თბილისური მდუღარე ზაფხულებისა და ავზნიანი სიცხეების შესახებ საყოველთაოდაა ცნობილი, ამაზე ბევრი თქმულა და კიდევ უფრო მეტი დაწერილა, მაგრამ როგორია ზამთარი ცხელ წყლებთან და სითბოსთან ასოცირებულ ქალაქში? რით და როგორ თბებოდნენ თბილისელები, როცა ნამდვილი „ზამთრული ზამთარი“ დადგებოდა, როცა თბილისის ქუჩები, ბანები და სახურავები თოვლით იფარებოდა, როცა მტკვარი იყინებოდა?
„ეს მესამე დღეა, რომ ჩვენს ქალაქში ნამდვილი, ზამთრული ზამთარი დადგა; გუშინ და დღეს თითქმის გაუწყნარებლივ თოვლს ასე, რომ დღეს, ოთხშაბათს, ქალაქში ერთ არშინზე (71 სმ) მეტი თოვლი სძევს“, - წერდა 1879 წლის 18 იანვარს გამოსული გაზეთი „დროება“, რომელიც ასევე წუხდა თოვლის მოსვლის გამო ისედაც ძვირი შეშის კიდევ უფრო მეტად გაძვირების გამო:
„ამ გარემოებამ ისევ გააძვირა ქალაქში ყველაფერი. შეშა, სხვათა შორის, ურემი, რომელიც ადრე თოვლის მოსვლამდინ, 5-6 მანეთად ისყიდებოდა, ახლა თუმნად-თორმეტ მანეთად იყიდება.“
შეშა, რომელიც ზამთრის სიცივეებთან გამკლავების ძირითადი საშუალება იყო XX საუკუნის 20-იან წლებამდე, დიდი და პატარა ურმებით, შეშის მოედანზე, „კოჯრის კარის“ მახლობლად, დღევანდელი თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყიდებოდა. სწორედ აქ იყრიდა თავს მცხეთიდან და საგურამოდან ურმებით მოზიდული შეშა, რომელსაც ჯანიანი იმერელი მხერხავები და შემცივნებული, ღარიბი თბილისელები უტრიალებდნენ.
ასევე ნახეთ იაკობისთვის მოპარული შეშის ნაჭრები„პოჟალუიტე, პოჟალუიტე!“ - რუსული ჯიღ-ჯიღით იწვევენ რუსს, ქართველს თუ სომეხს მხერხავი იმერლები, - „ეტა გრაბოვი, ეი ბოღ, ჩისტი გრაბოვი, სუდარინია!“ „...მიეცი, კაცო, მიეცი, მეტი რაღა გინდა, შე ოხერო, ოქრო ხომ არ არის ეგ შენი ჭყინტლი შეშა, მიეცი-მეთქი!“ - ახლა შეშის პატრონს მიუბრუნდებოდნენ შეშის მხერხავები.“ - აი, ასე შთამბეჭდავად აღწერს „შეშის მოედანსა“ და „ვაგლახი ზამთრის“ ერთ დღეს ეკატერინე გაბაშვილი 1890 წელს დაწერილ თავის საახალწლო მოთხრობაში „ღვინია გადაიჩეხა“, რომელშიც ასევე ვკითხულობთ:
„დილის 10 საათია, საშინელი ყინვაა. სუსხისგან წელში ოთხათ მოხრილან გამვლელ-გამომვლელნი. მოედანი მთლად გაჭედილია შეშის ურმებით; ტევა არ არის, თუმცა პოლიციელი ყოველ ღონისძიებას ხმარობს, რომ რაც შეიძლება კედლისკენ მჭიდროდ მიაყენოს ურმები. ურმები თანდათან მოდიან და მოდიან. პოლიცია ქუჩიდან მიერეკება ურმებს. მოედნის ზედამხედველი აქა-იქ დალასლასობს, თვალ-ყურს ადევნებს, რომ გაყიდული შეშა არ გამოეპაროს და ქალაქის იჯარა, ურემზედ ორი შაური, არ ასცდეს. ადრე მოსული მეურმეები სიცივისგან ხტიან, ხელებს იორთქლებენ, ეღრიჯებიან მყიდველებს, ჩალას უდებენ პირში თავჩაღუნულსა და ყინვისგან აბურძგნულ საქონელს. ... თორმეტი საათია. თუმცა ბევრი იყიდება შეშა, მაგრამ მაინც მოედანზე ალაგი აღარ არის და პოლიციელი ახალმოსულებს ქვემოთ, მტკვრის პირას, ისტუმრებს“.
