პოლიციელი, რომლის გასროლასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია

2020 წლის აღდგომის დღეს, მთვრალმა პოლიციელმა, თბილისში, სახლის აივნიდან სამსახურებრივი იარაღიდან გასროლით, შემთხვევით მეზობელ კორპუსში მცხოვრები 50 წლის ქალი მოკლა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციელს საქალაქო სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ბრალი შეუმსუბუქდა და საპატიმრო 1 წელსა და 3 თვეში დატოვა.

აქ მოგიყვებით, როგორ გათავისუფლდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პოლიციელი ციხიდან 15 თვეში და რა როლი ითამაშეს სასჯელის შემსუბუქებაში პროკურატურამ, სასამართლომ და ეკლესიამ.

გასროლა კომენდანტის საათის დროს

2020 წლის 19 აპრილს, აღდგომის დღის საღამოს, დაახლოებით 9 საათზე, თამარ ანთელავა ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში, მე-7 სართულზე ბინის ერთ-ერთ ოთახში მოხუც დედასთან ერთად იყო. ამ პერიოდში თბილისში კოვიდ პანდემიის გამო კომენდანტის საათი მოქმედებდა, ქუჩებში მოძრაობა არ შეიძლებოდა და თბილისელების უმრავლესობა სახლიდან არ გადიოდა.

50 წლის ქალი მუხლებზე ლეპტოპით დივანზე იჯდა, როდესაც აივნის ფანჯრიდან შევარდნილი ტყვია კეფაში მოხვდა. უცნაურ ხმაურზე ოთახში შესულ ოჯახის წევრებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

საბედისწერო გასროლის ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა.
გარდაცვლილი თამარ ანთელავა მომღერალ თიკა მახალდიანის დედა აღმოჩნდა. მედიასა და სოციალურ ქსელებში ხალხი მკვლელის მკაცრად დასჯას ითხოვდა.

მალევე გაირკვა, რომ იმ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი სიმონ (სოსო) გაბრიაძე, საკუთარ ბინაში, მეგობრებთან ერთად აღდგომას აღნიშნავდა. მთვრალი აივანზე გავიდა და “ვიკინგის” (Mр-446) ტიპის სამსახურებრივი იარაღით უმისამართოდ 13-ჯერ ისროლა, ერთ-ერთი ტყვია მისი კორპუსიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარე კორპუსის აივნის ფანჯარაში შევარდა და ქალი მოკლა.

ასევე ნახეთ ბრმა ტყვია, დაკავებული პოლიციელი და მკვლელობა კომენდანტის საათის დროს

პროკურატურის ორჯერ შეცვლილი ბრალდება

მთავარმა პროკურატურამ პირველი განცხადება ქალის გარდაცვალებიდან მეორე დღეს, 2020 წლის 20 აპრილს გაავრცელა. პროკურატურა წერდა, რომ ქალი პოლიციელის ტყვიამ იმსხვერპლა და დეტალებს იძიებდნენ. იმავე განცხადებაში ეწერა, რომ პროკურატურამ პოლიციელი სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, ბრალდებულის სტატუსით დააკავა.
116-ე მუხლი შედარებით მსუბუქ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და გულისხმობს “სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით”. ამ მუხლით გასამართლებულებისთვის მაქსიმალური სასჯელი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

პროკურატურის ამ განცხადებას გარდაცვლილის ახლობლების და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა, სხვადასხვა მედიით და სოციალური ქსელით მოქალაქეები წარდგენილი მუხლის სასჯელის სიმცირეს აპროტესტებდნენ და პოლიციელის მკაცრად დასჯას ითხოვდნენ.
მეორე დღეს 21 აპრილს განცხადება გაავრცელა გარდაცვლილის შვილის, თიკა მახალდიანის მეუღლემ თემო პირველაშვილმა, მანაც სამართალდამცავებს ზუსტი და სამართლიანი მიდგომისკენ მოუწოდა.

21 აპრილს მთავარმა პროკურატურამ მეორე განცხადება გაავრცელა, სადაც უკვე 116-ე მუხლის ნაცვლად, მძიმე 108-ე მუხლი ფიგურირებდა. პროკურატურა წერდა, რომ დაკავებულ პოლიციელს 7 დან 15 წლამდე პატიმრობა ელოდა.

