ახალი სოციალური პროგრამის შესახებ ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში. მას მიაჩნია, რომ პროგრამა უმუშევრობის კუთხით ვითარებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და შეცვლის განწყობას. ამასთან, პრემიერმა მის ერთ-ერთ უდიდესს ოცნებად სიღარიბის დამარცხება დაასახელა.
„ეს რომ გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, აბსოლუტურად სხვა დინამიკა იქნება, სხვა პოზიტივი შემოვა და ქვეყანაში სხვა პროცესი დაიწყება. ეს პირდაპირ ურტყამს სიღარიბეს. არ მინდა, გავუსწრო პროცესებს, მაგრამ წინასწარი გათვლებით, ჩვენ დაახლოებით 100 მილიონი ლარის გამოყოფა მოგვიწევს პირველ ეტაპზე და შემდეგ ამას გავზრდით, ბუნებრივია, იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ღირსეული ხელფასიც გადავუხადოთ და სიღარიბეს, ამ სენს, ამ მტერს მიზნობრივად დავარტყათ. მე ვიტყოდი პირდაპირ, ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნებაა, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, ამ პერიოდში, სხვა გეგმებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი ოცნება მაქვს, რომ სიღარიბე დავამარცხო ჩემს გუნდთან ერთად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც მაქვს. ჩვენ ამ პროცესს რომ დავიწყებთ, შემდეგ გაჩვენებთ დინამიკას და ჩვენი მოსახლეობა ამას ნახავს. შევქმნით სამუშაო ადგილებს, ამ ხალხს ვასწავლით ძალიან ბევრ რამეს, აქვე ჩავრთავთ პროფესიულ განათლებას, ყველა მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, სურვილისამებრ ყველა ადამიანს გადავამზადებთ, გავუკეთებთ პროგრამებს და ა.შ." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.