შეშის მოედანზე შეძენილი შეშის გარდა, თბილისელები თავიანთ სახლებს ასევე ათბობდნენ ბორჯომის ხეობიდან მტკვრით დაცურებული მორებით [1884 წელს ბორჯომიდან თბილისში ჩასულა 2 431 ტივი, 1885 წელს - 2 727, 1886 წელს - 2 807, 1887 წელს - 2 510], რომელთა ნაწილი ან პირდაპირ სატიოდან, ანდაც ქალაქში მდებარე შეშის საწყობებიდან იყიდებოდა. ერთი ამგვარი საწყობი, რომელიც საკუთარი ტყიდან მიღებული „ყოველგვარი ღირსების“ შეშას სთავაზობდა მუშტარს, ანდრიას ქუჩაზეც ყოფილა.
„მყიდველს ნება აქვს შეშის საჟენი თავისი თვალწინ დაადგმევინოს, რადგანაც მსყიდველები ბევრჯელ სტყუვდებიან დადებულ საჟნებიდან“, - ვკითხულობთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულ სარეკლამო განცხადებაში, რომელსაც მეტი თვალსაჩინოებისთვის ცუდად და კარგად დაწყობილი საჟნების სახალისო ნახატებიც ახლავს.
ნახშირი და ქურსი
XIX საუკუნის დადგომამდე ანუ მანამდე, ვიდრე თბილისი ევროპულად კეთილმოწყობილი გახდებოდა, ქალაქელებს ცივ ზამთრებთან გასამკლავებლად ან ცუდად იზოლირებულ, ან დახუთულ ბინებში უწევდათ ცხოვრება. აი, რას წერს გერმანელი პუბლიცისტი და მთარგმნელი არტურ ლაისტი ერეკლე მეფის დროინდელი თბილისის საცხოვრებელ პირობებზე:
„ერეკლე მეფის დროს თბილისში 4 ათასამდე სახლი იდგა, მაგრამ მომეტებული მათგანი ძალიან ულამაზო ყოფილა და შიგნითაც სულ სადა მოწყობილობა ჰქონია. საკმარისია ითქვას, რომ საკვამური იშვიათად თუ ჰქონდა სახლს დატანებული. ფანჯრებშიაც იშვიათია მინები, მათ მაგივრად ერბოთი გაჟღენთილი ქაღალდი იყო გაკრული ფანჯრის ჩარჩოებში. ასეთი მოწყობილობა ბევრ ალაგას დარჩა XIX საუკუნეშიც“.
კიდევ ერთი გერმანელი მეცნიერი ედუარდ აიხვალდი, რომელიც თბილისში 1826 წელს იმყოფებოდა, საქართველოს შესახებ დაწერილ წიგნში აღწერს თბილისურ დარბაზს, სადაც ასევე შუა ცეცხლს ანთებდნენ:
„სახლებს გარდა ტფილისში არის ქვისგან ნაგები კონუსისებრი შენობები, რომლებიც ზევითკენ წვრილდება და არ აქვთ ფანჯრები ან რაიმე გამოსაღები, გარდა წვერზე მოთავსებული ღია ნაწილისა. ამათ ეძახიან დარბაზებს“.