ამის შემდეგ დაკავებული პოლიციელი 22 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ თანამდებობიდან გაათავისუფლა და წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოგვიანებით, 2020 წლის ივლისში, პოლიციელის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ უარი უთხრა და ამის შემდეგ საქმის სასამართლო განხილვები მედიას აღარ გაუშუქებია.

8 წლიანი სასჯელი

ბრმა ტყვიით 50 წლის ქალის სიკვდილის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ 108 -ე მუხლით განიხილა.

2021 წლის იანვარში მომღერალმა თიკა მახალდიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დედამისის მკვლელობისთვის პოლიციელ სოსო გაბრიაძეს სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

1 წლის შემდეგ, 2021 წლის აპრილში, მომღერალმა "რუსთავი 2-ის" ერთ-ერთ გადაცემაში ახსენა, რომ მკვლელისთვის პატიებაზე ფიქრობს და ამაში მას მისი სულიერი მოძღვარი დეკანოზი შალვა კეკელია ეხმარება, თუმცა მედიას აღარ გაუგრძელებია ეს თემა და შესაბამისად აღარც ის გახმაურებულა, აპატია თუ არა გარდაცვლილის ოჯახმა მკვლელს დანაშაული.

რადიო თავისუფლებისთვის ექსკლუზიურად მიწოდებული ინფორმაციით, პოლიციელი სოსო გაბრიაძე დაკავებიდან 15 თვეში, 2021 წლის ივლისში ციხიდან გაათავისუფლეს.

ამასვე ადასტურებს სოციალურ ქსელში სექტემბერში მისი და მისი მეუღლის გამოქვეყნებული ფოტოები. სურათებზე ჩანს, რომ ოჯახი საქართველოს ერთ- ერთ საზღვაო კურორტზე იმყოფება.

თიკა მახალდიანის ოჯახმა გაბრიაძის გათავისუფლების შესახებ დაზუსტებით რადიო თავისუფლებიდან შეიტყო, მახალდიანის მეუღლემ გვითხრა, რომ ამის შესახებ ყურმოკვრით იცოდა, თუმცა დადასტურებული ფაქტი და ციხიდან გამოსვლის დრო არ იცოდნენ.

ოჯახისთვის ბოლო ოფიციალური ინფორმაცია იყო, რომ გაბრიაძეს საქალაქო სასამართლომ 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობისთვის 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ოჯახში მსჯელობდნენ გაეპროტესტებინათ თუ არა საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და მოეთხოვათ თუ არა მკვლელისთვის მეტი წლით პატიმრობა.

[მამა შალვამ] ასე უთხრა ჩემს მეუღლეს...შენ ხომ იცი, რომ განზრახ არ გაუკეთებია და რატომ უნდა მიესაჯოს 15 წელიო, სწორად შეხედე, ქრისტიანულადო.
თემო პირველაშვილი

“პროკურატურა თავიდანვე ითვალისწინებდა ჩვენი ოჯახის აზრს, რისთვისაც მადლობელი ვარ. 8 წელი რომ მიუსაჯეს, შემდეგ პროკურატურამ შემოგვითვალა ადვოკატის პირით, რას ვაპირებდით, 2-3 დღე იყო დარჩენილი პასუხის გაცემამდე, როცა თიკა და ოჯახის წევრები მივედით ეკლესიაში მამა შალვასთან, ძალიან დიდი როლი ითამაშა მამაომ, ასე უთხრა პირდაპირ ჩემს მეუღლეს - შენ ნუ მიიღებ იმ კაცის 15 წლით დასჯაში პირდაპირ როლსო, შენ ხომ იცი, რომ განზრახ არ გაუკეთებია და რატომ უნდა მიესაჯოს 15 წელიო, სწორად შეხედე, ქრისტიანულადო. ამ საუბარმა დიდი როლი ითამაშა და აღარ გავაპროტესტეთ, ჩვენი მხრიდან ამ საქმეში მონაწილეობა ამით დასრულდა“, -უთხრა რადიო თავისუფლებას გარდაცვლილის სიძემ თემო პირველაშვილმა.

