ფოტოალბომი უკრაინის სუკის არქივის თაროებიდან აჩვენებს, თუ როგორ დაიჭირეს 60 წლის წინ აშშ-ის ჯაშუში.
1961 წლის გაზაფხულზე მშვიდმა, სერიოზული სახის ამერიკელმა სტუდენტმა, სახელად მარვინ მაკინენმა საბჭოთა კავშირის საზღვარი „ფოლკსვაგენით“ გადაკვეთა. მესაზღვრეებს უთხრა, სსრკ-ში ერთკვირიან მოგზაურობას ვგეგმავო.
ცოტა ხნით ადრე დასავლეთ ბერლინში, 21 წლის მაკინენთან ამერიკული დაზვერვის თანამშრომლები მივიდნენ და სთხოვეს, საბჭოთა კავშირში სამხედრო და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურაზე ინფორმაციის შესაგროვებლად წასულიყო.
მაკინენის გადაადგილებას უკრაინის სუკი გულდასმით ადევნებდა თვალს. ის კიევში დააკავეს. მისი დაპატიმრების ისტორია ფართოდ გაშუქდა, მაგრამ მალევე მიეცა დავიწყებას.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის არქივში რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა სუკის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც ასახავს, თუ როგორ უთვალთვალებდნენ ახალგაზრდა ამერიკელს. ქვემოთ მოყვანილი ფოტოები თუ კოლაჟები სწორედ ამ საქაღალდიდანაა.
მაკინენი დღესაც ცოცხალია და ჩიკაგოს აკადემიაში მუშაობს. „აქ კიდევ არაა ყველაფერი“ - ასე უპასუხა მან რადიო თავისუფლების წერილს არქივში ნაპოვნი დოკუმენტების შესახებ, თუმცა, რა აკლდა - არ დაუკონკრეტებია.
2013 წლის ინტერვიუში მაკინენი აღნიშნავდა, რომ ის ჩართული იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ჯაშუშობაში. ისიც თქვა, რომ „არ დაზარებია“ ამ ხათაბალაში თავის გაყოფა, რადგან საბჭოთა კავშირი სძაგდა.
ახალგაზრდა ამერიკელის მოგზაურობა დასავლეთ უკრაინიდან დაიწყო, ჩეხოსლოვაკიის საზღვართან. მას უნდა გაევლო ყირიმი, ხარკოვი, მოსკოვი და მინსკი. მაგრამ... ის კიევში დააპატიმრეს.
საქაღალდეში არის როგორც თვალთვალის დროს, ასევე თავად მაკინენის მიერ გადაღებული ფოტოები, თუმცა მითითებული არაა, რომელი რომელია.
სუკის ანგარიშების მიხედვით, მაკინენი ჩეხოსლოვაკიის საზღვართან „ძალიან და შესამჩნევად შეშფოთებული“ ჩანდა. ის დროზე ადრე ჩამოვიდა საბჭოთა უკრაინაში და შესაძლებლობა მიეცა სამხედრო ღონისძიებებს შესწრებოდა. ამ ყველაფერმა კი ეჭვები გააჩინა.
მაკინენი შემდეგ აღნიშნავდა, რომ ის საკმარისად არ იყო მომზადებული ამ სარისკო ღონისძიებისთვის.
როდესაც მაკინენმა თავის ამერიკელ თანამზრახველებს ჰკითხა, თუ რა უნდა ექნა იმ შემთხვევაში, თუკი დააპატიმრებდნენ, მათ ურჩიეს, როგორც შეეძლო ისე „გამომძვრალიყო“.
სუკის ანგარიშში ნათქვამია, რომ მანქანა ჩუმად გაჩხრიკეს და სხვა ნივთებთან ერთად იპოვეს: ქამარი, შვიდი ფოტოფირით კარგი ხარისხის კამერა და უბის წიგნაკი, რომელშიც 7 ფურცელი იყო ამოხეული.
