ნიკოლოზ ყიფშიძე და ოთარ თოიძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ შეუშვეს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება არ მისცეს მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს და ცენტრ „ემპათიის“ ნევროლოგს, ოთარ თოიძეს.

როგორც ყიფშიძემ თქვა, მას უთხრეს, რომ 28 დეკემბერს, დილით მივიდეს ჰოსპიტალში. „ბევრი ეჭვია ხომ, შეიძლება, გადაიყვანეს ან რაღაც მოხდა“, - შენიშნა ყიფშიძემ. მას მიაჩნია, რომ სააკაშვილმა საავადმყოფოში უნდა გააგრძელოს მკურნალობა. „ავადმყოფი ადამიანის გადაყვანა საავადმყოფოდან სადმე სხვაგან გადაყვანა მე არ გამიგია. მთელი კვირის განმავლობაში სააკაშვილს სისუსტე ჰქონდა“, - დაამატა ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა.

თოიძემ კი აღნიშნა, რომ მას არ განუმარტეს ჰოსპიტალში არშეშვების მიზეზი.

დღემდე ოთარ თოიძე და ნიკოლოზ ყიფშიძე ფაქტობრივად ყოველდღე ხვდებოდნენ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში.

ჰოსპიტალში ამჟამად იმყოფება სახალხო დამცველის წარმომადგენელი შიდა ქართლში ანა ჯანიაშვილი.

რადიო თავისუფლება ცდილობს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.