თბილისური დარბაზის რამდენიმე ნიმუში დღემდეა შემორჩენილი. რა გასაკვირია, რომ ასეთივე დარბაზები ენახა ფიროსმანის თანამედროვეს, მხატვარ კარაპეტ გრიგორიანცს, რომელმაც თავის „ძველი თბილისის იშვიათ ამბებში“ დაწერა:
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ პირველ ხანად ძველ თბილისში სახლებათ იყო შუაცეცხლის მაღალ სანათურიანი დარბაზები. ამგვარი დარბაზები მე ჩემის თვალით მინახავს ოქრომჭედლების უბანში. ეს დარბაზები ოთხ ბოძზე იყო აშენებული. დარბაზებში ზამთარ-ზაფხულ ინთებოდა შუაცეცხლი. რაკი ბანი ღია ჰქონდა, არც ზამთარში თბებოდა სახლი და არც ზაფხულობით დგებოდა სიცხე.“
შუაცეცხლისა და შეშის ღუმელის გარდა, ძველ თბილისში ასევე დიდი გასავალი ჰქონია ქურსს, რომელშიც, როგორც კარაპეტ გრიგორიანცი ჰყვება, ნახშირს იყენებდნენ:
„1860-იანი წლებიდან ნელ-ნელა ელფერს იცვლიან და მერე ცალსართულიანი სწორებანიანი სახლები შემოდის ხმარებაში. ამათში ზამთრობით იდგმებოდა ქურსები. ქურსი ასეთი იყო: შუაოთახით პატარა თონეს ამოსთხრიდნენ და შიგ გაღუებულ ნახშირს ჩასდგამდნენ, მერე იმ ორმოში სახლის მწევრები ფეხებს ჩაჰკიდებდნენ, საბანსაც ზედ დაიფენავდნენ და ისრეთ თბებოდნენ. ამგვარი ქურსები ჯერაც დღეს ყარსის ოლქში ყველგან ხმარებაშია, რადგანაც იქ შეშა ძალიან ძვირია და არც მახლობლათ ტყე არის სადმე.“
ქურსის შესახებ იოსებ გრიშაშვილის „ქალაქურ ლექსიკონში“ ვკითხულობთ:
„ცეცხლს აღვივებენ მაყალზე, დასდგამენ შუა ოთახში, ზემოდან დაადგმენ ერთ დაბალფეხებიან მაგიდას, ამ მაგიდას გადააფარებენ დიდსა და სქელ საბანს, ყველა ოჯახის წევრი შემოუმწკრივდება გარშემო. შეჰყოფენ შიგ ფეხებს, გადმოიფარებენ საბანს და ზედ სადილობენ ან ერთობიან, საქმობენ და სხვ. ამ ქურსს ხმარობდა მდაბიო ხალხი ღუმელის ნაცვლად.“
ძველი თბილისის „მდაბიო ხალხში“ ქურსი იმდენად გავრცელებული იყო, რომ დრამატურგმა გიორგი ერისთავმა სწორედ ქურსი გამოიყენა თავისი კომედიის, „ძუნწის“ მთავარი პერსონაჟის ხასიათის საჩვენებლად. პიესა ასე იწყება:
„შუა დარბაზში დგას ქურსი. გარშემო უშლია ხალიჩები. კედელთან დგას ლიტრა წყალი. კარაპეტა გამოვა ძველის ხალათით, ქოშებითა და საღამურის ქუდით. მივა ქურსთან, ახდის საბანს, გამოიღებს მაყალს, სავსეს გაღუებულის ნახშირით.
კარაპეტა: ვაი, ამისთანა ბალა იქნება? (წყალს დაასხამს, ნახშირს ჩაყრის კალათაში).
კარაპეტა ეჩხუბება მოსამსახურე მონავარდისას: განა ჩემი ოჯახმა შენ უნდა დაღუპო? განა ღმერთი აიღებს, არ გებრალები? ხედამთ, ღარიბი ვარ, ყოველდღე ამთენი გამდის, გამდის, ერთი დახლიც მიჩვენეთ და ამთენი ნახშირი იქნება. საპალნე 8 აბაზი ღირს, ორი კვირა არ გასულა ნაყიდული არის“.
იაკობ ბალახაშვილი 1951 წელს გამოცემულ „ძველ თბილისში“, სადაც XIX საუკუნის ამბებია აღწერილი, ამბობს, რომ თბილისის ყოველ ოჯახში, ყოველ დუქანში, ყოველ სახელოსნოში, ყოველ ტრაქტირში, ყოველ ყავახანაში - ერთი სიტყვით, ყველაგან იდგა ქურსი და რომ „ამოდენა ქურსსა და მაყალს ნახშირიც ბევრი უნდოდა“.