შალვა კეკელია

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა კეკელია რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ტრაგედიის შემდეგ, თიკა მახალდიანი მისი მრევლის წევრი გახდა, მასთან ტაძარში ხშირად მიდიოდა დაკავებული პოლიციელის მეუღლეც.

“ტაძარში სიარულით, საუბრით თიკამაც ნელ-ნელა შეცვალა პოზიცია ამ ოჯახის მიმართ. მე ის ოჯახიც გავიცანი, ცოლი გავიცანი, მისი ახლობლები გავიცანი, საშინელი რამ შეემთხვა ამ ბიჭს.

მე პირდაპირ ესე არ ვერეოდი, მაგრამ თიკას ხშირად ვესაუბრებოდი, ვეუბნებოდი, რომ ეს არ იყო გამიზნულად ჩადენილი დანაშაული, რომ ადამიანმა განზრახ რაღაცა საშინელება ჩაიდინა, ყველას შეიძლება მსგავსი რაღაც დაემართოს.

თიკამ ღვთის მადლით გაიგო ეს ყველაფერი და მერე შეძლო ეპატიებინა და მიანდო ღმერთს ეს ყველაფერი. ეს უფრო თიკას დამსახურებაა, შეძლო სულიერად სწორად გაეაზრებინა ყველაფერი, ჩემი დამსახურება არაფერი არ არის“, - უთხრა “რადიო თავისუფლებას” დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

თიკამ ღვთის მადლით შეძლო ეპატიებინა ... ჩემი დამსახურება არაფერი არ არის
დეკანოზი შალვა კეკელია

როგორ შემცირდა 8 წელი 15 თვემდე?

ამ კითხვაზე არ პასუხობენ ყოფილი მსჯავრდებული პოლიციელი და მისი ოჯახი, მათმა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურთ.

გარდაცვლილის ოჯახის წევრმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ისინი შეგუებული იყვნენ, რომ პოლიციელი 8 წელს არ გაატარებდა ციხეში, თუმცა მის ასე სწრაფად გამოშვებას არ ელოდნენ. “იყო საუბარი, რომ სააპელაციოში ბრალს შეუმსუბუქებდნენ და გამოუშვებდნენ, მე ამის შესახებ გარდაცვლილის შვილებსაც ვესაუბრე, მათ არანაირი რეაქცია აღარ ჰქონდათ“, - ამბობს გარდაცვლილის სიძე.

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, პროკურატურამ 8 წლიანი სასჯელი არ გაასაჩივრა, განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა.

სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 27 აპრილის განაჩენით სიმონ გაბრიაძეს ბრალდების მუხლი შეუმსუბუქა, 108-ე შეუცვალა 116-ე მუხლით და 8 წლიანი სასჯელი გააუქმა. სასამართლომ ყოფილ პოლიციელს 1 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე 1 წლით და 3 თვით პირობითი სასჯელი დააკისრა.

ასევე ნახეთ პროკურატურის პასუხები რადიო თავისუფლებას

რადიო თავისუფლებას მთავარ პროკურატურაში უთხრეს, რომ პროკურატურა 8 წლიან სასჯელს ეთანხმებოდა, ამიტომაც სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის შემსუბუქება მათ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დაუშვებლად ცნო.

რადიო თავისუფლება ამ საქმის სამართლებრივ მხარეზე რამდენიმე იურისტს ესაუბრა, მათი უმრავლესობა ამბობს, რომ ეს დანაშაული თავიდანვე არ შეიძლებოდა განზრახ მკვლელობად ჩათვლილიყო და პროკურატურის მხრიდან ამ ბრალის წარდგენა უფრო საზოგადოებრივი აზრის გავლენით აიხსნება.

მნიშვნელოვანი საკითხია მსუბუქი სასჯელი - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 116-ე მუხლისთვისაც კი მსუბუქია, ეს მუხლი 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს სასამართლომ კი მხოლოდ 15 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. რა ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო სასამართლო სასჯელის შემსუბუქებისას უცნობია, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი რადიო თავისუფლებისთვის ხელმიუწვდომელია.

საბოლოოდ, პოლიციელმა, რომელმაც დაარღვია ტაბელური იარაღის შენახვის და მოხმარების წესები, უმისამართოდ ისროლა 13 ტყვია და ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საპატიმროში 1 წელზე ცოტა მეტი გაატარა.