმართავს უკრაინის სახელმწიფოს, რომ ბევრად უფრო მკაფიო და ცხადი იყოს ამ მიმართულებით. „მე საყვედურს არ ვამბობ, ცხადია, მაგრამ ჩემი ხედვა მაქვს არსებულ მოვლენებზე“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ. ის აგრეთვე მიმართავს სახალხო დამცველს, მყისიერი რეაგირება ჰქონდეს.
გვარამიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის გაყვანის უფლება არავის არ ჰქონდა, მით უმეტეს, ადვოკატებისა და მისი ექიმების გარეშე. ადვოკატის განმარტებით, შესაბამისი დასკვნა სახელმწიფო კონსილიუმს უნდა გაეცა.
„ჩვენ ახლა ვიგებთ, რომ რომელიღაც ექიმის ფორმა N100-ის საფუძველზე ხდება N1 პატიმრის (ჩემთვის მძევლის) სიცოცხლით მანიპულირება. დღეის მდგომარეობით, კლინიკიდან ის ფაქტობრივად გაწერილია“, - თქვა ნიკა გვარამიამ.
გორის ჰოსპიტალთან მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები.
ანა ჯანიაშვილმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის თქმით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გეგმავდნენ გადაეყვანათ.
ასევე ნახეთ სააკაშვილი ამბობს, რომ გეგმავდნენ გორის ჰოსპიტლიდან მის გადაყვანას - სახალხო დამცველის წარმომადგენელირადიო თავისუფლება ჯერჯერობით ვერ უკავშირდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.
27 დეკემბერს, საღამოს, მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება არ მისცეს მის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს და ცენტრ „ემპათიის“ ნევროლოგს ოთარ თოიძეს. „ბევრი ეჭვია ხომ, შეიძლება, გადაიყვანეს ან რაღაც მოხდა“, - ამბობდა ნიკოლოზ ყიფშიძე.
ასევე ნახეთ ნიკოლოზ ყიფშიძე და ოთარ თოიძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ შეუშვესსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.