„იმდროინდელი თბილისი ზამთრობით, დღეში ათას ტომარამდე ნახშირს ხარჯავდა. სახედარზე გადაკიდებული ორი ტომარა ნახშირი, რომელიც ერთ ფუთამდე იყო, 25 კაპიკიდან 40 კაპიკამდე ღირდა ვერცხლით“, - ვკითხულობთ იაკობ ბალახაშვილთან, რომლის მიხედვითაც, ძველ თბილისში ასევე არსებობდა მენახშირეების მთავარი შესაკრები ადგილი - ვირის მოედანი (შუა ბაზრის, დღევანდელი კოტე აფხაზის ქუჩის მახლობლად), საიდანაც საღამოთი სურსათ-სანოვაგით დატვირთულნი, ხშირად შეზარხოშებულები, ბრუნდებოდნენ თავიანთ „სახლებში“ - ქალაქის გარეუბნებში.
„გაუყიდავ ნახშირს ისინი სტოვებდნენ სოლოლაკის მხარეს მჭედლებთან და სხვა ხელოსანთა ფარდულებში. ნახშირს სწვავდნენ თბილისიდან 3-30 ვერსამდე დაშორებულ ხშირტყიან ადგილებში. მენახშირეები მთლიანად დასავლეთ საქართველოდან გამოქცეული ყმები იყვნენ. მენახშირეთ პატარა ამხანაგობები ჰქონდათ. ამხანაგობა კოლექტიურად ჭრიდა ხეებს. თხრიდა ორმოებს, წვავდა ნახშირს და თანასწორად იყოფდა ფულს. ტყის მეპატრონეს ერთ ორმო ნახშირიდან კვირაში ტომარა ნახშირი ეძლეოდა“ (ი. ბალახაშვილი. „ძველი თბილისი“).
არტურ ლაისტის თქმითაც, ნახშირი თბილისში ჩამოჰქონდათ ორთვალა ურმებით, ანდა გოდრებით, რომლებიც ვირებზე ჰქონდათ გადაკიდებული:
„წეროებივით ჩამწკრივებულ ვირებს ხშირად ერთი გამყოლი მოსდევს... თბილისის ქუჩებში ვირები ჩვეულებრივი სანახავია. ვირებით მოაქვთ თბილისში თივა, ნახშირი და შეშა, ისე რომ, შუადღემდე სავსეა ვირებით ქუჩები და მოედნები.“
გერმანელ სტუმარზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია თბილისელ მენახშირეს, რომელიც, მისი თქმით, ნამდვილი მენახშირეა, რადგან მას „არა თუ ტანისამოსი, თმა და პირისახის ფერიც კი შავი აქვს.“
XX საუკუნე: ისევ შეშა და ნახშირი...
ფრანგმა არქეოლოგმა ბარონმა დე ბაიმ, რომელმაც საქართველოში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში იმოგზაურა, თბილისის მოშიშვლებული ფერდობების გათხრების დროს აღმოჩენილ ხის მსხვილ ღეროებზე დაყრდნობით, გამოთქვა ვარაუდი, რომ ყოველი მოშიშვლებული მთა, რომელიც თბილისს გარს ერტყმის, ოდესღაც ტყით იყო დაფარული და რომ ეს ტყეები გაუკაფავთ თავდაცვის გასაადვილებლად და მოულოდნელი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, როგორც კანდიდ ჩარკვიანი, საქართველოს მმართველი XX საუკუნის 30-40-იან წლებში, აღნიშნავდა მოგონებების წიგნში, თბილისის მწირი ფაუნის განადგურებაში თავისი „მნიშვნელოვანი წვლილი“ შეიტანეს მენახშირეებმაც.