მაკინენის ჩანაწერები სრულიად უმნიშვნელო ჩანდა, მაგრამ დაეჭვდნენ, რომ შესაძლოა ისინი რამე კოდს შეიცავდა. ჟურნალ „თაიმის“ 1961 წლის სტატიაში აღწერილი იყო, თუ როგორი ინტერპრეტაცია მოუძებნა საბჭოეთმა ამ ჩანაწერებს. „ქალაქთან ახლოს სამი სენდვიჩი ვჭამე... 156 კილომეტრზე წვიმა წამოვიდა... შემხვდნენ გლეხები“.
რუსების აზრით, ეს საკმაოდ ეშმაკური გზავნილები იყო. „სამი ბუტერბროდი“ სინამდვილეში სამ სამხედრო დანადგარს ნიშნავდა, „156“ - სამხედრო სატვირთო მანქანის ნომერი იყო, გლეხებში კი ჯარისკაცები იგულისხმებოდა.
ზემოთ მოყვანილ რუკაზე ასახულია მაკინენის დაკავების ადგილი, 1961 წლის 27 ივლისს. რუკა სამი სხვადასხვა შესაძლო მარშრუტს მიუთითებს: ტაქსით, საკუთარი ავტომობილით და ფეხით.
2013 წლის ინტერვიუში მაკინენმა მის დაპატიმრებაზე საუბრისას თქვა, რომ ის გამვლელმა შეამჩნია და უახლოეს სამხედროს აცნობა. „საერთოდ ვერ შევაფასე, თუ როგორი სიფრთხილით ეკიდებიან საბჭოთა მოქალაქეები უცხოელებს“, - აღნიშნა მან.
ფოტოზე მინაწერი ამბობს, რომ ბუჩქებს ამოფარებული მაკინენი ფოტოს გადაღებას ცდილობდა, მაგრამ გამვლელების დანახვაზე იძულებული ხდებოდა კამერა დაემალა.
საბჭოთა პოლიციის ცნობით, დაპატიმრებისას მაკინენი შეეცადა ფოტოაპარატი გაეხსნა და ფირები გაენადგურებინა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს.
მაკინენმა თქვა, სასამართლოს მოლოდინში მივხვდი, სასჯელს თავიდან ვერ ავიცილებდი, სუკს ჩემთვის ძალიან ბევრი ფოტო ჰქონდა გადაღებულიო. „ამასთან მე მოგროვებული მქონდა საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფორმაცია, რაც ჩვეულებრივი ტურისტისთვის დამახასიათებელი არაა“.
მაკინენი, რომელსაც 22 წელი სწორედ სასამართლოს წინაშე წარდგომისას შეუსრულდა, შესაძლოა სიკვდილით დაესაჯათ. საშინელი სტრესის შემდეგ, რომელიც მან დაკითხვებისას გადაიტანა, სამხედრო ტრიბუნალმა მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მაკინენმა სამი თვე სამარტოო საკანში მოიხადა. 1963 წლის ოქტომბერში პატიმრების გაცვლისას ის გაათავისუფლეს და უკან აშშ-ში გააგზავნეს.
შემდეგ წლებში მაკინენი ცდილობდა გაერკვია, თუ რა ბედი ეწია შვედ დიპლომატს, რაულ ვალენბერგს, რომელზეც ფიქრობენ, რომ ჰოლოკოსტის დროს ათასობით ებრაელი გადაარჩინა და რომელიც მაშინ გაუჩინარდა, როდესაც მას საბჭოთა კავშირის სამხედროები იცავდნენ.
მაკინინმა თქვა, რომ ციხეში ყოფნის დროს პატიმრები ჰყვებოდნენ, რომ ნანახი ჰყავდათ ვალენბერგი 1947 წლის შემდეგ, თუმცა საბჭოთა კავშირი ირწმუნებოდა, რომ ის ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო.