სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შიდა ქართლში ანა ჯანიაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც ჯანიაშვილმა აღნიშნა, მას ექსპრეზიდენტმა უთხრა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ გეგმავდნენ გადაეყვანათ.
„მე დღეს მოვინახულე ბატონი მიხეილ სააკაშვილი. მან მითხრა, რომ მასთან შევიდნენ საღამოს და აცნობეს, რომ იგეგმებოდა მისი გადაყვანა, რის გამოც მან გაუწია წინააღმდეგობა. შემდეგ უკვე აღარ ახსოვს რაღაც ეტაპი და როდესაც მოვიდა გონებაზე, განაცხადა, რომ უთხრეს, აღარ მოხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა“, - თქვა ანა ჯანიაშვილმა.
როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, სააკაშვილისთვის უცნობია, სად გეგმავდნენ მის გადაყვანას. „მითხრა, მოვითხოვე, მაგრამ არ მითხრესო“, - შენიშნა მან.
ანა ჯანიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ემოციური ფონის შემდეგ, სიტუაციის დასტაბილურებამდე, ჰოსპიტალმა მიიღო მისი გადაყვანის შეჩერების გადაწყვეტილება.
„როდესაც აცნობეს მას ეს [გადაყვანის შესახებ] გადაწყვეტილება, თქვა, რომ წნევამ აუწია და შემდეგ უკვე დასტაბილურდა“, - აღნიშნავს ჯანიაშვილი. მან დაამატა, რომ სააკაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ძალის გამოყენების შესახებ სააკაშვილს არაფერი უთქვამს, მისი ნების საწინააღმდეგოდ გეგმავდნენ გადაეყვანათ.
სახალხო დამცველის წარმომადგენელს ინფორმაცია არ აქვს, რა ვადით შეჩერდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესი.
როგორც ანა ჯანიაშვილი აღნიშნავს, სააკაშვილმა თქვა, რომ შესაძლოა, პროტესტის ნიშნად კვლავ შიმშილობა დაიწყოს.
რადიო თავისუფლება ჯერჯერობით ვერ უკავშირდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.
27 დეკემბერს, საღამოს, მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება არ მისცეს მის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს და ცენტრ „ემპათიის“ ნევროლოგს ოთარ თოიძეს. „ბევრი ეჭვია ხომ, შეიძლება, გადაიყვანეს ან რაღაც მოხდა“, - ამბობდა ნიკოლოზ ყიფშიძე.
ასევე ნახეთ ნიკოლოზ ყიფშიძე და ოთარ თოიძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ შეუშვესსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.