გერმანელი მეცნიერ-მოგზაური აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი, რომელიც კავკასიაში 1843 წელს იმყოფებოდა, თავის ორნაწილიან წიგნში „ამიერკავკასია“ (1856), ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „საქართველოში წყალი, გარეული ფრინველი, ნადირი, მდელოები, ტყეები თავისუფალია და არავის საკუთრებას არ წარმოადგენს“:
„ესაა ქართველების ტრადიციული კანონი. ტყეები თუმცა ფორმალურად დაყოფილია და ეკუთვნის თემებს, თავად-აზნაურობას და ხაზინას, მაგრამ ყველას შეუზღუდავად შეუძლია მათით სარგებლობა. ბუნებრივია, რომ ამის შედეგად ბევრგან ტყეები მთლიანად განადგურდა და ზარალი კიდევ მოიმატებს“.
ჰაქსტჰაუზენის მიერ ნაწინასწარმეტყველებმა ზარალმა მომდევნო წლებში მართლაც მოიმატა, რადგან თბილისის მოსახლეობამ ლამის გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო ზრდა, რამაც, თავის მხრივ, ერთი ათად გაზარდა მყარი საწვავის - შეშისა და ნახშირის მოხმარება.
თბილისის მოსახლეობის ოფიციალური დინამიკა: 1803 წ. – 20 ათასი, 1835 წ. – 25 ათასი, 1865 წ. – 68 ათასი, 1886 წ. – 78 ათასი, 1897 წ. – 160 ათასი, 1913 წ. – 194 ათასი, 1921 წ. – 234 ათასი.
XX საუკუნის 20-იან წლებში, მართალია, დიდი ქალაქები გასათბობად უკვე იყენებდნენ ნავთობპროდუქტებსა და ბუნებრივ აირს (ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები თბილისშიც გადაიდგა), მაგრამ შეშის გარეშე თბილისელები მაინც ვერ გადიოდნენ ფონს. აი, რას წერს ცოლისთვის თბილისიდან გაგზავნილ წერილებში ბრიტანეთის უმაღლესი წარმომადგენელი სერ ოლივერ უორდროპი, რომელიც დავით სარაჯიშვილის ყოფილ სახლში (დღევანდელი მწერალთა სახლი მაჩაბლის ქუჩაზე) ცხოვრობდა:
„თოვლი უკვე დევს და დროდადრო ძალიან მცივა. სახლში გათბობა საღამომდე არ ირთვება ხოლმე. ალბათ მეტს რომ ვვარჯიშობდე, ძალიან არ გამიჭირდებოდა სიცივის ატანა, მაგრამ თუ დილის გასეირნებებს არ ჩავთვლით, გარეთ თითქმის ვერ გავდივარ“ (1920 წ. 21 იანვარი).
„ისევ უწყლოდ ვართ, შესაბამისად, არც ცენტრალური გათბობა მუშაობს. ამიტომ „სპარსულ ოთახში“ შეშის ღუმელი დავანთეთ“ (1920 წ. 7 თებერვალი).
ქვანახშირი, ნავთობი და გაზი
თბილისში ნავთობს XIX საუკუნის პირველ ნახევარშიც მოიპოვებდნენ და მოიხმარდნენ, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია გერმანელ მეცნიერსა და მოგზაურს ედუარდ აიხვალდს, თუმცა მოიხმარდნენ არა როგორც ენერგიის წყაროს, არამედ როგორც საპოხ მასალას:
„ნავთლუღის მიდამოები, ტფილისიდან 7 ვერსზე, მტკვრის ნაპირზე არის ნავთობის წყარო, რომელშიც ნავთი ძალზე მცირე რაოდენობით გროვდება. ალბათ, რადგან მდინარე ასე ახლოსაა. ნავთს აქ იმისთვის იყენებენ, რისთვისაც რუსეთში ფისს ხმარობენ, უმეტესად კი ტიკების გასაპოხად. ტიკები კამეჩის, თხის და ცხვრის ტყავისგან კეთდება, რომლის ბეწვიანი მხარე შიგნითაა მოქცეული და ნავთითაა გაპოხილი; შემდეგ მას წყლით გამორეცხავენ და ჰაერზე გაჰკიდებენ, სანამ ნავთი მთლად არ დაიწურება. ამ ტიკებში შემდეგ ღვინო ინახება, რომელიც მისგან უსიამოვნო ნავთის გემოს იღებს, თუმცა ამას ეგუებიან. ძველ ტიკებში ღვინო ძალიან კარგად და დიდხანს ინახება.“
1863 წელს (ვიდრე თბილისი გასათბობად ნავთობპროდუქტების გამოყენებას დაიწყებდა) ნავთით პირველად განათდა თბილისის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა: სულ აინთო 302 ნათურა. მალევე, 1867 წელს, დაისვა საკითხი თბილისის ქუჩების გაზით განათების შესახებ. თბილისის განმკარგულებელმა სამმართველომ გაზეთებში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ისიც იყო ნათქვამი, რომ ქალაქს ნავთლუღში აქვს საკუთარი ნავთის ჭები, რომლებიც შეიძლებოდა გადასცემოდა პირს, ქალაქის გაზით განათებას რომ იკისრებდა.
