ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ბრალი აღიარა

თბილისში, ფიქრის გორაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას საქმეზე დაკავებული ალეკო ჭელიძე ამბობს, რომ დანაშაული მისი ჩადენილია. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

"მე თავს ვცნობ დამნაშავედ, ოღონდ ნაწილობრივ. ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად", - თქვა ალეკო ჭელიძემ.

მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

"ჩემთვის გაუგებარია და წარმოუდგენელია, როგორ უნდა ატაროს ერთდროულად ორმა ადამიანმა ერთი იარაღი. გაუგებარიც არის და აბსურდულიც... მე დამნაშავე ვარ, რომ არ წავედი პოლიციაში და მომხდართან დაკავშირებით არ განვაცხადე", - თქვა მან სასამართლო სხდომაზე.

15 სექტემბერს თბილისში, ფიქრის გორაზე, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 და 236-ე მუხლებით დაიწყეს. ამ მუხლებით განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

ამ საქმეზე 7 ოქტომბერს გიორგი კავილაძე და აკო (ალეკო) ჭელიძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ნიკოლოზ კვარაცხელიაზე თავდამსხმელები არიან 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ. ისინი მკვლელობის დღეს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ და თავიდანვე ჰქონდათ განზრახული კვარაცხელიას მოკვლა. კვარაცხელიას თავდამსხმელები ნაქირავები ავტომანქანით ჩაუსაფრდნენ ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლთან და როცა ის გამოჩნდა ქუჩაში, 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მანქანითვე მიიმალნენ.