1878 წლის 2 მაისს სოლოლაკის ზოგიერთ ქუჩაში მოეწყო გაზით საცდელი განათება. „დროებაში“ გამოქვეყნებულ წერილში გამოითქვა იმედი, რომ ქალაქის სათათბირო დარწმუნდებოდა ამგვარი განათების უპირატესობაში და უფრო ენერგიულად მოჰკიდებდა საქმეს ხელს.
1895 წელს საქალაქო სათათბირომ გამოყო ორი კომისია. ერთს უნდა წარმოედგინა მასალა და მოსაზრებანი ქალაქის გაზით, ხოლო მეორეს - ელექტროობით განათების შესახებ. 1898 წელს საქალაქო გამგეობამ დაადგინა, რომ თბილისში აეგოთ გაზის ქარხანა და ელსადგური, ქალაქის განათებისთვის გამოეყენებინათ გაზიც და ელექტროენერგიაც. მართალია, გამგეობა აღიარებდა ელექტროენერგიის უპირატესობას, მაგრამ ხაზს უსვამდა თბილისის პირობებში გაზის სიიაფეს და დაუშვებლად მიაჩნდა მისი უგულებელყოფა.
თუმცა წლების განმავლობაში საქმე ამ დადგენილებებსა და მოსაზრებებს იქით აღარ წასულა. მხოლოდ 1910 წლის ნოემბერში გაფორმდა ხელშეკრულება ქალაქის გამგეობასა და მოქალაქე ნ. ჩოლოყაშვილს შორის ამ უკანასკნელის მიერ თბილისში გაზის ქარხნის აგებისა და განათების ქსელის მოწყობის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, ნავთლუღში აგებული გაზის ქარხნის სიმძლავრე პირველ ხანებში უნდა ყოფილიყო დღე-ღამეში 15 ათასი კუბ. მეტრი, 6 წლის შემდეგ კი - 30 ათასი კუბ. მეტრი.
ნ. ჩოლოყაშვილმა შეადგინა გაზის ქარხნის ტექნიკური პროექტი, მშენებლობაც დაიწყო, მაგრამ მალე შეწყდა. თბილისის გაზით მომარაგების პრობლემა გადაუჭრელი დარჩა შორეულ 1959 წლამდე. არადა, ამ ხნის განმავლობაში, ქალაქის მოსახლეობა კიდევ უფრო დინამიურად გაიზარდა სტალინური ინდუსტრიალიზაციის გამო: 1926 წ. – 294 ათასი მაცხოვრებელი, 1939 წ. – 519 ათასი, 1956 წ. – 635 ათასი, 1959 წ. – 694 ათასი.
თბილისის გაზიფიკაციის სათავეებთან
1959 წლამდე თბილისის გასათბობად საქვაბეები ნავთობპროდუქტებსა და ქვანახშირს გამოიყენებდნენ. თბილისის გაზიფიკაციის ისტორია სწორედაც რომ 1959 წლიდან იწყება. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ გივი ჯავახიშვილმა 1959 წლის მარტში, პარტიის XXI ყრილობაზე განაცხადა, რომ მალე მწყობრში შევიდოდა ყარადაღ-თბილისის გაზსადენი, რომლის საშუალებითაც აზერბაიჯანიდან მიღებული გაზი მოხმარდებოდა თბილისის და რუსთავის სამრეწველო და კომუნალურ-საყოფაცხოვრებო საჭიროებებს.
„508 კილომეტრი! ეს მანძილი გაიარა ყარადაღ-თბილისის გაზსადენის ტრასამ, რომელიც 10 თვეში განახორციელეს მშენებლებმა. გაზსადენი მილების ესტაფეტური რბოლა დამთავრდა თბილისში ცისფერი ჩირაღდნის ანთებით“, - წერდა 1959 წლის „დროშის“ მე-12 ნომერი, რომლის მიხედვითაც:
„მშენებლობის პერიოდში გადალახულ იქნა 93 დაბრკოლება, - მათ შორის 72 ხევი და მდინარე! ყველაზე ურთულესი იყო მშენებლობის ფინიში - მდინარე მტკვრის გადმოლახვა. მტკვრის ფსკერზე მყვინთავების მეთვალყურეობით გაითხარა ტრანშეა გაზსადენი მილების ჩასაწყობად.“
ამიერკავკასიის გაზსადენის, ყარადაღ-თბილისის ტრასით თბილისმა პირველი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 1959 წლის 6 ნოემბერს მიიღო, რასაც საქართველოს ცკ-ს მაშინდელმა პირველმა მდივანმა, ვასილ მჟავანაძემ ხუთწლედის უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა:
„გაზი საქართველოში - ეს არის დაზოგილი ასობით მილიონი მანეთი, ეს არის მილიონობით ტონა შორიდან მოსაზიდი ქვანახშირის სათბობის ეკონომია. ამიერკავკასიის გაზსადენის ექსპლუატაციის შედეგად ყველა სახეობის სათბობის ყოველწლიური ეკონომია სახელმწიფოს დაუზოგავს კოლოსალურ თანხას - 600 მლნ მანეთს; როცა გაზსადენი სრული საპროექტო სიმძლავრით ამუშავდება, ქალაქები - თბილისი და რუსთავი მიიღებენ 1,8 მილიარდ კუბ. მ გაზს წელიწადში. გაზის ეს რაოდენობა თავის თბოუნარიანობის მხრივ ეთანაბრება 4 მლნ ტონა ადგილობრივ ქვანახშირს, რაც 35%-ით აღემატება ქვანახშირის ყოველწლიურ ამოღებას საქართველოს ყველა შახტში. თბილისისა და რუსთავის გაზიფიკაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რესპუბლიკის სათბობის ბალანსს, რკინიგზისა და ქალაქის ტრანსპორტის გათავისუფლება დიდი რაოდენობის სათბობის გადაზიდვისაგან, გააუმჯობესებს მოსახლეობის კეთილდღეობას, ყოფაცხოვრების კულტურას და შექმნის პირობებს იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს ადგილობრივი ტყეების გაკაფვა, რომლებიც უდიდეს ღირებულებას წარმოადგენენ რესპუბლიკისათვის... გარდა ამისა, იგი ძირეულად გააუმჯობესებს ამ ქალაქების სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, რადგან შეწყდება ჰაერის გაჭუჭყიანება ჭვარტლით“.
1959 წელს ასევე ამუშავდა მცხეთის ატომური რეაქტორი, თუმცა ენერგეტიკის ეს მიმართულება საქართველოში მეტად არ განვითარებულა, განსხვავებით გაზსადენების მშენებლობებისგან. 1963 წელს საქართველომ გაზი მიიღო ვლადიკავკაზიდან, 1980 წელს - ყაზახიდან, 1988-1994 წლებში კი ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის მაგისტრალური გაზსადენით. 2006 წელს ამუშავდა შაჰდენიზის გაზსადენი - სამხრეთ კავკასიის, იგივე ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი წლიური გამტარობით 16 მილიარდი კუბური მეტრი, საიდანაც საქართველოს ტარიფის სახით 5% რჩება.